Facebook Twitter

საქმე N330100121005057997

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №53აპ.-23 19 აპრილი, 2023 წელი

დ–ე დ., №53აპ.-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. დ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. დ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (განზარახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 9 აგვისტოს, დაახლოებით 18:40 საათზე, ქ.თ–ში, .........ის პირველი შესახვევი N..-ში მდებარე მ. მ–ს საცხოვრებელ სახლში, დ. დ–მ მოკვლის განზრახვითა და განსაკუთრებული სისასტიკის გამოჩენით, დანით ღია და შემავალი ჭრილობების სახით, მრავლობითი დაზიანება მიაყენა მ. მ–ს მუცლის, გულ-მკერდის, ზურგის, მხრის, მკლავების, ხელის მტევნების, საფეთქლისა და კეფის არეში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 აპრილის განაჩენით დ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დ. დ–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 75 დღით და სასჯელის ზომად განესაზღვრა - 16 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. კ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა, დ. დ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და სასჯელის ამ მუხლის სანქციის ფარგლებში განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 30 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. დ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. კ–მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა - დ. დ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირება და სასჯელის ამ მუხლის სანქციის ფარგლებში განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ დ. დ–ს ჰქონდა მ. მ–ს მოკვლის განზრახვა. მ. მ–ე იყო მისი თანამშრომელი და პარტნიორი, რომელთანაც ჰქონდა ახლო და კარგი დამოკიდებულება, თუმცა ბოლო პერიოდში მათი ურთიერთობა დაიძაბა, რის გამოც დ. დ–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. 2021 წლის 9 აგვისტოს დ. დ–მ სესხის დაბრუნების მოთხოვნით სახლში მიაკითხა დაზარალებულს, რომელმაც უთხრა უარი და მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ასეთი ქცევის გამო დ. დ–მ გადაწყვიტა ტკივილი მიეყენებინა მ. მ–სთვის, რომელსაც მისივე სამზარეულოს დანა გაუსვა სხეულის სხვადასხვა ადგილას. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის სხეულზე არსებული ჭრილობები არ არის მიყენებული დანის დარტყმით, ისინი განვითარებულია დანის გასმით, რაც ადასტურებს, რომ დ. დ–სეს ამოძრავებდა დაზარალებულისთვის მხოლოდ ტკივილის მიყენება და არა მისი მოკვლა. მას რომ მოკვლის განზრახვა ჰქონოდა თავისუფლად შეძლებდა მის სისრულეში მოყვანას, მაგრამ ეს არ გააკეთა. კასატორი ასევე უთითებს, რომ დაზარალებული კლინიკაში იმყოფებოდა 5 დღეზე ნაკლები ვადით და გაწერიდან მეორე დღეს გამოცხადდა სამსახურში, აღნიშნული კი ადასტურებს, რომ მას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები არ მიუღია.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. დ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სსკ-ის 2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას დ. დ–ს ქმედების 117-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2021 წლის 9 აგვისტოს, დაახლოებით 18:40 საათზე, ქ.თ–ში, ........ი შესახვევი N..-ში მდებარე მ. მ–ს საცხოვრებელ სახლში დ. დ–მ დანის გამოყენებით, მუცლის, გულმკერდის, ზურგის, მხრის, მკლავების, ხელის მტევნების, საფეთქლისა და კეფის არეში, ღია და შემავალი ჭრილობების სახით, მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა მ. მ–ს. თუმცა, კასატორი არ ეთანხმება მსჯავრდებულისთვის ბრალად შერაცხული ქმედების კვალიფიკაციას და მიაჩნია, რომ დ. დ–ს არ ჰქონდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა და მას ემოციური მდგომარეობის საფუძველზე სურდა მ. მ–სთვის მხოლოდ ტკივილის მიყენება.

5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის N309აპ-19 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია: ,,საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მკვლელობის მცდელობისაგან განზრახვის მიმართულებით განსხვავდება, კერძოდ: თუ პირმა მოკვლის მიზნით დააზიანა სხვა პირის ჯანმრთელობა, მაგრამ სასიკვდილო შედეგი არ დადგა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ასეთ შემთხვევაში გამოკვეთილია მკვლელობის მცდელობა და არა - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ანუ სწორედ განზრახვის ელემენტი განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ.“ ამასთან, აღსანიშნავია, რომ მკვლელობის განზრახვა შესაძლებელია წარმოიშვას დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული იმწუთიერი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უშუალოდ კონფლიქტის დროს და დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი არ არის განზრახვა დროის ხანგრძლივი ინტერვალით უსწრებდეს ქმედებას.

5.6. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ მ. მ–ს ჩვენებით დგინდება, რომ 2021 წლის 9 აგვისტოს, მასთან სახლში მივიდა დ. დ–ე, რომელმაც მას დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაზარალებულის განმარტებით, დ. დ–სე სახლში მას შემდეგ შევიდა, რაც დარწმუნდა, რომ მ. მ–ე იყო მარტო. ამ უკანასკნელმა დავითს უთხრა, რომ პოლიციაში დარეკავდა. ამ დროს დ. დ–მ იგი თმით შეათრია ოთახში და სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა დანა, მათ შორის გულ-მკერდის არეში. ასევე, სცადა ყელის გამოჭრაც, თუმცა დაზარალებულმა მას წინააღმდეგობა გაუწია და ხელით დაიცვა თავი. დანით ჭრილობების მიყენების გარდა მას დ. დ–მ რამდენჯერმე დაარტყა ფეხიც. იგი ითხოვდა შველას, თუმცა ყვირილზე დ. დ–ე მას მიათრევდა შიდა ოთახებში, რათა მეზობლებს მისი ხმა არ გაეგოთ. იგი ცდილობდა თავის დაღწევას, მაგრამ დ. დ–ე იჭერდა და დანით აყენებდა ჭრილობებს. ჯამურად მას დ. დ–სემ დაახლოებით ოცამდე ჭრილობა მიაყენა. დაზარალებულის განმარტებით, ბოლოს მისი ხმა დიასახლისმა გაიგო, რომელმაც შიგნით შესვლა ვერ გაბედა, მაგრამ კარიდან დაუყვირა დ. დ–ს, რომ თავი დაენებებინა დაზარალებულისთვის. ასევე, დაუძახა, რომ საპატრულო პოლიცია ჰყავდა გამოძახებული, რისიც შეეშინდა დ. დ–ს და დაანება თავი. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ დ. დ–ე დანით ჭრილობების მიყენებისას, მისი ტკივილისა და ტანჯვის დროს განიცდიდა სიამოვნებასა და კმაყოფილებას. რომ არა ეს ქალბატონი მას დ. დ–ე აუცილებლად მოკლავდა. დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია მოწმე დ. ბ–ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ მას თავიდან მოესმა რაღაც ხრიალი, შემდეგ კი დაინახა, რომ მ-ს სახლის კარი იყო შეღებული. ასევე დაინახა, რომ უცხო მამაკაცი მ-ს ტანსაცმლით მიათრევდა შიდა ოთახისკენ, რა დროსაც მარჯვენა გვერდში ურტყამდა ხელს, თუმცა ხელში რაიმე საგანი ეჭირა თუ არა მამაკაცს არ დაუნახავს. მას შეეშინდა და შიგნით ვერ შევიდა, თუმცა მამაკაცს კარიდან უყვიროდა, რომ მ-სთვის თავი დაენებებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში საპატრულო პოლიციას გამოიძახებდა. იგი 112-ში დასარეკად ავიდა მეორე სართულზე. უკან დაბრუნებულს კი მ. მ–ე ეზოში სისხლიანი დახვდა. ის ფაქტი, რომ დაზარალებულს მიყენებული ჰქონდა დაზიანებები დასტურდება მოწმე ნ. ჯ–ს ჩვენებითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 დეკემბრის ექსპერტიზის N.......... დასკვნით, რომლითაც დგინდება, რომ მ. მ–სეს აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები სხეულზე, კერძოდ: 4 ჭრილობა მარცხენა მხრის არეში, ჭრილობა მარცხენა ლავიწზედა მიდამოში, ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში, 2 ჭრილობა წელის პროქსიმალურ მესამედში - ერთი პარავერტებრალურ ხაზზე (სავარაუდოდ ეს უკანასკნელი შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში მარცხენამხრივი პნევმო-ჰემოთორაქსით; წარმოდგენილი CD დისკის შესწავლის შედეგად შემავალი ჭრილობაა სავარაუდოდ მარცხნივ Th11 დონეზე პარავერტებრულ ხაზზე ლოკალიზებული) და მეორე ჭრილობა სკაპულარულ (ბეჭის) ხაზზე, ასევე 2 ჭრილობა შუა აქსილარულ (იღლიის შუა) ხაზზე მე-10 ნეკნთაშუა არეში, ჭრილობა უკანა აქსილარულ ხაზზე მარცხენა თეძოს ფრთასთან, ჭრილობა მარცხენა იდაყვის არეში, ჭრილობები მარჯვენა მტევნის არეში ხელისგულის ზედაპირზე, ჭრილობა მესამე თითის პროქსიმალურ ფალანგზე, ჭრილობა მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე პირველი თითისკენ, ჭრილობა კეფის არეში და ჭრილობები (ორი ჭრილობა) მარჯვენა საფეთქლის არეში. ასევე მას კატე კვლევის დასკვნის თანახმად და წარმოდგენილი CD დისკების შესწავლით დაუდგინდა მარჯვნივ საფეთქლის ძვლის ქიცვის მოტეხილობა; ჩანაწერებში ასევე აღნიშნულია ერთეული ექსკორიაციები მარჯვენა ბეჭის, წელის არეში და კისრის უკანა ზედაპირზე; საფეთქლის ძვლის მოტეხილობა და მარცხენა პლევრის ღრუში შემავალი ჭრილობა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო; ხოლო დანარჩენი ჭრილობები (დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად ჭრილობები გაიკერა) იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით; ექსკორიაციები იზოლირებულად აღებულნი კი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ყოველივე ზემოაღნიშნული კი გამორიცხავს კასატორის პოზიციას, რომ დ. დ–მ მხოლოდ დანის დასმით მიაყენა დაზიანებები დაზარალებულს და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია დანის დარტყმას. მოცემულ შემთხვევაში დ. დ–ის მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საშუალება - დანა, ასევე, მის მიერ მიყენებულ დაზიანებათა რაოდენობა, განლაგება, ლოკალიზაცია, ხარისხი და სიმძიმე უტყუარად ადასტურებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს დ. დ–ე მოქმედებდა მ. მ–ის მოკვლის განზრახვით, თუმცა დაზარალებულის მიერ გაწეული წინააღმდეგობისა და დ. ბ-ს მიერ პოლიციის გამოძახების დაშინებით ხელის შეშლით ვერ შეძლო განზრხვის სისრულეში მოყვანა. გარდა ამისა, დ. დ–ის მხრიდან მ. მ–სთვის დანის გამოყენებით როგორც მსუბუქი ხარისხის მრავლობითი დაზიანებების, ასევე სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებების მიყენების ფაქტი ადასტურებს დროში გაწელილ მის ტანჯვას, კერძოდ, მრავლობითი (ოცამდე) დაზიანების მიყენების შედეგად მ. მ–ე განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს (ტანჯვას), რაც მიუთითებს, რომ დ. დ–მ შეგნებულად შეარჩია ისეთი ხერხი (დანით დასერვა - ღია ჭრილობები და დანის რამდენჯერმე დარტყმა სხეულის სხვადასხვა მიდამოში), რომელიც მსხვერპლში განსაკუთრებულ ტანჯვას გამოიწვევდა. ყოველივე ზემოაღნიშნული კი უტყუარად ადასტურებს, რომ დ. დ–ე მოქმედებდა განსაკუთრებული სისასტიკით დაზარალებულის მოკვლის განზრახვით.

5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ. დ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

5.8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე