საქმე N 330100120004131548
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1336აპ-22 3 აპრილი, 2023 წელი
კ–ი გ., №1336აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის, ასევე მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. კ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, რაც გულისხმობს პირადად, ტელეფონის საშუალებით არასასურველი კომუნიკაციის დამყარებასა და სხვა განზრახ ქმედებებს, რომლებიც სისტემატურად ხორციელდება, იწვევს დაზარალებულის ფსიქიკურ ტანჯვას და მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
დაახლოებით 6-7 წლის წინ მ. ფ–მ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო გ. კ–სი, რომელთანაც სამი წლის მანძილზე ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა, თუმცა 2017 წელს გაწყვიტა მასთან ყოველგვარი კავშირი და ქმარ-შვილთან ერთად განაგრძო ცხოვრება თ–ში, ჯ–ს მე-.. შესახვევი, კორპუს №..-ში მდებარე ბინა №..-ში. მიუხედავად იმისა, რომ დაშორების შემდეგ მ. ფ–ს აღარ სურდა ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობა და ამის შესახებ არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი გ. კ–სთვის, ეს უკანასკნელი მ. ფ–სთან ტელეფონის საშუალებით სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას და სთხოვდა შეხვედრას, შერიგებასა და სასიყვარულო ურთიერთობის აღდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებოდა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებით. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მ. ფ–მ შეიცვალა მისამართი და ოჯახთან ერთად გადავიდა თ–ში, ჯ–ს ქუჩის №..-ში მდებარე ბინა №..-ში, ასევე იცვლიდა ტელეფონის ნომრებს, გ. კ–სი არკვევდა აღნიშნულ ინფორმაციას და სისტემატურად უთვალთვალებდა დაზარალებულის საცხოვრებელ სახლს, სამსახურს და აკონტროლებდა მის ქუჩაში გადაადგილებას. გარდა ამისა, უკავშირდებოდა მ. ფ–სის ახლობლებს და ატყობინებდა მისი და მისი ყოფილი პარტნიორის ურთიერთობის შესახებ, რის შედეგადაც მ. ფ–ს უწევდა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა და განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის განაჩენით გ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 ლარი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის (2020 წლის 8 ოქტომბრიდან 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით) გათვალისწინებით ჯარიმა შეუმცირდა 150 ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 9850 ლარი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ბ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა, რომელმაც ითხოვა გ. კ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 6 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ბ–მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.3. 2022 წლის 7 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა, რომელმაც ითხოვა გ. კ–სისთვის უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორის, მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ–ს პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ გ. კ–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა, რომ მ. ფ–ს ცხოვრების წესი არ შეუცვლია. ასევე ის, რომ მ ფ–ეემ იმ საფუძვლით, თითქოს ჰქონდა სიმსივნე, გ. კ–სგან და მისი ოჯახისგან ნამდვილად ისესხა ფული, რაც ასევე დაადასტურა ბრალდების მხარის მოწმე შ. ხ–მ. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა ,,ფეისბუკის“ ე.წ. ,,სქრინი“ და განმარტა, რომ გ. კ–სი სოციალური ქსელით, მესამე პირების მეშვეობით კვლავ აგრძელებდა მ. ფ–სის შანტაჟს, რაც სასამართლომ არ გაიაზიარა და წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეს არ დაურთო. ყოველივე ზემოაღნიშნული უტყუარად ადასტურებს, რომ მ. ფ–ე ყველანაირი ხერხით ცდილობდა რომ გ. კ–ს მისთვის არ მოეთხოვა ნასესხები თანხის, დაახლოებით 1500 ლარის უკან დაბრუნება. ამასთან, გარკვეული პერიოდი დაზარალებულმა და გ. კ–მა შეწყვიტეს ურთიერთობა, რომლის აღდგენის ინიციატორიც იყო მ. ფ–ე. მოწმე გ. ზ–ს ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი გ. კ–სს ტელეფონით ესაუბრა 2016 ან 2017 წელს. გამოკვლეული მტკიცებულებებით კი დადგინდა, რომ მ ფ–ეემ გ. კ–სგან თანხა ისესხა და მობილური ტელეფონი მიიღო ამ პერიოდის შემდეგ - 2019 წელს. მოგვიანებით, გ. კ–მა და მისმა ოჯახმა გაიგო, რომ მ. ფ–მ იცრუა ავადმყოფობის შესახებ, რის გამოც მას ნასესხები თანხის უკან დაბრუნებას სთხოვდნენ. გარდა ამისა, არ დასტურდება, რომ 2019 წელს მ. ფ–მ შეცვალა ტელეფონის ნომერი. ის ნომერი, რომლითაც მ ფ–ეე სარგებლობს არის კორპორატიული, რომელზეც კვლავ უკავშირდებოდნენ მოწმეები. თუ მ. ფ–ე ადრე სხვა ნომრით სარგებლობდა ბრალდების მხარეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ ნომრიდან გ. კ–სთან კომუნიკაციას, ან არასასურველი მოკლეტექსტური შეტყობინებების მიღებას. ვინმე ბ., იგივე ჯ. ლ–ი არის მოწმე ს. ნ–ს მეუღლე და მუშაობს პოლიციაში, სწორედ მისი მეშვეობით დაუკავშირდა მ. ფ–სე გ. კ–ს. ბ-მ გააფრთხილა გ. კ–ი, რომ მ. ფ–სთვის ნასესხები ფული არ მოეთხოვა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გ. კ–ი თანხას რიცხავდა მ. ფ–ის თხოვნით და არა მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარების მოტივით. კასატორი ასევე უთითებს, რომ მ. ფ–ე ოჯახთან ერთად ქირით ცხოვრობდა სამსახურისგან ოდნავ მოშორებით, შემდეგ კი საცხოვრებლად გადავიდა სამსახურთან ახლოს, რაც მას და ბავშვებს უქმნის მეტ კომფორტს. ბრალდების მხარეს კი არ დაუდგენია ბინის შეცვლა ხომ არ გამოიწვია ბინის მესაკუთრის მოთხოვნამ, ვინაიდან მისი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს იმავე უბანში, სადაც მანამდე ცხოვრობდა. ამასთან, წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გ. კ–მა მას მიაკითხა სახლთან. შრომის წიგნაკით დასტურდება, რომ გ. კ–ი მუშაობდა ვ-ში მდებარე სამშენებლო ობიექტზე, რის გამოც უწევდა ამ ტერიტორიაზე გადაადგილება. კასატორის პოზიციით, გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ მ. ფ–მ დროებით გააუქმა ,,ფეისბუკზე“ არსებული ანგარიში ან გ. კ–სმა გადასცა საერთო ,,ფეისბუკის“ მონაცემები, რომლითაც უნდა ეკონტაქტათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაუვრცელებდა ვიდეოებს, ოღონდ რომელს დაზარალებულმა ვერ მიუთითა. დაზარალებულის განმარტებით, მან მეუღლეს ყველაფერი 2020 წელს უამბო, რის შემდეგაც გ. ზ–სა და გ. კ–ს შორის მოხდა შელაპარაკება. აღნიშნული ეწინააღმდეგება გ. ზ–იის ჩვენებას, ვინაიდან მოწმემ განმარტა, რომ მას გ. კ–სთან 2016, 2017 ან 2018 წლებში ჰქონდა კომუნიკაცია. აღსანიშნავია, რომ მ ფ–ს თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით არ გამოკითხულან მისი არასრულწლოვანი შვილები და წარმოდგენილი არ არის სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც მიუთითებს, რომ აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. მოწმე ე. მ–მა ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ წლების წინ გ. კ–სთან ჰქონდა მიმოწერა, რომელიც არ დაუბლოკავს და არ წაუშლია. მას შემდეგ გ. კ–ს მასთან კომუნიკაცია არ დაუმყარებია. ბრალდების მხარეს კი ეს მიმოწერა სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, როგორც გაირკვა გამომძიებელმა მოწმეს გასაცნობად გადაუგზავნა გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რაც წარმოადგენს საპროცესო ნორმათა დარღვევას, რის გამოც მისი ჩვენება არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. კასატორი ასევე უთითებს, რომ ექსპერტი ხელმძღვანელობდა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით და არ გამოუკვლევია რა აყენებდა მ ფ–ს ფსიქოლოგიურ ტაჯვას, ის, რომ მეუღლეს ატყუებდა და მისგან მალულად ამყარებდა გ. კ–სთან ურთიერთობას, თუ ის, რომ გ. კ–სი მასთან ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას. მოწმე ს. ნ–მა კი სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, რის გამოც იგი არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. ამასთან, სასამართლოს მსჯელობა, რომ გ. კ–ს ქმედება გრძელდებოდა 2017 წლიდან 2020 წლამდე არის არასწორი. კასატორი ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის N567აპ გადაწყვეტლებაზე და განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით სასამართლოს გ. კ–ს მიმართ უნდა გამოეტანა გამამართლებელი განაჩენი.
4.2. კასატორის, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის პოზიციით, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს, მაგრამ გ. კ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ გ. კ–სის მიერ განხორციელებულ თვალთვალსა და სატელეფონო ზარებს ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რის გამოც მ. ფ–ს ეშინოდა ქუჩაში თავისუფლად სიარულის. გარდა ამისა, გ. კ–სი ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა მასზე, რაც იწვევდა დაზარალებულის ფსიქიკურ ტანჯვას და სტრესს, გ. კ–ი საქმის არსებითი განხილვისასაც განაგრძობდა დაზარალებულთან არასასურველ კომუნიკაციას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას გ. კ–ს უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ მ. ფ–ს ჩვენებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ ჰყავს მეუღლე და შვილები. 2013 წელს სოციალური ქსელით გაიცნო გ. კ–ი, რომელთანაც შემდეგ ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა და ხვდებოდნენ ნაქირავებ ბინაში. ამ დროს მას მეუღლესთან ჰქონდა არეული ურთიერთობა, რომელიც დაალაგა 2017 წელს, რის გამოც გ. კ–ს უთხრა, რომ უნდა დაშორებულიყვნენ. მისგან გ. კ–ი მოითხოვდა, რომ ქმართან ცხოვრების პარალელურად მასთანაც უნდა ყოფილიყო, რაზეც არ თანხმდებოდა. აღნიშნულის გამო მას გ. კ–ი ემუქრებოდა, აშანტაჟებდა და ეუბნებოდა, რომ თუ არ შეხვდებოდა, ყველას, მათ შორის მის მეუღლეს, ახლობლებს, ნათესავებს და თანამშრომლებს გააგებინებდა მათი ურთიერთობის შესახებ. ამასთან, გ. კ–ი აკითხავდა სახლთან და ხვდებოდა სადარბაზოსთან. გ. კ–მა იცოდა, რომ ეს ყველაფერი მას ცუდ მდგომარეობაში აყენებდა, მაგრამ ამას მაინც აკეთებდა, რის გამოც არაერთხელ სცადა თვითმკვლელობა. იგი იძულებული იყო დასთანხმებოდა გ. კ–ს მოთხოვნებს და მას ხალხმრავალ ადგილებში ხვდებოდა. დაზარალებულის განმარტებით, იმის გამო, რომ სახლთან გ. კ–ს დახვედრები იყო გაუსაძლისი 2018 წელს შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, მობილური ტელეფონის ნომერი და დროებით გააუქმა სოციალური ქსელი, თუმცა გ. კ–სმა მაინც გაიგო მისი სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი. 2019 წელს გ. კ–სი მას ურიცხავდა თანხებს, რომელთა მიღებაც არ სურდა. იგი გ. კ–ს ეუბნებოდა, რომ დაუბრუნებდა, რის გამოც ემუქრებოდა, რომ ჰქონდა ვიდეოჩანაწერები, რომლებსაც მის მეუღლეს აჩვენებდა, თუმცა რა ვიდეო ჩანაწერზე იყო საუბარი არ იცის. დაზარალებულის განმარტებით, მას აქვს ონკოლოგიური დაავადება, თუმცა ამისთვის ფული გ. კ–სთვის არ მოუთხოვია და არც მის მიერ დარიცხული თანხები გამოუყენებია, რადგან ბანკში ჰქონდა ცუდი საკრედიტო ისტორია და თანხებს ბანკი აკავებდა. გ. კ–სი დადიოდა მის ახალ სახლთანაც და დაჰყვებოდა უკან. დაბადების დღეზე იგი რესტორან „ლაზურთან“ შეხვდა გ. კ–ს, რომელმაც მას გადასცა მობილური ტელეფონი, რომლის მიღებაც არ სურდა, მაგრამ გ. კ–სი დაემუქრა, თუ არ წაიღებდა მის ქმარს ყველაფერს ეტყოდა და მის ქმარს სამსახურიდანაც გაათავისუფლებნებდა და დააჭერინებდა. მოგვიანებით მას გ. კ–მა გადასცა საერთო „ფეისბუკ“ ანგარიში, სადაც მხოლოდ ისინი შეძლებდნენ კონტაქტს და უარის თქმის შემთხვევაში კვლავ დაემუქრა. მან თვითმკვლელობა ახალ ბინაში გადასვლის შემდეგაც სცადა. გ. კ–ი „ფეისბუკის“ საშუალებით ეკონტაქტებოდა დაზარალებულის მამიდაშვილს - ე. მ–ს და ეუბნებოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა მ. ფ–ს გასანადგურებლად. ასევე, კონტაქტი ჰქონდა დაზარალებულის თანამშრომლებთან და მოსწავლეების მშობლებთან, რომელთა „ფეისბუკზეც“ აქვეყნებდა მ. ფ–სის შეურაცხმყოფელ პოსტებს. იგი ამ პერიოდში იყო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, ოჯახშიც დაეძაბა სიტუაცია და იძულებული გახდა 2020 წელს მეუღლისთვის ყველაფერი ეამბო. ამის შემდეგ მის მეუღლესა და გ. კ–ს ტელეფონზე მოუხდათ შელაპარაკება, რადგან გ. კ–სი ურეკავდა და მოითხოვდა მის მიერ დარიცხული თანხების უკან დაბრუნებას. გ. კ–სმა დაზარალებულის მეუღლეს უთხრა, რომ იყო გ. კ–ი, უყვარდა მისი მეუღლე და მალე ის მისი ცოლი გახდებოდა. დაზარალებულის განმარტებით დაშორებიდან 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა გ. კ–სის მხრიდან ასეთი ქმედებები, რამაც მას მძიმე ტრავმა მიაყენა. დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია მოწმეების ს. ნ–სის, გ. ზ–ს, შ. ხ–სა და ე. მ–ს ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს, რომ როგორც მათთვის დაზარალებულისგან არის ცნობილი გ. კ–სი ემუქრებოდა და აშანტაჟებდა მ. ფ–ს, რომ თუ არ შეხვდებოდა გაუვრცელებდა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას, ურეკავდა სისტემატურად, აიძულებდა საერთო „ფეისბუკის“ მეშვეობით ჰქონოდა მასთან კონტაქტი, აკითხავდა სახლთან, ხვდებოდა სადარბაზოსთან, სამსახურთან, დაჰყვებოდა ქუჩაში გადაადგილების დროს და მისი ნებართვის გარეშე ურიცხავდა თანხას. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ მოწმე გ. ზ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ მას გ. კ–სთან რამდენჯერმე ჰქონდა არასასიამოვნო სატელეფონო საუბარი, რომ თავი დაენებებინა მისი მეუღლისთვის. ერთ-ერთი სატელეფონო საუბრისას, მას გ. კ–სმა უთხრა, რომ უყვარდა მ. ფ–ე და ის მალე მისი ცოლი გახდებოდა. აღნიშნული საუბრის შინაარსი ასევე დაადასტურა მოწმე ს. ნ–მა, რომელმაც განმარტა, 2020 წელს იგი შეესწრო, რომ გ. ზ–იი ,,ვოთსაფის“ მეშვეობით ესაუბრებოდა გ. კ–სს, რომელმაც უთხრა, რომ უყვარდა მ. ფ–ე და მალე მისი ცოლი გახდებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ გ. კ–ი მ. ფ–ის მიმართ ახდენდა თვალთვალს, ასევე, ტელეფონისა და სხვა (სოციალური ქსელის) საშუალების გამოყენებით ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას 2017 წლიდან, რაც გრძელდებოდა სისტემატურად სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვამდე. გარდა ამისა, გ. კ–ი უკავშირდებოდა მ. ფ–ს მეგობრებს, თანამშრომლებსა და ნათესავებს, რომლებსაც აწვდიდა ინფორმაციას მ. ფ–ს პირადი ცხოვრების შესახებ. აღნიშნულით გ. კ–ი ცდილობდა მ. ფ–ს მიეღო მასთან ურთიერთობის გადაწყვეტილება. დაზარალებულისა და მოწმე გ. ზ–ს ჩვენებით ასევე დადგინდა, რომ მ. ფ–მ გ. კ–ს მიერ სისტემატური არასასურველი კომუნიკაციის გამო შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N........ დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ მ. ფ–მ გ. კ–ს მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ამასთან, ექსპერტმა მ. ბ–მ დაადასტურა, რომ მ. ფ–სთან კლინიკური საუბრისას მიღებული ინფორმაცია იყო გამოძიებისას მიცემული ჩვენების იდენტური. მას მ. ფ–მ უთხრა, რომ გ. კ–სთან ჰქონდა ურთიერთობა, შემდეგ კი გადაწყვიტა მასთან დაშორება, რის გამოც გ. კ–სმა მასზე დაიწყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, ემუქრებოდა აშანტაჟებდა და აიძულებდა მასთან კვლავ ჰქონოდა სექსუალური კავშირი. ამ მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის გამო დაზარალებულმა სცადა თვითმკვლელობა.
5.5. მოწმე ს. ნ–ს ჩვენებითა და მისი 2020 წლის 2 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ის და მ. ფ–ე მიდიოდნენ ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მ. გაფითრდა. მ-მ უთხრა, რომ გაფითრება გამოიწვია მათ წინ გ. კ–ს გავლამ. ოქმში მითითებულია, რომ ეს მოხდა რამდენიმე თვის წინ. ამასთან, მოწმე ე. მ–მა სასამართლოს ჩვენება მისცა 2021 წლის 17 დეკემბერს და განმარტა, რომ სამი წლის წინ, აღდგომის დღეს მას პირველად დაეკონტაქტა გ. კ–ი. შემდეგ კი მ-სგან გაიგო, რომ იგი მას აწუხებდა. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ. კ–ს მხრიდან არასასურველ კომუნიკაციას ადგილი ჰქონდა 2017 წლის შემდეგ 2020 წლამდე.
5.6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ მოწმე შ.ა ხ-ს ჩვენებით დადგინდა, რომ გ. კ–ს მ. ფ–სთან მხოლოდ ვალის გამორთმევის გამო ჰქონდა ურთიერთობა. მოცემულ შემთხვევაში მოწმე შ. ხ-ემ დაადასტურა, რომ გ. კ–ს ქმედების გამო მ. ფ–ე თავის მოკვლასაც ფიქრობდა. ის, რომ გ. კ–ს სურდა მ. ფ–სისთვის ვალის გამორთმევა იცის გ. კ–სგან, თუმცა მისივე ჩვენებით დგინდება, რომ ამ საკითხზე დაზარალებული ეუბნებოდა ,,რა ფულს მთხოვსო?“. შესაბამისად, მოწმის ჩვენებით უტყუარად არ დასტურდება, ის ფაქტი, რომ გ. კ–სი მ. ფ–ს ეკონტაქტებოდა ვალის დაბრუნების მოტივით.
5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას დაცვის მხარის მოწმეების - ნ. და მ. მ–ებისა და ნ. ქ–ის ჩვენებების გაუზიარებლობის შესახებ და მიაჩნია, რომ მათი ჩვენებები მოტივირებულია გ. კ–სთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებით.
5.8. კასატორი ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის N567აპ გადაწყვეტილებაზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ მითითებულ გადაწყვეტილებაში მოყვნილი გარემოებები განსხვავდება განსახლველი საქმის ფაქტობრივი გარემოებებისგან.
5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. კ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
5.10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის პოზიციას გ. კ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გ. კ–ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. კ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში გ. კ–სთვის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს.
5.13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის, ასევე მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ–ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე