Facebook Twitter

საქმე N 330100122005699887

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №55აპ-23 11 აპრილი, 2023 წელი

მ-ე მ., №55აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. მ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცივი იარაღის ტარება, განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენით მ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

მ. მ–ე იყო რა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენით განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 2020 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 00:30 სათზე, თ–ში, .............ის ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა ცივ იარაღს - დანას, რომელიც მიმაგრებული ჰქონდა შარვალზე.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით მ. მ–ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარინე ლომიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 3 იანვარს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარინე ლომიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკმებრის განაჩენის გაუქმება, მ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. 2023 წლის 16 იანვარს მსჯავრდებულ მ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. გ–მ წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან მოწმეების - გ. შ–ს, ნ. კ–ს, ნ. კ–ს, დ. კ–ს ჩვენებები, პირადი და ნივთების გასინჯვის ოქმი, ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმი, ექსპერტიზის N... დასკვნა, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენი უტყუარად ადასტურებენ მ. მ–ს ბრალეულობას. მ. მ–ს დანა შარვლის წელში ჩამაგრებული ჰქონდა საკიდის გარეშე და იგი პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე ჩააცურა შარვლის ტოტში და მისი თავიდან მოშორების მიზნით სცადა დანის ავტომანქანის ქვეშ შეგდება, რაც ვერ შეძლო, რადგან დანა დაეცა მ. მ–ს ფეხებთან. კასატორი ასევე უთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამრთლოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მხოლოდ 2022 წლის მარტით დათარიღებული წერილები, თუმცა, საქმეში წარმოდგენილია იმავე შინაარსის 2022 წლის აპრილით დათარიღებული წერილები და პრობაციის ბიუროს 2020 წლის 11 ივნისის წერილი, რომლის საფუძველზეც არის მოპოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენი. აღნიშნული განაჩენი ასევე მოპოვებულია 2020 წლის 10 იანვრის მიმართვის წერილებითა და ამ წერილებზე 2020 წლის 11 და 12 იანვარს სააღსრულებო ბიუროსა და პენიტენციური დაწესებულების მიერ გაცემული პასუხებით. ამასთან, ის ფაქტი, რომ მ. მ–ე ნასამართლევია დასტურდება ნასამართლობის ცნობით, ბრალდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობით, შსს საინფორმაციო ბაზის მონაცემებითა და თბილისის პრობაციის ბიუროსა და პენიტენციური დაწესებულების ცნობებით. კასატორი ასევე უთითებს, რომ პატრულ-ინსპექტორების მიერ ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნა მოპოვებულია კანონის ფარგლებში, ვინაიდან ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალები გახდა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა მ. მ–ს ბრალეულობა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმებით, ასევე, მოწმეების - გ. შ–სა და ნ. კ–ს ჩვენებებით ირკვევა, რომ 2020 წლის 3 ივნისს, ღამის საათებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შენიშნეს ორი მამაკაცი, რომლებიც შეაჩერეს. მათ შორის ერთს, მ. მ–ს მათ დანახვაზე ჰქონდა მკვეთრი რეაქცია და ანერვიულდა. როდესაც მიუახლოვდნენ მ. მ–მ რაღაც საგანი ჩაიცურა შარვლის ტოტში და ძირს დააგდო - დანა, რომელსაც ფეხი წაკრა და შეეცადა გადაეგდო, ამასთან, მათ უწევდა წინააღმდეგობას, რის გამოც დააკავეს ადმინისტრაციული წესით. მოწმე გ. შ–მამ ასევე განმარტა, რომ დანის ფლობის ფაქტზე მ. მ–ს გამოვლენის დროს შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებიათ, ვინაიდან მოქმედებდნენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ირგვლივ, ამიტომ დაგდებული დანა აიღო, დაათვალიერა ვიზუალურად და დალუქა, რის შემდეგაც მიმართვით გადააგზავნა ექსპერტიზაზე. მოცემულ შემთხვევაში, მართალია მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მ. მ–მ შეჩერებისას ძირს დააგდო დანა, თუმცა მათი ჩვენებები არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებით, თვითონ მ. მ–ე კი შეჩერების მომენტიდანვე უარყოფდა ცივი იარაღის ტარებას და ამბობდა, რომ დანა მას არ ჰქონია. სხვა ნეიტრალური მტკიცებულება, მათ შორის სამხრე კამერების ჩანაწერები, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ან ბიოლოგიოური ექსპრეტრიზის დასკვნები, რაც დაადასტურებდა აღნიშნულ დანასთან მ. მ–ს ჰქონდა თუ არა შემხებლობა წარმოდგენილი არ არის.

5.4. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მართალია საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის N... დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის მიერ ექსპერტიზის მიმართვის საფუძველზე დანიშვნა ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, ექსპერტიზის ჩატარების შესახებ გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება და დაცვის მხარის მიმართვა სავალდებულოა საექსპერტო დაწესებულებისათვის, ექსპერტისათვის და იმ პირისათვის, რომელიც საექსპერტო კვლევის ობიექტია. შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილია სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზისთვის მიმართვის წესი, რაც განსხვავდება ადმინისტრაციული სამართალწარმოებისგან. მოცემულ შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორმა ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით ბიუროს გადაუგზავნა მიმართვა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლით გამოძიების დაწყების შემდეგ კი მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ არ შესულა. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული აღნიშნული მტკიცებულება საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

5.5. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ მ. მ–ეის ნასამართლობა დადგენილია სხვა მტკიცებულებებით, ამასთან, განაჩენი ერთვის სხვა მიმართვებს. მოცემულ შემთხვევაში მ. მ–ს ბრალი ედება მასში, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ნასამართლევი ატარებდა ცივ იარაღს, თუმცა ამ განაჩენის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობს მისი მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ბრალდების მხარის მიერ მისი მიღება ასეთი მტკიცებულების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება დაუშვებელია.

5.6. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მ. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.9. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე