საქმე N330100120003904665
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №87აპ.-23 19 აპრილი, 2023 წელი
მ–ი ტ., №87აპ.-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ტ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ტ. მ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, თ–ში, ..........ის ქუჩა №.., მე-.. კორპუსში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ტ. მ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. ო–ს, თ. ჩ–სა და ნ. ზ–ს. კერძოდ, ტ. მ–ი დაზარალებულებს დაემუქრა მოკვლით და მათი ნაწლავების მხრებზე ჩამოკიდებით. დაზარალებულებმა მუქარა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ივნისის განაჩენით ტ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ტ. მ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 23 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ტ. მ–მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ მის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. ამასთან, დაზარალებულები არიან ერთი ოჯახის წევრები, რომლებსაც მის მიმართ გააჩნიათ დაინტერესება და ცრუდ სდებენ ბრალს დანაშაულის ჩადენაში, რასაც ადასტურებს დაზარალებულ მ. ო–ს ჩვენება, რომ იგი წარსულში ტ. მ–სს რამდენჯერმე დაემუქრა ციხეში გაშვებით. მას მ. ო–ი ყოველთვის აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, შეურაცხყოფის მიყენების გამო იგი გააძევეს სხდომის დარბაზიდანაც. კასატორი ასევე უთითებს, რომ 2020 წლის 27 ივლისს კონფლიქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა იგი არავის დამუქრებია. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მოწმე თ. ო–ს გამოკითხვის ოქმი, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოწმეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, წლებია არის მწოლიარე ავადმყოფი და ვერ საუბრობს, შესაბამისად გაუგებარია როგორ მოხდა მისი გამოკითხვა და რა ფორმით მიაწოდა მან გამომძიებელს ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დაზარალებულთა და მოწმის ჩვენებები.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ტ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას ტ. მ–ს უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შეტყობინებაზე, რომლითაც დგინდება, რომ 2020 წლის 27 ივლისს 112-ში დარეკა მ. ო–მა და განაცხადა, რომ მეზობელი ემუქრება და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. იმავე დღეს, ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში შესული შეტყობინებით ირკვევა, რომ მ. ო–ს განცხადებით, მისი მეზობელი ტ. მ–ი მას და მის ოჯახის წევრებს სისტემატურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით. გარდა ამისა, დაზარალებულების - ნ. ზ-ის, მ. ო–სა და თ. ჩ–სის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2020 წლის 27 ივლისს ნ. ზ-თან სტუმრად იმყოფებოდნენ მ. ო–ი და თ. ჩ–ე შვილთან ერთად. ამ დროს ატყდა ბრახუნი და გაიგეს ხმა, რომ მეზობელი - ტ. მ–ი ღია ფანჯრიდან ილანძღებოდა და ემუქრებოდა მათ. შემდეგ გამოვიდა სადარბაზოში და კიბეებზე ასვლისას იმუქრებოდა მათი მისამართით, კერძოდ, ამბობდა რომ მათ ნაწლავებს კისერზე გადაიკიდებდა. მათ ტ. მ–ს მუქარა აღიქვეს რეალურად და მომხდარის შესახებ შეატყობინეს პოლიციას. მოწმე თ. ო–ს გამოკითხვის ოქმით კი დგინდება, რომ მის ოჯახთან წლების განმავლობაში კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ ტ. მ–სს, რომელიც მათ მუდმივად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2020 წლის ივლისის ბოლოს, მან გაიგო ტ. მ–ს მიერ მისი ოჯახის მიმართ გამოთქმული ლანძღვა-გინება და მუქარის შემცველი სიტყვები, რის გამოც გამოიძახეს პოლიცია. მართალია მოწმეებს - ხ. ტ–სა და ჯ. კ–ს არ გაუგიათ მუქარის ფაქტი, თუმცა მათ დაადასტურეს, რომ 2020 წლის 27 ივლისს ტ. მ–სა და დაზარალებულებს შორის მოხდა კონფლიქტი. ყოველივე ზემოაღნიშნული კი უტყუარად ადასტურებს ტ. მ–ს მიერ დაზარალებულებზე მუქარას, რაც მათ აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმის შესახებ, რომ დაზარალებულებს მის მიმართ აქვთ ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს დაზარალებულთა და მოწმის ჩვენებებში, ასევე სხვა მტკიცებულებების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. კასატორს კი არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც პალატას მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა. მის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და ვერ გახდება მათი ჩვენებების, ასევე წერილობითი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ამასთან, ის გარემოება, რომ მოწმე თ. ო–ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და უჭირს მეტყველება დაადასტურეს თვითონ დაზარალებულებმაც, თუმცა დაზარალებულმა მ. ო–მა განაცხადა, რომ იმ დროს როდესაც მოწმე გამოიკითხა იგი მეტყველებდა უკეთ და შესაძლებელი იყო მისი ნათქვამის აღქმა და გაგება, დღეს კი მისი მდგომარეობა არის დამძიმებული. შესაბამისად, არ არსებობს მოწმე თ. ო–ს გამოკითხვის ოქმის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ტ. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
5.7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ტ. მ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე