საქმე N 330100121004743967
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1355აპ-22 3 აპრილი, 2023 წელი
ო–ი გ., №1355აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ო–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ო–სი (პირადი ნომერი: ...............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზარახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 4 მაისს, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ. თ–ში, მ–ს გამზირ №..–ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ. ო–სა და ე. უ–ს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბით და შელაპარაკებით განაწყენებულმა გ. ო–მა განიზრახა ე. უ–ს მოკვლა. ამ მიზნით, შურისძიების მოტივით, ე. უ–ს თანნაქონი დანა დაარტყა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, რითაც მიაყენა კუჭის, მარცხენა ფილტვის, დიაფრაგმისა და ელენთის დაზიანება. ჩხუბის დროს, გ. ო–ი შეეცადა კიდევ დაერტყა დანა ე. უ–სთვის და ამ მიზნით მას რამდენჯერმე მოუქნია დანა, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, კერძოდ, ადგილზე შეკრებილმა ხალხმა არ მისცა მას ე. უ–ს მოკვლის შესაძლებლობა. ამის შემდეგ გ. ო–სი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ე. უ–სა გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 იანვრის განაჩენით გ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ო–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ბ–მ, რომელმაც დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. ო–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და სასჯელის ამ მუხლის სანქციის ფარგლებში განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 15 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ო–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ბ–მ, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა - გ. ო–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და სასჯელის ამ მუხლის სანქციის ფარგლებში განსაზღვრა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორთა პოზიციით, განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა გ. ო–ს მიერ დაზარალებულის განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას გ. ო–მა განმარტა, რომ 2021 წლის 4 მაისს იგი ლ. ფ–სა და ი. ფ–სთან ერთად მ–ს გამზირ N..-ის მიმდებარე ტერიტორიის გავლით მიდიოდა გზატკეცილისკენ, საიდანაც ტაქსით უნდა წასულიყვნენ სამსახურში. ამ დროს მას დახვდა წინა დღეს მასზე განაწყენებული, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ე. უ–სა, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ამ დროს დაზარალებულის მოგერიებისა და თავდაცვის მიზნით მან ჩანთიდან ამოიღო სამსახურის ხელსაწყოებთან ერთად მოთავსებული დანა, რომლითაც დაზარალებულს მიაყენა სხეულის დაზიანება. მან სააპელაციო სასამართლოშიც დაადასტურა, რომ ე. უ–ს დანით ნამდვილად მიაყენა დაზიანება, თუმცა უარყო მისი განზრახ მკვლელობის მცდელობა. მოწმეებმა - ლ. ფ–მ და ი. ჯ–მ, ასევე, დაზარალებულმა ე. უ–მ დაადასტურეს, რომ გ. ო–ს ნამდვილად დახვდა წინა დღით განაწყენებული, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული, რომელმაც მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გადაიზარდა ჩხუბში. აღნიშნული ასევე დასტურდება ვიდეო ჩანაწერებითა და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით. თუმცა სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმე გ. ჭ–ს ცრუ ჩვენება, თითქოსდა კონფლიქტის დროს იგი შესული იყო მაღაზიაში. სინამდვილეში იგი იმყოფებოდა ადგილზე და გ. ო–ს ცემაში ეხმარებოდა დაზარალებულს. გარდა ამისა ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ მოწმე ა. მ–ა არ არის მომხდარი ფაქტის თვითმხილველი, ვინაიდან იგი შეესწრო კონფლიქტის ბოლო მომენტს, რასაც ადასტურებს N.. ვიდეოჩანაწერი, რომელშიც 00:02:34 წამზე ვიდეოფირის მარჯვენა ზედა მხარეს, მაღაზიის ფანჯრიდან ჩანს როგორ გაიარეს გ. ო–სმა, ლ. ფ–მ და ი. ჯ–მ, რა დროსაც ა. მ–ია ზის სალაროსთან და აკეთებს საქმეს. 00:02:58 წამზე იმავე მარჯვენა მხარეს მაღაზიის ფანჯრიდან ჩანს, რომ გ. ო–სი და ე. უ–სა გააშველეს, ჩხუბისა და კონფლიქტის დასრულების შემდეგ მოწმე ა. მ–ი დგება და იხედება ფანჯრიდან. გ. ო–ს დაზარალებულის მოკვლა არ ჰქონდა განზრახული, ისინი არიან ნათესავები და დღეს ე. უ–ს მასთან პრეტენზია არ აქვს. კონფლიქტი წარმოიქმნა ყოფით ნიადაგზე და გ. ო–მა პასუხი უნდა აგოს ე. უ–სთვის მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენების გამო, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ო–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას გ. ო–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ გ. ო–მა ე. უ–ს დანით მიაყენა დაზიანება, მაგრამ არ ეთანხმება მსჯავრდებულისთვის ბრალად შერაცხული ქმედების კვალიფიკაციას და მიაჩნია, რომ გ. ო–ს არ ჰქონდა დაზარალებულის მკვლელობის განზრახვა.
5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის N309აპ-19 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია: ,,საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მკვლელობის მცდელობისაგან განზრახვის მიმართულებით განსხვავდება, კერძოდ: თუ პირმა მოკვლის მიზნით დააზიანა სხვა პირის ჯანმრთელობა, მაგრამ სასიკვდილო შედეგი არ დადგა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ასეთ შემთხვევაში გამოკვეთილია მკვლელობის მცდელობა და არა - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ანუ სწორედ განზრახვის ელემენტი განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ.“ ამასთან, აღსანიშნავია, რომ მკვლელობის განზრახვა შესაძლებელია წარმოიშვას დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული იმწუთიერი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უშუალოდ კონფლიქტის დროს. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი არ არის განზრახვა დროის ხანგრძლივი ინტერვალით უსწრებდეს ქმედებას.
5.6. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული და უდავო მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2021 წლის 4 მაისს, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ. თ–ში, მ–ს გამზირ №..–ის მიმდებარე ტერიოტორიაზე ე. უ–სა და გ. ო–ს შორის მოხდა შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ამ დროს გ. ო–მა ე. უ–ს თანნაქონი დანა განზრახ დაარტყა გულმკერდის მარცხენა ნახევარში. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 16 სექტემბრის ექსპერტიზის N.......... დასკვნით კი დადგენილია, რომ ე. უ–ს დაესვა დიაგნოზი: შეუღლებული თორაკო-აბდომინალური ღია ტრავმა, გულ-მკერდის მარცხენა ნახევრის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა (მარცხნივ მე-9 ნეკნის ქვედა კიდესთან, შუა ხაზზე) შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, მარცხენა ფილტვის ზედა წილის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა, მარცხენამხრივი ჰემო(პნევმო)თორაქსი, დიაფრაგმის მარცხენა თაღის გამჭოლი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა შემავალი მუცლის ღრუში, ელენთის ჭრილობა, კუჭის ჭრილობა შემავალი კუჭში, ჰემოპერიტონეუმი, შოკი მე-2 ხარისხის. დაზიანება (ჭრილობა) განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2021 წლის 4 მაისს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე ა. მ–იას ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება, რომ ჩხუბის დროს გ. ო–ი გამოირჩეოდა აგრესიით და ხელს, რომელშიც ეჭირა დანა იქნევდა დაზარალებულის მიმართულებით. ერთ-ერთი მოქნევისას დაზარალებულს დანა მოხვდა ფერდში. ამის შემდეგ გ. ო–ი კვლავ იწევდა დაჭრილისკენ, მაგრამ შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა ხალხმა, მას დაზარალებულისთვის დაზიანების მიყენების შესაძლებლობა არ მისცა, რის შემდეგაც გ. ო–მა სირბილით დატოვა შემთხვევის ადგილი. მართალია მოწმე გ. ჭ–მ განმარტა, რომ კონფლიქტის დროს იმყოფებოდა მაღაზიაში, რაც ეწინააღმდეგება მაღაზიიდან ამოღებულ ჩანაწერებს, თუმცა მან დაადასტურა, რომ გ. ო–სი და ე. უ–სა ერთმანეთს ემოციურად ესაუბრებოდნენ. მანვე დაადასტურა, რომ ძირს დაცემულ დაზარალებულს გვერდიდან მოსდიოდა სისხლი.
5.7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ა. მ–ი მხოლოდ კონფლიქტის დასრულების შემდეგ მივიდა მაღაზიის ფანჯარასთან, რის გამოც იგი არ არის ფაქტის თვითმხილვევლი მოწმე და მისი ჩვენება არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო-ჩანაწერებით დადგენილია, რომ 2021 წლის 4 მაისს, 09:27:17 საათზე, მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიდის სამი პირი - გ. ო–სი, ი. ჯ–ა და ლ. ფ–ა. 09:27:58 საათზე ა. მ–ია დგება სალარო მაგიდიდან და იყურება გარეთ, რამდენიმე წამში, 09:28:13 საათზე, ა. მ–ია მიდის მაღაზიის კართან და იყურება სკვერის მიმართულებით. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მოწმემ დეტალურად აღწერა შემთხვევის დროს განვითარებული მოვლენები და მიუთითა, რომ გ. ო–მა დანიანი ხელი რამდენჯერმე მოუქნია ე. უ–სას, რომელიც დაჭრა მარცხენა ფერდში, რაც თანხვედრილია ექსპერტიზის დასკვნასთან. ის ფაქტი, რომ მოწმე რამდენიმე წამით ზის სალაროსთან არ წარმოადგენს მისი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს, ვინაიდან ჩანაწერით დასტურდება, რომ იმ დროს, როდესაც ჩანაწერში მაღაზიის ფანჯრიდან ჩანს კონფლიქტის შემსწრე პირთა სწრაფი მოძრაობა, მოწმე დაჟინებით იყურება იმ მიმართულებით, სადაც ადგილი ჰქონდა კონფლიქტს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ დროს ა. მ–ი კონფლიქტს ადევნებდა თვალს. შემდეგ დგება სალარო მაგიდიდან და იხედება გარეთ, რამდენიმე წამში კი მიდის მაღაზიის კართან, საიდანაც იხედება სკვერის მიმართულებით.
5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იმ დროს, როდესაც გ. ო–სმა გამოიყენა დანა დაზარალებულს ხელში რაიმე საგანი არ ეჭირა, ამასთან, ისინი არ იყვნენ მარტო და მათ გაშველებას ცდილობდა იქ მყოფი ხალხი. გ. ო–სი დანას იმ მომენტამდე იქნევდა, სანამ დაზარალებული გულ-მკერდის მარცხენა არეში არ დაჭრა. მან ჩხუბში გამოიყენა დანა, რომლითაც შურისძიების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გულმკერდის მარცხენა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა მიაყენა დაზარალებულს. გარდა ამისა, დაზარალებულისთვის ჭრილობის მიყენების მიუხედავად, იგი კვლავ მიიწევდა ე. უ–სკენ და ცდილობდა მისთვის კიდევ ერთხელ დაერტყა დანა, რისი საშუალებაც არ მისცა შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა ხალხმა. ამასთან, დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანების ხარისხი და ლოკალიზაცია, ასევე ის, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულზე თავდასხმა შეწყვიტა არა საკუთარი ნებით, არამედ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა ხალხმა არ მისცა მას დაზარალებულისთვის სხვა დაზიანების მიყენების შესაძლებლობა, მიუთითებს იმაზე, რომ იგი მოქმედებდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვით.
5.9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ო–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე