საქმე N 330100122005394544
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №27აპ-23 6 აპრილი, 2023 წელი
ქ–ე კ., №27აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. კ. ქ–ე (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
კ. ქ–სემ გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, წონით - 10,1891 გრამი, საიდანაც 1,9326 გრამს უკანონოდ ინახავდა პირადად თ–ში, ნ–ს მე-.. პლატო, კორპუსი №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, 4,6977 გრამს - ავტომანქანაში, 1,4485 გრამს - საცხოვრებელ სახლში, ხოლო 2,1103 გრამს - თბილისში, ნუცუბიძის მე-.. პლატოზე სხვადასხვა ლოკაციაზე, რაც 2021 წლის 7 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს კ. ქ–ს პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს. ასევე, თბილისი, ნუცუბიძის მე-.. პლატოზე სხვადასხვა ლოკაციაზე ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებული ამოღებისას.
კ. ქ–სემ შემდგომი გასაღების მიზნით დააფასოვა, გაანაწილა და თბილისში, ნ–ს პლატოზე სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება „ალფა - პვპ“, წონით 2,1103 გრამი. მიუხედავად იმისა, რომ კ. ქ–ის ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში მისი დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი და 2021 წლის 7 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს კ. ქ–სის მონაწილეობით ჩატარებული ამოღებისას.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის განაჩენით კ. ქ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
კ. ქ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
კ. ქ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ქ–მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება) გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გამოიხატა შემდეგში:
კ. ქ–სემ გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, წონით - 10,1891 გრამი, საიდანაც 1,9326 გრამს უკანონოდ ინახავდა პირადად თ–ში, ნუცუბიძის მე-.. პლატო, კორპუსი №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, 4,6977 გრამს - ავტომანქანაში, 1,4485 გრამს - საცხოვრებელ სახლში, ხოლო 2,1103 გრამს - თბილისში, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე სხვადასხვა ლოკაციაზე, რაც 2021 წლის 7 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს კ. ქ–ს პირადი, ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს. ასევე, თ–ში, ...ს მე-.. პლატოზე სხვადასხვა ლოკაციაზე ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებული ამოღებისას.
კ. ქ–მ შემდგომი გასაღების მიზნით დააფასოვა, გაანაწილა და თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება „ალფა - პვპ“, წონით 2,1103 გრამი. მიუხედავად იმისა, რომ კ. ქ–მ განზრახ შექმნა ყველა პირობა დანაშაულის ჩასადენად, მისი ქმედება 2021 წლის 7 დეკემბერს მომზადების სტადიაზე აღკვეთეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ქ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ტ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა, კ. ქ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2021 წლის 16 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ქ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ტ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა, კ. ქ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ კ. ქ–ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, ან მათი გასაღების მომზადებას. კ. ქ–მ აღიარა, რომ მან ნარკოტიკული საშუალებები შეიძინა და შეინახა პირადი მოხმარებისათვის და უარყო მათი გასაღების მიზანი. მისი განმარტებით, ნარკოტიკული საშუალებების სხვადასხვა ადგილზე განთავსების მიზანი იყო მათი რძლისა და პატარა ბავშვებისგან უსაფრთხო ადგილზე გადამალვა, ასევე, უცხო ადამიანების მიერ მათი პოვნის შემთხვევაში მთლიანი რაოდენობის ერთიანად დაკარგვის თავიდან აცილება. კასატორი ასევე უთითებს, რომ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები არის ირიბი და ისინი საფუძვლად არ უნდა დასდებოდა ნარკოტიკების გასაღების მომზადების ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას. ამასთან, კ. ქ–ს ნარკოტიკის გასაღების მიზნით არავინ დაკონტაქტებია და არც მას მოუთხოვია ნარკოტიკის სანაცვლოდ თანხის ჩარიცხვა, არ გაუგზავნია ნარკოტიკების ლოკაციის ფოტოსურათები. შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალებების მხოლოდ კონკრეტულ ლოკაციაზე განთავსება და მათთვის სურათების გადაღება არ ადასტურებს გასაღების მიზანს. კასატორი ასევე უთითებს, რომ კ. ქ–ს მხრიდან გამოძიების ეტაპზე დანაშაულის აღიარება გამოწვეული იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით პოლიციელთა უკანონო დაპირებით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კ. ქ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას კ. ქ–ს ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადების ნაწილში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კ. ქ–მ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის განზრახ შექმნა (მოამზადა) პირობები. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კ. ქ–ს ჩვენებაზე, რომელმაც უარყო ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების მომზადების მიზანი, თუმცა დაადასტურა, რომ იგი არის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებელი, რის გამოც შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებები. ასევე, დაადასტურა, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები განათავსა სხვადასხვა ლოკაციებზე. ამ ნაწილში მისი ჩვენება გამყარებულია მოწმეების - გ. ქ–ს, თ. კ–ს, ზ. ტ–ს და დ. ნ–ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ამოღების ოქმებით. გარდა ამისა, საკსაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2021 წლის 20 დეკემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმზე, რომლითაც დადგენილია, რომ კ. ქ–ს კუთვნილ „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონში არსებულ აპლიკაცია „გალერეაში“ ნანახი იქნა ფოტოსურათები, რომლებიც დათარიღებულია 07.12.2021 წლით. აღნიშნული ფოტოები გადაღებულია სხვადასხვა მისამართებზე და მათ ახლავს მისამართის წარწერები, სურათებზე ასახულია კორპუსის სადარბაზოების შესასვლელი და დატანილია აღნიშნული მისამართების კოორდინატები.
5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ კ. ქ–მ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები სხვადასხვა ადგილზე განათავსა რათა არ ენახათ ოჯახის წევრებს, ან უცხო ადამიანის მიერ მათი პოვნის შემთხვევაში სრულად არ დაეკარგა ისინი. აღნიშნული მოკლებულია დამაჯერებლობას, ემსახურება პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას და ეწინააღმდეგება წარმოდგენილ მტკიცებულებებს. კერძოდ, კ. ქ–ე მის საცხოვრებელ ბინაში, მისაღებ ოთახში განთავსებულ ტანსაცმლის კარადაში მოთავსებულ შავი ფერის მამაკაცის ნაჭრის ქურთუკის შიდა მარცხენა ჯიბეში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ წონით 1,4485 გრამს, რაც გამორიცხავს მის ვერსიას ოჯახის წევრებისთვის დამალვის შესახებ. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მის მიერ დალაგებული ყველა ნარკოტიკული საშუალების ფოტოსურათი, კ. ქ–ს გადაღებული და შენახული ჰქონდა თავის ტელეფონში. რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კ. ქ–მ აღნიშნულით შექმნა პირობა ნარკოტიკული საშუალების გასაღების უზრუნველსაყოფად.
5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება კ. ქ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
5.7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ კ. ქ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე