Facebook Twitter

საქმე N 330100122005849237

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №10აპ-23 5 აპრილი, 2023 წელი

ქ–ე ზ., №10აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ზ. ქ–ე (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 7 აპრილს, ა. გ–ს მოთხოვნის საფუძველზე მისი ყოფილი მეუღლის - ზ. ქ–ს მიმართ 30 დღით გამოიცა შემაკავებელი ორდერი №.......... აღნიშნული ორდერის საფუძველზე, ზ. ქ–ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან - ა. გ–სთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ზ. ქ–ე გაფრთხილებული იყო შემაკავებელი ორდერის შინაარსისა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, მან მაინც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, 2022 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, იმყოფებოდა ა. გ–ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.თ–ი, ...ის უბნის დასახლება, მე-.. მიკრორაიონი, მე-.. კვარტალში მდებარე N.. კორპუსის ეზოში. აღნიშნულით ზ. ქ–მ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რითაც ა. გ–სას მიადგა მორალური ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის განაჩენით ზ. ქ–ეე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაკავებაში ყოფნის პერიოდის (2022 წლის 26 აპრილიდან - 2022 წლის 27 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 230 საათით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ და მოითხოვა მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 14 დეკემბერს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, ზ. ქ–სთვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა რომ ზ. ქ–ეე მანქანით მივარდა ა. გ–ს საცხოვრებელ სახლთან, იარაღის დემონსტრირებით მოახდინა ჰაერში რამდენჯერმე გასროლა, ამასთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის დასამშვიდებლად ჩასულ ყოფილ სიმამარსა და ყოფილ ცოლის დას. მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ ამ დროს ზ. ქ–ე იმყოფებოდა ნასვამი და მას თან ახლდა არასრულწლოვანი შვილი. შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ წარმოადგენს ქმედების პროპორციულ სასჯელს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ზ. ქ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა ზ. ქ–სთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ამასთან დაზარალებულს არ აქვს პრეტენზია და ითხოვს მის მიმართ შეღავათების გავრცელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ზ. ქ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ზ. ქ–სთვის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას) და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

5.5. რაც შეეხება ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ: „ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც, მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).

5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.7. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე