Facebook Twitter

საქმე N 330100122005470949

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე№1100აპ-22 4 აპრილი, 2023 წელი

ყ–ი ბ., 1100აპ-22 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ყ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ფ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის განაჩენით ბ. ყ–ი (პირადი ნომერი ............) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ბ. ყ–ი ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით თაღლითურად დაეუფლა ჯ. ხ–ს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს, კერძოდ: 2021 წლის მარტის ბოლოს, თ-ში, ვ–ს მ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ. ყ–მა მოატყუა ჯ. ხ–ი, რომ საკუთრებაში ჰქონდა ნაკვეთი საკადასტრო კოდით: 81.08.27.032, რომელსაც მიჰყიდდა 8000 აშშ დოლარის სანაცვლოდ (27280 ლარი). აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე ბ. ყ–ი 2021 წლის აპრილში ეტაპობრივად, მოტყუებით დაეუფლა ჯ. ხ–ს კუთვნილ თანხას - 6000 აშშ დოლარსა (20613 ლარი) და 200 ლარს. ამის შემდგომ ბ. ყ–მა დაზარალებულს არ დაუბრუნა კუთვნილი თანხა და გაწყვიტა მასთან ყოველგვარი კონტაქტი. ბ. ყ–ის ქმედების შედეგად ჯ. ხ–ს მიადგა 20813 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

1.3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ყ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ფ–მ, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ბ. ყ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ბ. ყ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ფ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

2.2. 2022 წლის 20 ოქტომბერს მსჯავრდებულ ბ. ყ–ს ადვოკატმა ა. ფ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, მოითხოვა განაჩენის გაუქმება და ბ. ყ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის თანახმად, მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაცია არასწორია, კერძოდ, არც პირველი ინსტანციისა და არც სააპელაციო სასამართლოებს ჯეროვნად არ გამოუკვლევიათ საქმეში არსებული მტკიცებულებები, რამაც არსებითად დააზარალა მსჯავრდებულ ბ. ყ–ის ინტერესები. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ თაღლითობის ჩადენაში, მაშინ, როცა საქმის მასალებიდან იკვეთება სახელშეკრულებო პირობების დარღვევა, სამოქალაქო ურთიერთობიდან გამომდინარე სახელშეკრულებო დავა, რაც საერთოდ სცდება სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დაირღვა ბ. ყ–ის ინტერესები, რადგან იგი მსჯავრდებულია იმ დანაშაულის ჩადენაში, რომელიც რეალურად არ ჩაუდენია.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად გამოიკვლია მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი. ამასთან, ბ. ყ–ის მიმართ ინკრიმინირებული ქმედების კვალიფიკაციის სამართლებრივი ელემენტები სააპელაციო სასამართლომ ჯეროვნად შეისწავლა, რის გამოც არ საჭიროებს დამატებით გამეორებას. საჩივრის ძირითადი აქცენტებიდან გამომდინარე კი, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მხოლოდ კვალიფიკაციისათვის საკვანძო სადავო ასპექტებს.

4.2. დაცვის მხარე არ უარყოფს საქმეზე უტყუარად დადასტურებულ გარემოებას, რომ ბ. ყ–ი მ. ღ–ს კუთვნილი 3500 მ2, 81.08.27.032 საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ნაწილის - 600 მ2-ის შეძენაზე შეუთანხმდა დაზარალებულს, რისთვისაც ჯ. ხ–მა მსჯავრდებულს ეტაპობრივად გადასცა ფულადი თანხა, ჯამურად - 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი და 200 (ორასი) ლარი. დაცვის მხარისათვის სადავოა მტკიცებულებათა შეფასება და მათგან გამომდინარე ფაქტების ინტერპრეტაცია. დაცვის პოზიცია ძირითადად ეფუძნება სისხლის სამართლის დანაშაულის გამორიცხვას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბ. ყ–სა და დაზარალებულს შორის არსებობდა კანონიერი მოლაპარაკება მიწის ნაკვეთის შეძენის თაობაზე, ხოლო წარდგენილი ბრალდება სხვის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გარიგების მოტყუებით დადებას უკავშირდება.

4.3. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეისწავლა საქმის მასალები, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც მიიჩნია, რომ წარდგენილ ბრალდებაში ბ. ყ–ის ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, კერძოდ: საჯარო რეესტრის საიტის დათვალიერების ოქმის თანახმად, 81.08.22.803. საკადასტრო კოდით, იძებნება ორი განცხადება. ერთ-ერთი არის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ბოლოს განახლებულია 13.04.2020 წელს. 81.08.27.032. საკადასტრო კოდით არსებული მიწის ნაკვეთის დანიშნულება არის სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 3500 მ2 . აღნიშნული მიწის ნაკვეთის მფლობელი არის მ. ღ–სე.

4.4. დაზარალებულ ჯ. ხ–სის ჩვენებით ირკვევა, რომ ბ. ყ–სი მას დაჰპირდა ვ–ს მეურნეობის დასახლებაში არსებული 3500 მ2 მიწის ნაკვეთის (ს/კ 81.08.27.032) გამიჯვნას და მისთვის სასურველი ფართობის გადაფორმებას 8000 დოლარის სანაცვლოდ, რისთვისაც ჯ. ხ–მა მსჯავრდებულს წინასწარ, ჯამურად გადასცა ფულადი თანხა - 6000 აშშ დოლარი და 200 ლარი. დაზარალებულის განმარტებით, საჯარო რეესტრში გადამოწმების შემდეგ გაიგო, რომ ხსენებული მიწის ნაკვეთი სხვა პირს - მ. ღ–ს ეკუთვნოდა. აღნიშნულზე ბ. ყ–მა განუმარტა, რომ მ. ღ–ე მისი ნათესავი იყო, ნაკვეთი კი თავის საკუთრებას წარმოადგენდა, მაგრამ თავის სახელზე არ აფორმებდა. დაზარალებული აღნიშავს, რომ ის და თავისი ოჯახის წევრები ტელეფონით ეხმიანებოდნენ ბ. ყ–ს და სთხოვდნენ მიწის ნაკვეთის გადაფორმებას, ის კი უცხადებდა, რომ პროცედურები დროში იწელებოდა და საბუთებს ვერ აგვარებდა. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის განმარტებით, მსჯავრდებულმა ნება დართო, დაეწყოთ მიწის ნაკვეთზე სახლის მშენებლობა, საკუთრებაში კი მოგვიანებით გადაუფორმებდა. დაზარალებულის განმარტებით, ვინაიდან რამდენიმე თვის განმავლობაში არ მოხდა ნაკვეთის გამიჯვნა, დაურეკა ბ. ყ–ს და მოსთხოვა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, რასაც ბ. ყ–სი ყოველ დღე ჰპირდებოდა, მაგრამ არ უბრუნებდა. ასევე, ბ. ყ–სთან მუდმივად ცდილობდა კომუნიკაციას, თუმცა ის ზარებს არ პასუხობდა.

4.5. მოწმე გ. ხ–მა დაადასტურა დაზარალებულის ჩვენებაში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და ასევე ის ფაქტი, რომ ბ. ყ–ი მათ უდასტურებდა, რომ მიწის ნაკვეთი რეალურად მისი საკუთრება იყო, ხოლო მ. ღ–ე იყო მისი ნათესავი, რომლის სახელზეც მიწის ნაკვეთი ოფიციალურად ჰქონდა გაფორმებული.

4.6. მოწმე მ. ღ–სემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ქ.თ–ში, ვ–ს მ-ში, რამდენიმე ათეული წელია საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით N........ მ2, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო. მოწმის განმარტებით, მის ოჯახს სურს აღნიშნული მიწის ნაკვეთის გაყიდვა, რასთან დაკავშირებითაც, მისმა მეუღლემ, დაახლოებით ერთი წლის წინ, ერთ-ერთ საიტზე განათავსა განცხადება. განცხადებას გამოხმაურება ჰქონდა, თუმცა უძრავი ქონება დღემდე არ აქვს გაყიდული. მოწმის განმარტებით, მიწის ნაკვეთის გაყიდვაში დახმარება არავისთვის უთხოვია, ბ. ყ–ს კი სოფლიდან იცნობს, თუმცა მასთან არასოდეს ჰქონია კომუნიკაცია მიწის ნაკვეთის გაყიდვასთან დაკავშირებით. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ჯ. და გ. ხ–ებს არ იცნობს.

4.7. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2021 წლის 25 დეკემბერს მოწმე გ.ხ-ის მონაწილეობით ჩატარდა ბრალდებულის ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულმა კატეგორიულად ამოიცნო ბ. გ–ს ძე ყ–ი დაბ: .......... წელს პ/ნ №.............

4.8. ტელეფონის დათვალიერების ოქმით, დასტურდება დაზარალებულისა და მსჯავრდებულის სახელზე რეგისტრირებულ ნომრებს შორის სატელეფონო კავშირი, მათ შორის, მოკლე-ტექსტური შეტყობინებებით მიმოწერა, რითაც დგინდება, რომ პირველ ეტაპზე, ბ. ყ–ი ჯ. ხ–სს ჰპირდებოდა მიწის ნაკვეთის გადაფორმებას და სთხოვდა რამდენიმე დღის მიცემას საქმეების მოსაგვარებლად; გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, ბ. ყ–ი ჯ. და გ. ხ-ს აღებული თანხის უკან დაბრუნებას დაჰპირდა. საბოლოოდ, დაზარალებულის მხრიდან არაერთ შეტყობინებას ბ. ყ–ი მუდმივად პასუხობდა, რომ დღეს ან ხვალ გადასცემდა თანხას.

4.9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზით უტყუარად და ყოველგვარ გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ბ. ყ–ი მოტყუებით, დაზარალებულისათვის მიწის საკუთრების შესახებ განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, დაეუფლა ჯ. ხ–ის დიდი ოდენობით ფულად თანხას. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად დგინდება, რომ ბ. ყ–ი დაზარალებულისათვის მიწის ნაკვეთის გადაცემაზე დაპირების მიცემისას რეალურად არ ისახავდა მიზნად კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასა და შესრულებას, ვინაიდან მიწის ნაკვეთი მსჯავრდებულს ფორმალურად და ფაქტობრივად არ ეკუთვნოდა, ასევე ის არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის გასხვისებაზე მესაკუთრის მიერ უფლებამოსილ პირს, შესაბამისად, გარიგების დადების ან ასეთი მოლაპარაკების წარმოების ლეგიტიმური საფუძველი ბ. ყ–ს არ გააჩნდა. ამასთან, ბ. ყ–ის მიერ გამართული მოლაპარაკება თანხის გადაცემის სანაცვლოდ მიწის ნაკვეთის გამიჯვნისა და მის ნაწილზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ, მხოლოდ მოჩვენებითად ისახავდა მიზნად გარიგების დადებას და დაზარალებულის კუთვნილი ფულადი თანხის დასაუფლებლად გამოყენებულ მოტყუების ხერხს წარმოადგენდა. ბ. ყ–სის დანაშაულბრივ განზრახვაზე აშკარად მიუთითებს ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულს თავდაპირველად დაუმალა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ვინაობა, ხოლო შემდგომ აწვდიდა განზრახ ცრუ ინფორმაციას მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საკუთრებისა და მ. ღ–სთან ნათესაური კავშირის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბ. ყ–ის ზეპირსიტყვიერი დაპირებები მიწის გამიჯვნისა და გადაფორმების შესახებ არ შეესაბამებოდა მის ქმედებებს და მხოლოდ დაზარალებულის ნდობის მოპოვებას ემსახურებოდა. ამდენად, უტყუარად დგინდება, რომ მსჯავრდებული მიზნად ისახავდა არა კერძოსამართლებრივ გარიგებაში სამომავლოდ შესვლას, არამედ - ხელშეკრულების დადების პერსპექტივით მატერიალური გამორჩენის მოტყუებით მიღებას. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მხარეებს შორის ფორმალურად ნამდვილად არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, თუმცა ერთი მხარე მოქმედებს დანაშაულებრივი განზრახვით და სახელშეკრულებო ბოჭვაში ფორმალური შესვლით ნიღბავს რეალურ დანაშაულებრივ განზრახვასა და მეორე მხარის მოძრავი ნივთის მისაკუთრების მიზანს, დგინდება თაღლითობის შემადგენლობის სავალდებულო ელემენტების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ მსჯავრდებულმა გამოიყენა სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულების დადების დაპირება და მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის ფულად თანხას, რაც ვერ გაიგივდება კერძოსამართლებრივ გარიგებად და მხოლოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობის წარმოშობის წინაპირობად. ამასთან, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი მოტყუებით დადებული გარიგების შემთხვევა და შესაძლო სამოქალაქოსამართლებრივი შედეგები არ გამორიცხავს თაღლითობის შემადგენლობის ნიშნების არსებობისას სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

4.10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება ადვოკატის მოტივებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ არსებით გარემოებას, რაც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.

4.11. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ყ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ფ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე