Facebook Twitter

საქმე N330100120003887684

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №180აპ.-23 24 აპრილი, 2023 წელი

შ–ა გ., №180აპ.-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. შ–ა (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 15 აპრილს, თბილისში, სოფელ დ–ში, ........–ის ქუჩა №..–ს და №..–ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობაში ყოფნისას გ. შ–აია სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ქ. გ–ზეეს. კერძოდ, უთხრა რომ დაახრჩობდა. ქ. გ–ზეეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. 2020 წლის 10 აპრილს, თბილისში, სოფელ დ–ში, ........–ის ქუჩა №..–ს და №..–ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობაში ყოფნისას გ. შ–მ იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე - ქ. გ–ზე, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, ფეხი ჩაარტყა წელის არეში და ათრია თმით. აღნიშნულმა ძალადობამ ქ. გ–ზეის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

1.4. 2020 წლის 15 აპრილს, თბილისში, სოფელ დ–ში, ........–ის ქუჩა №..–ს და №..–ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობაში ყოფნისას გ. შ–მ იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე - ქ. გ–ზე, კერძოდ, ხელი მოუჭირა ყელის არეში. აღნიშნულმა ძალადობამ ქ. გ–ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

1.5. 2019 წლის დეკემბერში, თბილისში, ვარკეთილში, ე.წ. „ჰ–ს დასახლებაში“, ........ის ქუჩა №.., ბინა №..-ში ყოფნისას გ. შ–მ იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე - ქ. გ–ზე, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის არეში.

1.6. 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის 12 ივნისის ჩათვლით პერიოდში გ. შ–ა სისტემატიურად ლანძღავდა, აგინებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ქ. გ–ს, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის განაჩენით გ. შ–ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 15 აპრილისა და 2019 წლიდან 2020 წლის 12 ივნისამდე პერიოდის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

გ. შ–აია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის დეკემბრისა და 2020 წლის 10 აპრილის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის დეკემბრის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, გ. შ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2020 წლის 17 ივლისიდან 2020 წლის 18 ივლისის ჩათვლით) გათვალისწინებით გ. შ–აიას შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 110 საათით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. შ–ს წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. შ–ს ინტერსების დამცველმა, ადვოკატმა თ. ჭ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის განაჩენი.

გ. შ–აია ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

3.2. 2022 წლის 29 დეკემბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. შ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. 2023 წლის 18 იანვარს გამართლებულ გ. შ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ჭ–მ წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ გ. შ–ს ბრალეულობას. დაზარალებულმა ქ. გ–მ განმარტა, რომ გ. შ–ა არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელთან დაშორების მიზეზიც იყო სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა. 2019 წლის დეკემბრიდან გ. შ–ა სისტემატურად ემუქრებოდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკურად ძალადობდა მასზე. იყო შემთხვევები, როცა გ–ი მას სხვა პირებთან ამცირებდა, რაც გაგრძელდა 2020 წლის 12 ივნისამდე. ამ ყველაფრის გამო იგი იყო ძალიან დართგუნული და განიცდიდა ტანჯვას. გარდა ამისა, დაზარალებულმა განმარტა, რომ 2019 წლის დეკემბერში მას გ. შ–მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში, რის გამოც იგრძნო ტკივილი და ეტყობოდა დაზიანებები. 2020 წლის 10 აპრილს, მას გ. შ–მ კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ხელი დაარტყა სახეში, ფეხები - თავისა და ტანის არეში, აგინა, დაამცირა და ათრია თმით. ამ დროს მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2020 წლის 15 აპრილს მას გ. შ–მ ხელი მოუჭირა ყელში, ახრჩობდა და ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. ამ დროს განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოწმეებმა - ე. ჭ–მ და ი. ი–მა დაადასტურეს, რომ 2019 წლის დეკემბერში მათ ქ. გ–მ უთხრა, რომ გ. შ–მ სცემა და მიაყენა დაზიანებები. მოწმე ხ. გ–მ კი დაადასტურა, რომ 2020 წლის აპრილში მას ქ. გ–ზეემ უთხრა, რომ ერთი კვირის წინ სცემა გ. შ–მ და აჩვენა დაზიანებული ტუჩი, ხელები და ფეხები. ასევე უამბო, რომ 2019 წლის დეკემბერში გ–ი ახრჩობდა და სხეულის სხვადასხვა არეში ურტყამდა ხელ-ფეხს. ქ–ე ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო დათრგუნული, შეშინებული და ხშირად უნახავს აცრემლებული.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. შ–აიას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბარალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა გ. შ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ დაზარალებულ ქ. გ–ს ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება, რომ დაახლოებით 4 წლის წინ გაიცნო გ. შ–აია, რომელთანაც 6-7 თვის შემდეგ იქორწინა. 2019 წლის დეკემბერში ისინი ცოტა ხნით ცხოვრობდნენ ვ-ში, ე.წ. „ჰ–ს დასახლებაში“, სადაც ეჭვიანობის ნიადაგზე, მასსა და გ. შ–ს მოუხდათ სიტყვიერი კონფლიქტი, რა დროსაც მან გ–ს უთხრა, რომ მის კუთვნილ ტელეფონს დაამტვრევდა. აღნიშნულზე გაბრაზებულმა გ. შ–მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა და ცდილობდა ტელეფონის წართმევას, ამასთან, წააქცია, სახეში გამეტებით ურტყა მუშტები, ასევე, ურტყა ფეხები, ათრია თმით და ზურგით მიახეთქა კარს, რომელსაც მოტყდა სახელური. მან მიყენებული დარტყმების გამო განიცადა ტკივილი, გაუსკდა ტუჩი და ჰქონდა დალურჯებები. ისინი გააშველა მეზობლად მცხოვრებმა დედა-შვილმა, შემდეგ კი მივიდა საპატრულო პოლიციაც, თუმცა მათ არაფერი უამბო. ამის შემდეგ წავიდა მეგობარ ე. ჭ–სთან და მას და მის მეუღლეს - ი. ი–ს უამბო მომხდარის შესახებ და სთხოვა, რომ ცოტა ხნით მათთან იცხოვრებდა. 2020 წლის 10 აპრილს გ. შ–მ მისი ანგარიშიდან მასთან შეუთანხმებლად გამოიტანა თანხა, რომელიც ავტომანქანის შესაძენად უნდოდა, რის გამოც მან გ–ს მოსთხოვა თანხა დაებრუნებინა და სახლში აღარ დაბრუნებულიყო. იმავე დღეს, გ. შ–ა მეგობარ ვ. ნ–სთან ერთად დაბრუნდა სახლში, რა დროსაც მას და გ. შ–ს ჯერ სიტყვიერი კონფლიქტი მოუხდათ, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მას გ. შ–მ ხელი დაარტყა სახის არეში, რის გამოც გაუსკდა ტუჩი, შემდეგ თმით გაათრია მეორე ოთახში, მიიყვანა კართან, რომელსაც ჰქონდა შუშა და თავი მიარტყმევინა, რის გამოც შუშა ჩაიმსხვრა. ისინი გააშველა ვ. ნ–მ. მან ძალადობის შედეგად მიიღო დაზიანებები და განიცადა ტკივილი. 2020 წლის 15 აპრილს იმყოფებოდა თ–ში, სოფელ დ–ში, როდესაც გ. შ–ა დაბრუნდა სახლში მას სთხოვდა სახლიდან წასვლას და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მას შემდეგ, რაც სახლიდან წასვლაზე განუცხადა უარი, გ. შ–ა სწვდა ყელში, ძლიერად მოუჭირა ხელი და ემუქრებოდა მოკვლით, რა დროსაც განიცადა ტკივილი. გ. შ–ს მუქარის მას შეეშინდა, მაგრამ ისე არა, რომ ეფიქრა, რომ იგი დაახრჩობდა. გ–ი როცა ემუქრებოდა ყოველთვის იყო აფექტურ მდგომარეობაში, ვინაიდან ჩვეულებრივ ამ სიტყვების თქმის თავი არ ჰქონდა, რადგან ეშინოდა ვინმეს პოლიციაში არ დაერეკა, თვითონაც სულ აშინებდა, რომ პოლიციაში დარეკავდა, რის გამოც გ. მალევე ანებებდა თავს. მას გარკვეულწილად მაინც ეშინოდა, ვინაიდან მარტო იყვნენ სახლში. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულის განმარტებით, 2019 წლის დეკემბერში ფიზიკური ძალადობისას ის და გ. შ–ა გააშველეს მეზობლად მცხოვრებმა დედა-შვილმა, ხოლო 2020 წლის 10 აპრილის ძალადობის ფაქტს ჰყავდა თვითმხილველი - ვ. ნ–ე. თუმცა ბრალდების მხარეს ზემოხსენებული დედა-შვილი არ გამოუკითხვას, მოწმე ვ. ნ–ე კი სასამართლო სხდომაზე დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა .

5.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.6. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე ხ. გ–ს ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა, რომ შვილმა - ქ. გ–მ უამბო, რომ 2019-2020 წელს, ვ–ში ცხოვრების დროს იგი სცემა გ. შ–მ და ისინი გააშველეს მეზობლებმა, რის შემდეგაც ქ–ე ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდა მეგობართან. 2020 წლის აპრილში მასთან სახლში მივიდა ქ-ე, რომელსაც შენიშნა, რომ ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, ფეხები კი დალურჯებული. მას ქ–მ უთხრა, რომ ეს დაზიანებები მიაყენა გ. შ–მ. ამის შესახებ ინფორმაციას ფლობს ასევე, დ. გ–სა და ე. ჭ–სგან. მოწმეების - ე. ჭ–სა და ი. ი–ს ჩვენებებით დგნდება, რომ 2019 წლის დეკემბერში მათთან მივიდა ქ. გ–ე და უთხრა, რომ ოჯახში ჰქონდა პრობლემები და სთხოვა, რომ გარკვეული ხნით მათთან დარჩებოდა. ამ დროს ქ–ს დალურჯებები ჰქონდა ხელებზე, ყელსა და ზურგზე. მეუღლესთან ურთიერთობის დალაგების შემდეგ ქ–ე წავიდა მათი სახლიდან. მოწმეებმა განმარტეს, რომ ისინი მეუღლეებს შორის კონფლიქტს არ შესწრებიან. ამასთან, მოწმე ე. ხ–მა მითითა, რომ გასაუბრების დროს ქ. გ–სთვის ვიზუალურად რაიმე დაზიანება არ შეუმჩნევია. შესაბამისად, ქ. გ–ს ჩვენება ძალადობისა და მუქარის ფაქტებთან დაკაშირებით არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებით. ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებები ძალადობისა და მუქარის ფაქტთან დაკავშირებით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან თვითონ აღნიშნულს არ შესწრებიან და გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. შესაბამისად, ამ ნაწილში მათი ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს 2020 წლის 12 ივნისის №... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმზე, რომელშიც ორდერის გამოცემის საფუძვლად მითითებულია გ. შ–ს მხრიდან ქ. გ–სთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ოქმში შეკითხვებზე - განახორციელა თუ არა მოძალადემ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა, მათ შორის, ადრე, რომლის შესახებაც არ განუცხადებია სამართალდამცავ ორგანოში, ან დაემუქრა თუ არა მოძალადე ჯანმრთელობის დაზიანებით ან/და მოკვლით ქ. გ–ს გაცემული აქვს უარყოფითი პასუხი. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულება მუქარისა და ძალადობის ეპიზოდებთან დაკავშირებით არაინფორმაციულია.

5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 17 ნოემბრის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N........ დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ქ. გ–ზეის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით, ქ. გ–ს ყოფილი მეუღლის - გ. შ–აიას მხრიდან განხორციელებული ქმედებებით არ განუცდია ფსიქოლოგიური ტანჯვა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა გ. შ–ს მხრიდან დაზარალებულის სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.9. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. შ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე