საქმე N 030100120004236249
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1329აპ-22 20 აპრილი, 2023 წელი
ჩ–ა ლ., №1329აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. მ–სა და მ. ა–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ლ. ჩ–ა (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. ლ. ჩ–სამ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4,0686 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი 509 ცალი ტაბლეტი, საიდანაც 0,92 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველ 115 ცალ ტაბლეტს, 2020 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 10:40 საათზე, უკანონოდ ინახავდა პირადად, თ–ში, ........ს ხეივანი N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, ხოლო 3,1486 გრამ ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველ 394 ცალ ტაბლეტს 2020 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 11:15 საათზე, უკანონოდ ინახავდა ქ.ფ–ში, ........ის ხეივანი N....-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში.
1.3. ლ. ჩ–სამ უკანონოდ შეიძინა 19,44 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანა“, რასაც 2020 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 11:15 საათზე, უკანონოდ ინახავდა ქ.ფ–ში, ......... ხეივანი N...-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განაჩენით ლ. ჩ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ლ. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე ლ. ჩ–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. ხოლო 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ჯ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2021 წლის 29 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ლ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ნ. მ–მა და მ. ა–მ, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორების პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ლ. ჩ–ს ბრალეულობას. გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ პოლიციელთა წინააღმდეგობრივ ჩვენებებსა და ოპერატიულ ინფორმაციას. მოწმე პოლიციელებმა განმარტეს, რომ ლ. ჩ–სას დევნა, დაკავება და ჩხრეკა ჩატარდა ზ. გ–ს მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. მოწმე ზ. გ–ს განმარტებით მან მიღებული ოპერატიული ინფორმაცია გადაამოწმა ი. ტ–სთან, თუმცა რა ფორმით გადაამოწმა გაურკვეველია, რადგან კონფიდენტი ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს კონკრეტულ პოლიციის ოფიცერთან და არა ყველასთან. ამასთან, კონფიდენტის შეტყობინება შეიძლება გამხდარიყო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების და არა გამოძიების დაწყების საფუძველი. შესაბამისად, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ ზ. გ–ს პატაკი გამოძიების დასაწყებად არ იყო საკმარისი. ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოძიების დაწყება და ჩხრეკის ჩატარება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს, რომლის თანახმად, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის შესაქმნელად საკმარისად არ უნდა იქნეს მიჩნეული კონფიდენტის მიერ მიწოდებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის სანდოობაც სასამართლოს მიერ არცერთ ეტაპზე არ ექვემდებარება შემოწმებას. გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში დაუდგენელია ინფორმატორი კონფიდენტია, ოპერატიულ სამსახურებთან კონტრაქტით მომუშავე თუ შემთხვევითი პირი. ასევე, დადგენილი არ არის ზ. გ–მ ინფორმაცია ნამდვილად მიიღო თუ არა ტელეფონით. ამასთან, თუ მან ინფორმაცია კონფიდენტისგან მიიღო ამის შესახებ ი. ტ–ს არ უნდა სცოდნოდა. მოწმე ზ. გ–მ განმარტა, რომ მან ოპერატიული ინფორმაცია მიიღო დილის 9:00 საათის შემდეგ, 10:00 საათზე კი პოლიციის სამმართველოში წარადგინდა პატაკი და 10:03-10:15 საათზე დაიკითხა მოწმის სახით. აღსანიშნავია, რომ პატაკის მიღების დროს, პოლიციის უფროსი - ხ. ქ–ე იმყოფებოდა თბილისში, ჩხრეკისა და დაკავების ადგილზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ლ. ჩ–ს დაკავება წინასწარ იყო დაგეგმილი. საეჭვოა ისიც, რომ ი. ტ–მ ზ. გ–სგან მიღებული ინფორმაცია წუთებში გადაამოწმა, უმალვე ფოთში, საიდუმლო ადგილზე შეხვდა საიდუმლო ინფორმატორს, რომელმაც დაუდასტურა, რომ თ–ში მყოფ ლ. ჩ–ს ჯიბეში ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. კასატორები ასევე უთითებენ, რომ ი. ტ–ს გამოკითხვის ოქმი არის ზ. გ–ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის იდენტური. ამასთან, ლ. ჩ–ა ისე დააკავეს, რომ არცერთი ფარული საგამოძიებო მოქმედებით არ დადგენილა ნარკოტიკული საშუალების წარმომავლობა. პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ისინი თ–ში სხვა საპოლიციო ღონისძიებისთვის იყვნენ მივლენილნი, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის. კასატორები ასევე უთითებენ, რომ ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ პოლიციას ჰქონდა შესაძლებლობა მოეხდინა საგამოძიებო მოქმედებების ვიდეო და ფოტო გადაღება, გამოეძახათ ექსპერტები ან შეექმნათ ნეიტრალური მტკიცებულებები, რაც არ გააკეთეს. ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე კი დნმ-ის კვალის დასადგენად ექსპერტიზა არ ჩატარებულა და არც დაკავების ადგილზე განთავსებული კამერების ჩანაწერებია წარმოდგენილი. ლ. ჩ–ს ზურგჩანთა გადატანილი იყო ,,მერსედესის“ მოდელის ჯიპში, თუმცა აღნიშნული უარყვეს პოლიციელებმა. აღნიშნულ ზურგჩანთაში ნარკოტიკული საშუალებები ჩადეს დ. ო–მ და ხ. ქ–მ, სხვა პოლიციელებმა კი მიუტანეს ლ. ჩ–სას, რათა მას თავისი ხელით ამოელაგებინა ნივთები, მაგრამ იგი ჩანთას არ შეეხო, ამიტომ ჩხრეკის ოქმში მიუთითეს, თითქოსდა ნარკოტიკები ქურთუკის ჯიბიდან ამოუღეს. პოლიციელებმა არ გაჩხრიკეს ლ. ჩ–ს მანქანა და ის ნივთი, რომელიც მაღაზიიდან გამოიტანა, არ დალუქეს მისი ქურთუკი, არ ჩამოართვეს ტელეფონი და არ დაინტერესდნენ ჰქონდა თუ არა ვინმესთან დარეკილი ნარკოტიკის მიტანის მიზნით. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამდასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად. თუ პოლიციელთა ჩვენებები გამყარებული არ არის ვიდეოჩანაწერითა და სხვა ნეიტრალური მოწმეების ჩვენებით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად მათი ჩვენებები საკმარისი არ არის. თუ პიროვნება (მათთან კონტაქტში მყოფი) ფლობდა ლ. ჩ–სას დემოგრაფიულ მონაცემებს ისიც უნდა სცოდნოდა საიდან იძენდა ლ. ჩ–სა ნარკოტიკულ საშუალებებს. კასატორები ასევე უთითებენ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, დაშვებულია საგამოძიებო ან ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფის შექმნა და მათთვის დავალების მიცემა, რაც საქმეში განთავსებული არ არის. შესაბამისად, გაურკვეველია საგამოძიებო მოქმედებებს რა სტატუსით ატარებდნენ პოლიციელები. გარდა ამისა სახლის ჩხრეკა ჩატარდა პროცესუალური ნორმების დარღვევითა და არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც ჩხრეკის ოქმში ასახული არ არის. სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით ასევე ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს იძლევიან პოლიციის თანამშრომლები.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. ჩ–სას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების პოზიციას ლ. ჩ–ას უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ზ. გ–სას ჩვენებაზე, რომლითაც დადგენილია, მან სატელეფონო შეტყობინებით სანდო წყაროსგან, რომლისგან ადრე მიღებული ინფორმაციებიც დადასტურდა, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ლ. ჩ–სა იმყოფებოდა თ–ში, .......ის მასივში და პირადად, ავტომანქანაში, ან ქ.ფ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. მან აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა იმ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელთან, სადაც ცხოვრობს ლ. ჩ–ა. ი. ტ–მ კი ეს ინფორმაცია თავის მხრივ გადაამოწმა და დაუდასტურა. ამის შემდეგ ზ. გ–მ პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას. აღნიშნული ჩვენება გამყარებულია მოწმე ი. ტ–ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ 2020 წლის 9 დეკემბერს, დილის საათებში მას ინფორმაციის დასაზუსტებლად დახმარება სთხოვა ზ. გ–მ. მან ეს ინფორმაცია გადაამოწმა პირად კონტაქტთან, რომელმაც დაუდასტურა ინფორმაციის შინაარსი. 2020 წლის 9 დეკემბრის პირადი ჩხრეკის ოქმითა და მოწმეების - გ. მ–ს, ლ. ქ–სა და ზ. კ–ს ჩვენებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 8 დეკემბერს მივლინებით იმყოფებოდნენ ქ.თ–ში. მეორე დილას გ. მ–ს დაურეკა ხ. ქ–მ და უთხრა, რომ უნდა წასულიყვნენ სხვა საქმეზე. კერძოდ, მიღებული იყო ინფორმაცია, რომ ლ. ჩ–სა უნდა ყოფილიყო დიღომში. მათ ჩაატარეს ლ. ჩ–სას პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მან ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ნებაყოფლობით წარადგინა პოლიეთილენის პატარა ზომის, გამჭირვალე პაკეტში მოთავსებული ოვალური ფორმის, თეთრი ფერის, 115 ცალი აბი, წარწერით ,,B8“ და განმარტა, რომ იყო მის მიერ ქუჩაში ნაპოვნი ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოტექსის“ აბები. მოწმე ე. ძ–მა კი განმარტა, რომ იგი ლ. ჩ–ს პირადი ჩხრეკისას იჯდა შორიახლოს გაჩერებულ ავტომანქანაში.
5.5. გარდა ამისა, მოწმეების - ზ. ე–ს, ა. გ–სა და კ. ა–ს ჩვენებებითა და ბინის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2020 წლის 9 დეკემბერს მივიდნენ ქ.ფ–ში, ......ის ხეივანი N.. კორპუსში მდებარე ლ. ჩ–ს საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდათ ლ. ჩ–ს არასრულწლოვანი შვილი. ამის გამო მათ მოიწვიეს ლ. ჩ–ს მამა - ვ. ჩ–ა, რომელიც ადგილზე მივიდა 30 წუთში. ამის შემდეგ ჩატარდა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა რვაას გრამიან მინის ქილაში მოთავსებული, ოვალური ფორმის, თეთრი ფერის, 294 ცალი აბი წარწერით ,,B8“ და პოლიეთილენის გამჭირვალე პაკეტში მოთავსებული, ოვალური ფორმის, თეთრი ფერის 100 ცალი აბი წარწერით ,,B8“ - ჯამში 394 ცალი აბი. ასევე ამოიღეს თეთრი ფერის ქაღალდში გახვეული მომწვანო-მორუხო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა. მოწმეთა განმარტებით, ვ. ჩ–ს მისვლამდე სახლში არ შესულან, გარეთ ელოდებოდნენ. ვ. ჩ–ს პრეტენზია არ გამოუთქვამს, შეწუხებული იყო და ამბობდა, რომ მისი შვილი ცხოვრობს მარტო და ამოღებული აბები სავარაუდოდ ლ. ჩ–სას ეკუთვნოდა.
5.6. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ექსპერტ თ. ხ–ას ჩვენებასა და საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 10 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ 2020 წლის 9 დეკემბერს ქ. ფ–ში, .........ის ხეივანი №.......-ში მდებარე ლ. ჩ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული, ერთ ცალ მინის ქილაში და მრავალჯერადი მოხმარების თეთრი ფერის, გამჭვირვალე პოლიეთილენის ერთ ცალ პაკეტში მოთავსებული 394 ცალი თეთრი ფერის, ოვალური ფორმის მთელი და დაზიანებული ტაბლეტი, ერთ ზედაპირზე ლოგოთი „B8“, საერთო წონით - 157,4328 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ,,ბუპრენორფინის“ შემცველ ტაბლეტებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ საერთო რაოდენობა შეადგენს - 3,1486 გრამს. ლ. ჩ–ს პირადი და მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 509 ცალი მთელი და დაზიანებული ტაბლეტი, საერთო წონით - 203,4328 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“, საერთო რაოდენობით - 4,0686 გრამი. თეთრი ფერის ქაღალდში შეხვეული მომწვანო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე, დაქუცმაცებული, გამხმარი მცენარეული მასა მცენარის მომწვანო-მოყავისფრო ფერის თესლებთან ერთად, საერთო წონით – 20,44 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანას შემცველ ნარევს, რომელშიც გამომშრალი მარიხუანას წონა არის - 19,44 გრამი, ხოლო მცენარის მომწვანო-მოყავისფრო ფერის თესლები, წონით - 1,0 გრამი, წარმოადგენს კანაფის მცენარის თესლებს, რაც არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებათა კატეგორიას.
5.7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება როგორც ერთმანეთს ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. ამასთან, პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებით დგინდება, რომ ჩხრეკისას ვ. ჩ–სა აკვირდებოდა მთელ პროცესს, ბინის ჩხრეკის ოქმი ხელმოწერით აქვს დადასტურებული და მასზე შენიშვნა ან პრეტენზია არ გამოუთქვამს.
5.8. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმე პოლიციელთა ჩვენებების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. კასატორების მიერ მითითებული გარემოებები კი არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება მოწმეთა ჩვენებების, ასევე წერილობითი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ამასთან, შესაძლოა მოწმეთა ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც მათი ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა. მათ ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არსებითად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
5.9. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ,,არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნტის შესაბამისად კი, „საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი“. ამავე კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ „ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან“.
5.10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ,,ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით. ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით. გ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით“. ასევე, დაადგინა, რომ ,,ა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. ბ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. გ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2021 წლის პირველი ივლისიდან.
5.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში“.
5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს“.
5.13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილების გაანალიზების შემდეგ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობა, რომელიც ითვალისწინებდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს (,,კონფიდენტი“, ,,ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავდა ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად უნდა გავრცელდეს იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასა და დაკანონებაზე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ჩატარდება, ხოლო ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც დაიწყო და დასრულდა, ასევე დაკანონდა აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე უნდა იქნეს მიჩნეული კანონიერად. ამგვარი დასკვნის საფუძველს იძლევა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ის დათქმა, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ,,ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობა, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად“, თუმცა აღსრულება გადაავადა 2021 წლის 01 ივლისამდე, რათა არ შექმნილიყო მნიშვნელოვანი სახელწიფო ინტერესების დაზიანების საფრთხე.
5.14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების სადავო ნორმატიული შინაარსის დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან ძალადაკარგულად ცნობა შექმნიდა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესების დაზიანების საფრთხეს. იმისათვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტურად უზრუნველყონ ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების სათანადო, ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარება, საჭიროდ ჩათვალა მათთვის მკაფიო საკანონმდებლო ინსტრუქციების მიცემა. რიგ შემთხვევებში საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში სადავო ნორმის დაუყოვნებლივ გაუქმება შეაფერხებდა სამართალდამცავთა ლეგიტიმურ ქმედებებს, რომელთა მოქმედებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ კანონმდებელს და შესაბამის ორგანოებს გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ინსტიტუციური ცვლილებების განსახორციელებლად განუსაზღვრა ვადა 2021 წლის პირველ ივლისამდე, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, გაიზიაროს კასატორების არგუმენტები.
5.15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ. ჩ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
5.16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. მ–სა და მ. ა–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე