Facebook Twitter

საქმე N 330100118002467092

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №26აპ-23 19 აპრილი, 2023 წელი

ჯ–ე გ., №26აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ჯ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ე.ი. სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, სსკ-ის 2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2018 წლის 17 აპრილს, 23:58 საათზე, ქ.თ–ში, ს–ს ქუჩა №...-ში დააკავეს გ. ჯ–ე, რომელმაც ოჯახში ძალადობა განახორციელა შვილზე - თ. ჯ–ე, მისი შეხედულებით არატრადიციული ორიენტაციის, კონკრეტულად, ლესბოსელობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. გ. ჯ–ს, 2015 წლის ბოლოდან, მისი შვილის - თ. ჯ–ს მეგობრის - თ. გ–ს გაცნობისთანავე ჩამოუყალიბდა შეხედულება, რომ თ. ჯ–ე და თ. გ–ი იყვნენ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის, კერძოდ, ლესბოსელები და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატიურად, თითქმის ყოველდღიურად, შეურაცხყოფდა, ამცირებდა და აშანტაჟებდა თ. ჯ–ს. მათ შორის, გ. ჯ–ს მიერ თ. ჯ–ს მიმართ, შეურაცხყოფის, დამცირების და შანტაჟის ფაქტებს ადგილი ჰქონდა: 2017 წლის სექტემბერში, 2018 წლის 19 იანვარს, 2018 წლის მარტის ბოლოს, 2018 წლის 17 აპრილს და ა.შ., რამაც თ. ჯ–ს ტანჯვა გამოიწვია. გ. ჯ–მ, 2018 წლის მარტის ბოლოს, ქ.თ–ში, მის სამუშაო კაბინეტში, როგორც სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს - თ. ჯ–ს, ხელი ჩაავლო ქურთუკის საყელოში და ძალის გამოყენებით შეეცადა მის გაყვანას მეორე ოთახში, რა დროსაც თ. ჯ–სეს ქურთუკის საყელო მიებჯინა ყელში და განიცადა ფიზიკური ტკივილი. გ. ჯ–მ 2018 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, თ. ჯ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ წააქცია დივანზე და დაუწყო ცემა სახის არეში, დაახლოებით 10-ჯერ გაარტყა გაშლილი ხელი სახეში. შემდეგ დაუმტვრია მობილური ტელეფონი. ასევე, მათ მისამართზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მისვლის შემდეგ, დაახლოებით 23:50 საათზე, გ. ჯ–ს კვლავ გაუმძაფრდა აგრესია, თ. ჯ–ს აიძულებდა გაეუქმებინა გამოძახება და პოლიციელთათვის ეთქვა, რომ არაფერი მომხდარა და მათ დახმარებას არ საჭიროებდა. შემდეგ კი რამდენჯერმე, დაახლოებით ხუთჯერ გაარტყა გაშლილი ხელი სახეში. თ. ჯ–მ გ. ჯ–ს მიერ მიყენებული დარტყმების შედეგად მიიღო დაზიანებები, განიცადა ფიზიკური ტკივილი, მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

1.3. 2018 წლის 17 აპრილს, 23:58 საათზე, ქ.თ–ში, ს–ს ქუჩა №...-ში დააკავეს გ. ჯ–ეე, რომელმაც, მისი შეხედულებით არატრადიციული ორიენტაციის, კონკრეტულად, ლესბოსელობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში ძალადობა განახორციელა შვილზე - თ. ჯ–ზე, რა დროსაც თ. ჯ–სეს ამავე ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, ყელის გამოჭრით და მოკვლით. აღნიშნულით თ. ჯ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განაჩენით გ. ჯ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარინე ლომიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. ჯ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 21 დეკემბერს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარინე ლომიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. ჯ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. 2023 წლის 6 იანვარს გ. ჯ–ს ინტერესების დამცველმა ადვკატმა ლ. ზ–მ წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან დაზარალებულ თ. ჯ–ს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ გ. ჯ–ს ბრალეულობას. 2018 წლის იანვარში თავისი უფლებების გასარკვევად დაზარალებულმა მიაკითხა არასამთავრობო ორგანიზაციას, რის შემდეგაც ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში და მოითხოვა მამის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა. 2018 წლის 17 აპრილის ფიზიკური ძალადობის შემდეგ დაზარალებულმა ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში, ასევე გამოიკითხა მოწმის სახით. შესაბამისად, მისი მხრიდან სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას. კასატორი ასევე უთითებს, რომ მართალია მოწმეები - შ. კ–ე და მ. ხ–ა უშუალოდ არ შესწრებიან გ. ჯ–ს მიერ თ. ჯ–ს მიმართ ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტს, თუმცა მათ მყისიერი შეხება ჰქონდათ დაზარალებულთან, რომელსაც ეტყობოდა რამდენიმე წუთის წინ მასზე ფსიქოლოგიური ძალადობისა და მუქარით გამოწვეული შიშის კვალი. მოწმეებმა დეტალურად აღწერეს დაზარალებულის ფსიქო-ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა, შესაბამისად, ამ ნაწილში მათი ჩვენებები არის პირდაპირი. გარდა იმისა, რომ 2018 წლის 24 იანვარს თ. ჯ–ს ინიციატივით გ. ჯ–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, დაზარალებულმა გაუსაძლისი პირობებისა და ორიენტაციის ნიშნით დევნის მიზეზით არაერთხელ დატოვა საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობდა არასახარბიელო პირობებში, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გ. ჯ–ე მასზე ნამდვილად ძალადობდა ფსიქოლოგიურად. გ. ჯ–ს ბრალეულობას ასევე ადასტურებს შემაკავებელი ორდერი, მოწმეების - ზ. ს–ს, თ. გ–ს, ჯ. გ–სა და დ. ს–ს ჩვენებები, რომლებიც თანხვედრილია დაზარალებულის განცხადებაში, გასაუბრების ოქმსა და ექსპერტისთვის მიწოდებულ ინფორმაციასთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმე მ. ბ–ს ჩვენებით დადგინდა, რომ გ. ჯ–ს ქმედებებით დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი დადასტურდა, რომ დაზარალებულს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები. კასატორი ასევე უთითებს, რომ დაცვის მხარის მოწმის - თ. გ–ს ჩვენება ეწინააღმდეგება მის მიერ გამოძიებაში მიწოდებულ ინფორმაციას და ემსახურება გ. ჯ–სთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, რის გამოც იგი არ უნდა გაიზიაროს სასამართლომ.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ჯ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სსკ-ის 2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბარალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. დაზარალებულმა თ. ჯ–მ (შვილმა) უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გ. ჯ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა გ. ჯ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებული მოწმეების - თ. გ–ს, ჯ. გ–სა და დ. ს–ს ჩვენებებზე, კერძოდ, მოწმე თ. გ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის ზაფხულში თ. ჯ–ე დედასთან ერთად იმყოფებოდა ს–ში. მას იქ ყოფნისას თამარმა უამბო, რომ იმის გამო, რომ სურდა ვარდისფერი ტუშის შეძენა დედასთან მოუვიდა უთანხმოება, რადგან დედის აზრით ის ფერი აღნიშნავდა არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას. გარდა ამისა, ოჯახი თ. ჯ–ს არ აძლევდა სწავლის სხვა სპეციალობით გაგრძელების უფლებას. მისთვის ასევე ცნობილია, რომ 2018 წელს დაზარალებულის მამამ გაიგო, რომ თ. არ დადიოდა უნივერსიტეტში, რის გამოც შეიკრიბა მთელი ოჯახი და თ. ჯ–ს სწავლასთან და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით მოსთხოვეს პასუხი. ამის შემდეგ, თ. ჯ–ე წამოსული იყო სახლიდან და დაახლოებით სამი კვირა ცხოვრობდა მასთან. 2018 წლის მარტში, თ. გ–ნი მშობლებთან და დეიდაშვილ დ. ს–თან ერთად მივიდა გ. ჯ–ს სტომატოლოგიურ კლინიკაში, რა დროსაც გ. ჯ–მ მის მშობლებს უთხრა, რომ გოგონებს ჰქონდათ არატრადიციული ორიენტაცია და იყვნენ ნარკომანები, თუმცა რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. საუბრისას დაიძაბა ვითარება, რა დროსაც გ. ჯ–მ თ. ჯ–ს ქურთუკის საყელოში მოჰკიდა ხელი და ცდილობდა მის მეორე ოთახში გაყვანას. იმ დღის შემდეგ გოგონები შეთანხმდნენ, რომ თ. გ–ი დროებით გაერიდებოდა თ–სს და თ. ჯ–ც იფიქრებდა სახლში დაბრუნებაზე. დაზარალებულს სახლში დაბრუნებიდან დაახლოებით 4-5 დღეში ოჯახის წევრებთან კვლავ დაეძაბა ურთიერთობა. მისთვის ცნობილია, რომ 2018 წლის 17 აპრილს თ. ჯ–ე საღამოს 9 საათზე მივიდა სახლში. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ მას მისწერა თ–მა და სთხოვა დახმარება, რათა დაერეკა პოლიციაში, რადგან მამამ სახეში ხელი დაარტყა და გარეთ არ უშვებდა. მან დარეკა პოლიციაში და მივიდა თამარის კორპუსთან. მეორე დილით მასთან მივიდა თ. ჯ–ე, რომელიც იყო ნამტირალევი და ეტყობოდა ნერვიულობის კვალი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ თვითონ გ. ჯ–ის მხრიდან თ. ჯ–სის მიმართ ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას არასდროს შესწრებია, მხოლოდ სტომატოლოგიურ კლინიკაში მომხდარ ინციდენტს შეესწრო, რა დროსაც მამას თამარისთვის რაიმე დაზიანება არ მიუყენებია. მოწმის ჩვენება გ. ჯ–ს სტომატოლოგიურ კლინიკაში მომხდარი ფაქტის ნაწილში გამყარებულია მოწმეების - ჯ. გ–სა და დ. ს–ს ჩვენებებით. ამასთან, მოწმე დ. ს–მა დაადასტურა 2018 წლის 17 აპრილს თ. გ–ს მიერ თ. ჯ–სგან შეტყობინების მიღების ფაქტი, რომლითაც დაზარალებული ფიზიკური ძალადობის გამო ითხოვდა პოლიციაში დარეკვას. მან მოგვიანებით ნახა თ. ჯ–სე, რომელსაც სახეზე ეტყობოდა დაზიანებები. მართალია აღნიშნულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ გ. ჯ–ე დაინტერესებული და შეშფოთებული იყო თ. ჯ–ს ცხოვრების წესითა და იმ ფაქტით, რომ გოგონა აღარ სწავლობდა, თუმცა მათი ჩვენებებით არ დადასტურდა სისტემატური შეურაცხყოფის მიყენებისა და დამცირების ფაქტი. ისინი შეესწრნენ მხოლოდ იმას, რომ 2018 წლის მარტში შეხვედრისას გ. ჯ–მ ქურთუკის საყელოში მოჰკიდა შვილს ხელი და ცდილობდა მის სხვა ოთახში გაყვანას. ამასთან, ჯ. გ–მა კატეგორიულად განმარტა, რომ ამ დროს გ. ჯ–ს თ. ჯ–თვის ხელი არ დაურტყამს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მართალია წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 17 აპრილს თ. გ–მა დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე დარეკა პოლიციაში, თუმცა აღნიშნულით უტყუარად არ დასტურდება, რომ დაზარალებულზე იძალადა მამამ და ამის შედეგად თ. ჯ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმეების - შ. კ–სა და მ. ხ–ს ჩვენებებზე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ 2018 წლის 17 აპრილს მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ მისამართზე, რომლის კართან ისმოდა ხმაური და გინება. თავიდან მათ კარს არ უღებდნენ, მოგვიანებით კი ბინის კარი გააღო გ. ჯ–მ. სახლში იმყოფებოდა გ. ჯ–ს შვილი - თ. ჯ–ე, რომელიც იყო ნამტირალევი, ანერვიულებული და აცხადებდა, რომ მამა არ უშვებდა სახლიდან, გაუტეხა ტელეფონი, უშლიდა მეგობართან ურთიერთობას, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა. ამასთან, მოწმე გ. უ–მა დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას, დახვდნენ პატრულ-ინსპექტორები, რომლებსაც დაკავებული ჰყავდათ გ. ჯ–ე, რომლის შვილიც იყო ნამტირალევი და სახეზე ჰქონდა მცირე სიწითლეები. მოცემულ შემთხვევაში, მართალია მოწმეებმა მიუთითეს, რომ ადგილზე მისვლისას დაზარალებული იყო აღელვებული, სახეზე ეტყობოდა სიწითლისა და ტირილის კვალი, თუმცა აღნიშნული უტყუარად არ ადასტურებს გ. ჯ–ს მიერ შვილზე ძალადობისა და მუქარის ფაქტებს.

5.8. აღსანიშნავია ისიც, რომ მოწმე ზ. ს–ს ჩვენებით, 2018 წლის იანვარში მას გადაეგზავნა მოქალაქე თ. ჯ–ს განცხადება, სადაც მითითებული იყო, რომ მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მშობლები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მას მეგობარ გოგოსთან ჰქონდა არატრადიციული სექსუალური ურთიერთობა. აღნიშნულთან დაკავშირებით იგი განყოფილებაში გაესაუბრა თ. ჯ–ს, რომელმაც დაუდასტურა, რომ მშობლების აზრით იგი არის არატრადიციული ორიენტაციის და სექსუალური კავშირი აქვს მეგობართან, თვლიან, რომ ეს არის ავადმყოფობა, ცდილობენ მის განკურნებას და ფსიქოლოგიურად ძალადობენ, რათა დაშორდეს თ. გ–ს. თუმცა მოწმის განმარტებით, თ. ჯ–ს მასთან ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ დაუდასტურებია, ითხოვდა მშობლების მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემას. მისმა მშობლებმა კი უარყვეს დაზარალებულზე ძალადობა და განაცხადეს, რომ შვილს მხოლოდ რჩევა-დარიგებას აძლევდნენ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მართალია მოწმემ მიუთითა მშობლების მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, თუმცა იგი ამის შესახებ ინფორმაციას ფლობს დაზარალებულისგან, რომელმაც სასამართლოს არ მისცა ჩვენება. ამასთან, მოწმემ ისაუბრა ფსიქოლოგიური ძალადობის კონკრეტული ფაქტების მითითების გარეშე, რაც არ არის საკმარისი სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის დასადასტურებლად. ამასთან, მართალია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ფსიქიატრიული ექსპერტიზის №.......... დასკვნით დადგენილია, რომ თ. ჯ–მ გ. ჯ–ს მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. თუმცა გასათვალისწინებელია ექსპერტის ჩვენებაც, რომლითაც დგინდება, რომ თ. ჯ–ე იყო ძალიან აღელვებული, დაბნეული და მისი გახსნა გაუჭირდა. დიდხანს ჰქონდა მასთან ურთიერთობა. ისაუბრეს, ჩაუტარდა ფსიქოლოგიური კვლევები. მას ჰქონდა სუიციდის აზრები. დეპრესიის ხარისხი იყო კრიტიკულ დონეზე. გაზვიადებებს ადგილი არ ჰქონია, ბავშვი იყო ძალიან დასტრესილი და ცუდ მდგომარეობაში. ექსპერტის განმარტებით, თითქმის ყველა სხვა მტკიცებულება იყო თ. ჯ–ს ჩვენების საპირისპირო. თ. ჯ–სის მონაყოლს ადასტურებდა მხოლოდ თ. გ–ი. თ. ჯ–ს ავარიის შემდგომ ჰქონდა მსუბუქი დეპრესია. მას თ. ჯ–მ უთხრა, რომ როდესაც ეძინა ბებია დახვდა გარდაცვლილი, რაც ძალიან განიცადა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და დაცვის მხარის მოწმის - თ. გ–ს ჩვენებით იკვეთება არაერთი გარემოება, რასაც შესაძლოა გამოეწვია ფსიქოლოგიური ტანჯვა, კერძოდ, დაზარალებულის დედამ დაადასტურა, რომ 2008 წელს თ. ჯ–ს ეძინა ბებიასთან, რომელიც გარდაიცვალა, რის გამოც მიიღო სტრესი, თუმცა ფსიქოლოგთან არ მიუყვანიათ, მოგვიანებით კი თ–ს დაეწყო შიშები. მას შემდეგ რაც გახდა სტუდენტი მამასთან ერთად მიდიოდა თბილისში, რა დროსაც მოუვიდათ ავარია, რამაც მასზე ცუდად იმოქმედა. შემდეგ ჰქონდა პრობლემები, რის გამოც ჯერ ფსიქიატრთან მიიყვანეს, შემდეგ ნევროლოგთან, რომელმაც დაუნიშნა ანტიდეპრესანტი და გარკვეული პერიოდი მკურნალობდა. შემდეგ გაიგეს, რომ თ. ჯ–ე არ დადიოდა უნივერსიტეტში და სტატუსიც შეჩერებული ჰქონდა, რაც მათთვის აღმოჩნდა მოულოდნელი და სურდათ გარკვეულიყვნენ რა იყო ამის მიზეზი. იმის გათვალისწინებით, რომ ფსიქოლოგიური სტრესის გამომწვევ ფაქტორებად სახელდება არა მხოლოდ ოჯახის წევრებისგან ზეწოლა, არამედ, ბებიის გარდაცვალება, ავარია და სხვა, უტყუარად იმის მტკიცება, რომ სწორედ გ. ჯ–ს ქმედებებმა გამოიწვიეს თ. ჯ–სის ტანჯვა მოკლებულია საფუძველს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თ. ჯ–ს ოჯახის სხვა წევრებთანაც ჰქონდა კონფლიქტი, თუმცა უტყუარად არ დგინდება, რომ ამ დაპირისპირებებს ახლდა უშალოდ მამის მხრიდან შეურაცხყოფა, დამცირება, შანტაჟი, ფიზიკური ძალადობა ან მუქარა.

5.9. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოწმეთა ჩვენებები ძალადობისა და მუქარის ფაქტთან დაკავშირებით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან თვითონ აღნიშნულს არ შესწრებიან და გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამასთან, მოწმეების ჩვენებებით არ დგინდება განიცადა თუ არა თ. ჯ–მ ფიზიკური ტკივილი ან მუქარა აღიქვა თუ არა რეალურად. შესაბამისად, ამ ნაწილში მათი ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ. ჯ–ს მხრიდან დაზარალებულზე ძალადობას ან მუქარას, წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულს კი სასამართლოში ჩვენება არ მიუცია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.

5.10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. ჯ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სსკ-ის 2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე