Facebook Twitter

საქმე # 330100118002341022

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №794აპ-21 ქ. თბილისი

ბ–ი ა., 794აპ-21 22 მარტი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულების - მ. პ–ის, ა. ბ–სა და მსჯავრდებულ ა. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - კ. ჩ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

1.1. მ. პ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

1.2. ა. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. ა. ბ–მა, მ. პ–სთან წინასწარი შეთანხმებით, გასაღების მიზნით, შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1,1181 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, საიდანაც ნაწილს, 14 ცალად დაფასოებულ, დიდი ოდენობით - 0,2563 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰერიონის შემცველ ნივთიერებას უკანონოდ ინახავდა პირადად ა. ბ–ი, ხოლო 6 ცალად დაფასოებულ, 0,1062 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას უკანონოდ ინახავდა პირადად მ. პ–ი, ნაწილს კი, 43 ცალად დაფასოებულ, 0,6526 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას ა. ბ–სი და მ. პ–ი უკანონოდ ინახავდნენ თ–ში, სოფელ ფ–ში, ა–ს ქ. №..–ში მდებარე დამხმარე ნაგებობაში. 2018 წლის 24 იანვარს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერების დარჩენილი ნაწილი, კერძოდ 0,035 გრამი, 100 ლარად უკანონოდ გაასაღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელ დ. ნ–ზე, 0,038 გრამი ასევე 100 ლარად - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელ გ. გ–ზე, ხოლო 0,03 გრამი ასევე 100 ლარად უკანონოდ გაასაღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელ ლ. გ–ზე. 2018 წლის 24 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თ–ში, სოფელ ფ–ში, ა–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს ა. ბ–ს, ხოლო თ–ში, სოფელ ფ–ში, ა–ს ქ. №..–ში მდებარე დამხმარე ნაგებობაში, პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს მ. პ–ს, რა დროსაც ამოიღეს მითითებული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე, 2018 წლის 24 იანვარს ჩატარდა თ–ში, სოფელი ფ–ში, ა–ს ქუჩა N..-ში მდებარე დამხმარე ნაგებობის ჩხრეკა, ხოლო ა. ბ–სა და მ. პ–ს მიერ გასაღებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს გ. გ–ს, ლ. გ–სა და დ. ნ–საგან.

2.2. თბილსის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის დადგენილებით ა. ბ–ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარი. 2018 წლის 24 იანვარს ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ა. ბ–ს დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების ფაქტი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენით:

3.1. ა. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. ა. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. ა. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი;

3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ა. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 14 წლით;

3.5. ა. ბ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2018 წლის 24 იანვრიდან.

3.6. მ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.7. მ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.9. მ. პ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2018 წლის 24 იანვრიდან.

3.10. ა. ბ–სა და მ. პ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვათ - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 წლით.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - კ. ჩ–მ და მსჯავრდებულ მ. პ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ი. გ–მ.

4.1. მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი კ. ჩ–ე საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენის გაუქმებას ა. ბ–ს მიმართ და მის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

4.2. მსჯავრდებულ მ. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ი. გ–ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულების - მ. პ–სა და ა. ბ–ს პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეოფირის გამოკვლევას; მ. პ–ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ლმობიერი სასჯელის შეფარდებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - მ. პ–მა და ა. ბ–მა და მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - კ. ჩ–მ.

6.1. მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველ ადვოკატს კ. ჩ–ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 1 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 5 - დღიანი ვადა. მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. ჩ–მ დაზუსტებული საკასაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულ ა. ბ–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განაჩენის გაუქმება, ა. ბ–ს უდანაშაულოდ ცნობა და სასჯელისაგან გათავისუფლება.

6.2. მსჯავრდებულებმა - მ. პ–მა და ა. ბ–მა მოითხოვეს განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებიდან გასაღების ამორიცხვა და სასჯელის შემსუბუქება.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრები განიხილება საჩივრებისა და მათი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისა და მ. პ–სის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების ნაწილში - საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორმა - ადვოკატმა კ. ჩ–მ განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეთა: ლ. გ–ს, გ. გ–ს, დ. ნ–ს, ლ. გ–ს, გ. დ–ს, ა. ლ–ს, ი. რ–ს, ნ. მ–ს, ჯ. კ–ს, დ. ლ–ს, დ. მ–ს, მ. ჯ–ს, რ. გ–ს, ალ. ი–ს, გ. ც–ს, დ. ა–ს, დ. ნ–ს, გ. ზ–ს, ი. თ–ს, პ. წ–ს, ი. მ–ს, ნ. მ–ს ჩვენებებით, 2018 წლის 30 იანვრის N.... ექსპერტიზის დასკვნით, 2018 წლის 25 იანვრის N.... ექსპერტიზის დასკვნით, 2018 წლის 23 თებერვლის N... დასკვნით, 2018 წლის 13 თებერვლის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N.... დასკვნით, 2018 წლის 30 იანვრის ქიმიური ექსპერტიზის N... და N..... დასკვნებით, N.... ოქმით, 2018 წლის 24 იანვრის ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმებით, 2018 წლის 24 იანვრის ამოღების ოქმებით, 2018 წლის 24 იანვრის ა. ბ–ის პირადი ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 24 იანვრის მ. პ–ის პირადი ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 24 იანვრის დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 24 იანვრის საექსპერტო - კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დასკვნით, 2018 წლის 24 იანვრის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს N.... დასკვნით, 2017 წლის 8 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ. პ–მა და ა. ბ–მა ჩაიდინეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. ა. ბ–მა ჩაიდინა ასევე ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მამხილებელი მოწმეები ერთგვაროვნად წარმოგვიდგენენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს, მოწმეთა მიერ გამოძიებისა და სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის დროის, ადგილის, მასში მონაწილე პირებისა და თავად მათი ქმედებების შესახებ იდენტურია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის №550აპ-20 განჩინება).

11. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გ. დ–მა (საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი), ა. ლ–მ (საქართველოს შსს კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომელი), ი. რ–მა (საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი) მიუთითეს, რომ როდესაც გ. გ–მ, დ. ნ–მ და ლ. გ–მ შეიძინეს ნარკოტიკული საშუალებები - იმყოფებოდნენ სოფელ ფ–ში და აკვირდებოდნენ მოვლენების განვითარებას. ადგილზე იმყოფებოდა არაერთი თანამშრომელი, რადგან მათთვის უცნობი იყო, რამდენი ადამიანი შეიკრიბებოდა ნარკოტიკის რეალიზაციისათვის. შემთხვევის ადგილი - ძველი საპირფარეშო მდებარეობს მჭიდროდ დასახლებულ უბანში. განაწილდნენ ადგილზე, პირველად შევიდა სპეცრაზმი. გ. დ–ი ჯგუფის წევრებთან ერთად უკანა მხრიდან აზღვევდა. საპირფარეშოდან გამოსულმა ერთმა პირმა(ა. ბ–ი) პოლიციელების დანახვაზე სცადა გაქცევა. ა. ლ–მ მიუთითა, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები და პოლიციის თანამშრომლები ა. ბ–ს დაკავების შემდეგ შევიდნენ საპირფარეშოში, სადაც ასევე ერთი პირი - მ. პ–ი იმყოფებოდა, რომელიც სამართალდამცავებს უწევდა წინააღმდეგობას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ოპერაციაში მონაწილე პირები ადასტურებენ საკონტროლი შესყიდვების განხორციელებიდან მსჯავრდებულთა დაკავებამდე თვალთვალის უწყვეტად განხორციელებას.

12. დადგენილია, რომ თ–ში, სოფელ ფ–ში, ა–ს ქ. N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ბ–ს ჯინსის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს შავი ფერის პისტოლეტის ტიპის საგანი, მასში მოთავსებული მჭიდითა და 3 ვაზნით; შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან და ქურთუკის მარცხენა წინა ჯიბიდან - ფულადი თანხა, ხოლო შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან - ლურჯი ფერის პაკეტში გახვეული - 14 ცალი წონაკი ფხვნილისებური ნივთიერებებით. თანხა დალუქვამდე დათვალიერდა ულტრაიისფერი სხივებით, რა დროსაც 8 ცალ 20 - ლარიან კუპიურაზე გამოისახა წარწერა - ,,ცკპდ“. პირადი ჩხრეკის ოქმი ბრალდებულს ეთარგმნა მისთვის გასაგებ ა–.. ენაზე და მან ოქმს ხელი მოაწერა.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. ბ–სის 2018 წლის 24 იანვრის პირადი ჩხრეკის კანონის შესაბამისად ჩატარება დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხვისას ჯ. კ–მ, დ. ლ–მა, დ. მ–მა, ექსპერტებმა: მ. ჯ–მ და რ. გ–მა; სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა, ჩხრეკას თარჯიმან ა. ი–თან ერთად ესწრებოდა ა. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი- მ. ჩ–ი, რომელიც ხელს აწერს ჩხრეკის ოქმს და რომელსაც რაიმე შენიშვნა ჩხრეკის კანონიერებასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს; დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია არც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განჩინება (მოსამართლის განჩინების გარეშე გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ა. ბ–ს პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ).

14. მ. პ–ს პირადი ჩხრეკის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ჩატარება დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ნ. მა–მა, გ. დ–მა, ა. ლ–მ და ი. რ–მა. მოწმეებმა მიუთითეს, რომ ჩხრეკას თარჯიმანთან ერთად ესწრებოდა გარეშე პირი - მ. ი–ი, რადგან გასაჩხრეკმა პირმა არ იცოდა წერა-კითხვა. პირადი ჩხრეკის ოქმზე გარეშე პირის მინაწერის თანახმად, მ. პ–ს ოქმის შინაარსი უთარგმნა თარჯიმანმა. ასევე, შენიშვნის თანახმად, ვინაიდან მ. პ–მა არ იცის წერა-კითხვა, ოქმს ხელს აწერს გარეშე პირი - მ. ი–ი, რომელსაც იგი ენდობა. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოიკვლიეს პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. ბ–ს ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკულ საშუალებასთან ერთად ამოიღეს საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში გამოყოფილი კუპიურები. მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2018 წლის 30 იანვრის ქიმიური ექსპერტიზის N.... დასკვნის თანახმად, ა. ბ–ს მარჯვენა და მარცხენა ხელიდან ბამბის ტამპონების საშუალებით აღებულ ანაწმენდებზე ნიმუშის მსგავსი მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერებების კვალი არ აღმოჩნდა და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N.......... დასკვნით ნარკოტიკული საშუალებების პაკეტებზე ა. ბ–ს გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლენილა, ნაწილზე კი ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია არ მიუთითებს, რომ ა. ბ–ი არ მონაწილეობდა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაში. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ხელზე, შემთხვევის ადგილზე ან დანაშაულის საგანზე კვალის არარსებობა a priori არ ნიშნავს ამ პირის უდანაშაულობას, რადგან აღნიშნული უკავშირდება კვალწარმოქმნის პროცესის თავისებურებას (მაგალითად, კონტაქტის ხასიათი, ხანგრძლივობა და ა.შ.), რაც ასევე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა - ი. მ–მ.

16. სასამართლო ვერ გაიზიარებს მ. პ–ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 თებერვლის სხდომაზე (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 თებერვლის სხდომის ოქმი) მოწმის სახით დაკითხვისას გაჟღერებულ პოზიციას - შემთხვევის დღეს ა. ბ–სთვის დარჩენილი ვალის ნაწილის - 1500 ლარის გადახდის და დარჩენილი ვალის სანაცვლოდ მისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს რომ არც ა. ბ–ს და არც მ. პ–ს არ წარმოუდგენიათ კონკრეტული ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ. პ–სა და ა. ბ–ს შორის მანქანის ნასყიდობას და ვალის არსებობას, აღნიშნული თანხის „მოპოვების“/გადაცემის ადგილს და ვითარებას, თანხის სახეს.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, გამოძიება დაიწყო 23.01.2018 წელს, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე. გამომძიებელმა ლ. გ–მა 2018 წლის 23 იანვარს მოწმის სახით გამოკითხა გამომძიებლები: გ. გ–ა, დ. ნ–ე და ლ. გ–ე, რომლებმაც გამოხატეს მზაობა მონაწილეობა მიეღოთ ოპერატიულ-სამძებრო მოქმედება - საკონტროლო შესყიდვაში, ხოლო პროკურორის წერილით დასტურდება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფლებამოსილება - საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის, დამნაშავე პირების დანაშაულში მხილებისა და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით სამმართველოს თანამშრომლებმა უზრუნველყონ ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება.

18. შესაბამისად, ფულის დათვალიერების ოქმში არსებული ჩანაწერი - „ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი თანხა“ - ცალსახაა, რომ წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის უზუსტობას, ვინაიდან მოწმეები(გ. გ–ა, დ. ნ–ე, ლ. გ–ე) თავიდანვე მზაობას გამოთქვამდნენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში მონაწილეობაზე, ამ საკითხის დასაზუსტებლად გამოიკითხნენ, პროკურორმა გასცა შესაბამისი ნებართვა ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარებაზე და საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა, რომ საგამოძიებო ორგანო გამოძიების რომელიმე ეტაპზე აპირებდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.

19. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემობას, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად გამოყოფილ თანხაზე შედგა დათვალიერების ოქმი (აღიწერა კუპიურების სახე და ნომრები). დათვალიერების ოქმში(იხ.: ტ.1, ს.ფ. 10) მითითებული კუპიურების სახე და ნომრები იდენტურია თანხის ქიმიური დამუშავებისას შედგენილ ოქმში N........(იხ.: ტ. 1, ს.ფ. 17) მითითებული კუპიურების სახისა და ნომრებისა, რაც ასევე იდენტურია მ. პ–სა და ა. ბ–ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული, ქიმიურად დამუშავებული ფულის კუპიურების ნომრებისა.

20. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, საკონტროლო შესყიდვებსა და ჩხრეკისა და დაკავების ოქმების შედგენას შორის არსებულ დროის შუალედზე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულების პიროვნების გათვალისწინებით აუცილებელი გახდა საგამოძიებო მოქმედებებში გარეშე პირის, თარჯიმნის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის მოწვევა, რაც თავის მხრივ საჭიროებდა გარკევეულ დროს. ამასთან, ა. ბ–ს პირად ჩხრეკას ასევე ესწრებოდა ადვოკატი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2018 წლის 24 იანვრის ა. ბ–ს დაკავების ოქმის თანახმად მისი ფაქტობრივი დაკავება მოხდა 2018 წლის 24 იანვარს 17:02 საათზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ ა. ბ–ი საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს 17:02 საათამდე გარკვეული დროით ადრე ჰყავდათ შეჩერებული, თუმცა სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. ბ–სათვის (ფაქტობრივი შეჩერების დროის მხედველობაში მიღებით) ბრალის წარდგენა და აღკვეთის ღონისძიების შეფარდება მოხდა საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესით და ვადაში, მისი დაკავების ვადა არ აღემატებოდა საქართველოს სსსკ-ის 174-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ხანგრძლივობას.

21. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა. ბ–სა და მ. პ–ს მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. ა. ბ–ის მიერ ასევე, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მსჯავრდებულების - ა. ბ–სა და მ. პ–ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ნაწილში გამართლების შესახებ.

22. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულებს - ა. ბ–სა და მ. პ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია); არ არსებობს „ამნისტიის შესახებ“ 2021წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი .

23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

24. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

25. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

26. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულების - მ. პ–ს, ა. ბ–სა და მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - კ. ჩ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე