საქმე # 120100122006224579
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №100აპ-23 ქ. თბილისი
წ–ე მ., 100აპ-23 18 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - მ. და დ. წ–ების ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - მ. და დ. წ–ების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ–მ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულების მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლომ, ერთი მხრივ, არ გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 54-ე მუხლის მოთხოვნა, ისევე, როგორც - მ. და დ. წ–ების ქმედებების ხასიათი და მათი პიროვნული მახასიათებლები, კერძოდ, მსჯავრდებულებმა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაულები, დაეხმარნენ გამოძიებას, უდავოდ გახადეს მტკიცებულებები, დაზარალებულებს პრეტენზია არ გააჩნიათ და მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოკვეთილა, ხოლო, მეორე მხრივ, სათანადოდ არ შეაფასა მსჯავრდებულების თვალწინ მათი მამის მკვლელობის გამო უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:
2.1. დ. წ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დ. წ–ს საბოლოოდ მიესაჯა - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. მ. წ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და მ. წ–ს საბოლოოდ მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დავით და მ. წ–ებმა ჩაიდინეს: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად (დაზარალებულ ნ. ა–ს ეპიზოდი); სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (დაზარალებულ ნ. გ–ს კუთვნილი ავტომანქანის ეპიზოდი); ასევე - დ. წ–მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (დაზარალებულ მ. გ–სის ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (დაზარალებულ ნ. გ–ს ეპიზოდი), ხოლო მ. წ–მ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (დაზარალებულ ნ. ა–სის ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (დაზარალებულ მ. ტ–ს ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2021 წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში (ქ–ში), ნ. ა–ს საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ნ. ა–სის მიერ ი. წ–ს განზრახ მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილის შვილებმა - მ. და დ. წ–ებმა სახისა და ტანის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნ. ა–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
3.2. 2021 წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში (ქუნცაში), ნ. ა–ს საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ნ. ა–ს მიერ ი. წ–ს განზრახ მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილის შვილებმა - დ. და მ. წ–ებმა განზრახ დააზიანეს ნინო გვარაძის კუთვნილი „ჰონდა ფიტის“ (სარეგისტრაციო ნომრით N......) მარკის ავტომობილი, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა - 1050 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3.3. 2021 წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში (ქ–ში), ნ. ა–სის საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ნ. ა–სის მიერ ი. წ–ს განზრახ მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილის შვილმა - დ. წ–მ სახისა და ტანის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ. გ–სს, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
3.4. 2021 წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში (ქ–ში), ნ. ა–სის საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ნ. ა–ს მიერ ი. წ–ს განზრახ მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილის შვილმა - მ. წ–ეემ შუბლისა და ზურგის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ. ტ–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
3.5. 2021 წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში (ქ–ში) , ნ. ა–სის საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ნ. ა–სის მიერ ი. წ–ს განზრახ მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილის შვილმა - დ. წ–მ ტანის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. გ–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.
3.6. 2021 წლის 29 დეკემბერს დაახლოებით 17:30 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში (ქ–ში), მ. წ–მ ურთიერთშელაპარაკებისას, ხელი დაარტყა ნ. ა–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - მ. და დ. წ–ების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ–მ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულების სასიკეთოდ მის შებრუნებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს: დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და იზიარებს. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მართებულად შეაფასა და მსჯავრდებულთა ქმედებებს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა, რადგან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით დადგენილია, რომ დ. და მ. წ–ები მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს ძლიერი, სულიერი აღელვების მდგომარეობაში არ ყოფილან, რაც, შესაბამისად, გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით გათვალისწინებული პრივილეგირებული დანაშაულის - უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანების - შემადგენლობას.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - დავით და მ. წ–ების ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რაც ერთობლივად მხედველობაში მიღებით, გამორიცხავს შემამსუბუქებელ გარემოებათა არსებობისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 54-ე მუხლის (თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე გამოცხადდა ბრალის აღიარებით, აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას და არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებანი, სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს) საფუძველზე სასჯელის შეფარდების წესის გამოყენებას, ხოლო მსჯავრდებულთა ქმედებებში გამოკვეთილ ძალადობრივ დანაშაულთა სიმრავლე, მათ პიროვნულ საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის და არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების მიზანშეწონილობას ამცირებს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების - მ. და დ. წ–ების ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი