Facebook Twitter

საქმე # 190100121005143645

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1013აპ-22 ქ. თბილისი

ა. ე.1013აპ-22 3 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ჯალაღანიასა და მსჯავრდებულ ე. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ო. ს–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი;

1.2. განსაკუთრებული სისასტიკით, ოჯახის წევრის, გენდერის ნიშნით, ორი პირის განზრახ მკვლელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“, ,,ვ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, “ბ“ ქვეპუნქტებით;

1.3. განსაკუთრებული სისასტიკით, ოჯახის წევრის, გენდერის ნიშნით, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“, ,,ვ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: ე. ა–ი და გ. პ–ა იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ სამი შვილი. თანაცხოვრების პერიოდში ე. ა–ი გ. პ–ს ყოველმხრივ უზღუდავდა თავისუფლად ცხოვრებისა და გადაწყვეტილებების, მათ შორის - განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, არ აძლევდა საკუთარ მშობლებთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებას, მუდმივად აკონტროლებდა და მისგან მხოლოდ საოჯახო საქმეების კეთებას მოითხოვდა. აღნიშნულით ე. ა–ი გ. პ–ე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ახდენდა მამაკაცის უპირატესი მდგომარების დემონსტრირებასა და მისი გავლენის ქვეშ მოქცევას.

2.1. ე. ა–სის დამოკიდებულებების გამო გ. პ–ა დაშორდა მას და ცხოვრება საკუთარ მშობლებთან ერთად, მათსავე საცხოვრებელ სახლში განაგრძო. ე. ა–სი გ. პ–საგან შერიგებას, ხოლო მისი ოჯახის წევრებისგან, მასზე, როგორც ქალზე, ზეგავლენის მოხდენით შერიგებაზე დაყოლიებას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხსენებული პირების მოკვლით დაიმუქრა. მიუხედავად ამისა, გ. პ–მ ე. ა–ს შერიგებაზე უარი განუცხადა, რაც მან პირად და ოჯახის შეურაცხოფად მიიჩნია და ღირსების აღდგენის მოტივით, მუქარის რეალურად გახორციელება განიზრახა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2021 წლის 20 ივლისს, ე. ა–მა, შენახვის უფლებით, შეიძინა „SARSILMAZ ...“ მოდელის, 9მმ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები. იმავე დღეს, დაახლოებით 23:30 საათზე, ე. ა–სი, მისი კუთვნილი „LAND ROVER-ის“ მარკის ავტომანქანით, მივიდა მ–ს რაიონის სოფელ ზემო ს–ში მდებარე გ. პ–ას საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, ჰაერში, რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. გასროლების ხმაზე სახლიდან გამოვიდნენ გ. პ–ას მამა - ი. პ–ი, ძმა - ა. პ–ი, დედა - ს. ა–ა, მეუღლე - გ. პ–ა. ე. ა–სი, მოქმედებდა რა შურისძიებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრების მიმართ, ორი ან მეტი პირის განზარ მოკვლის მიზნით, მის ხელთნაქონი ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც უკანონოდ ატარებდა, განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრების თანდასწრებით, მეუღლის ძმის - ა. პ–ს, სიმამრის - ი. პ–ს, სიდედრის - ს. ა–სა და მეუღლის - გ. პ–ას მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლა დამიზნებით, რის შედეგადაც გ. პ–ამ და ი. პ–მა, საკუთარი ოჯახის წევრების თვალწინ, მიიღეს თავის, სახისა და გულმკერდის არეში სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები და ორივე მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ე. ა–ს გასროლების შედეგად, ასევე, საკუთარი ოჯახის წევრების თვალწინ, ს. ა–მ - ზედა კიდურის, ხოლო ა. პ–მა - ფეხის არეში მიიღეს ჭრილობების სახით ჯანმრთელობის დაზიანებები, რომლებსაც გაეწიათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და გადაურჩნენ სიკვდილს.

2.2. 2021 წლის 20 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, მ–ს რაიონში, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა „SARSILMAZ ...“ მოდელის, 9 მმ კალიბრიან პისტოლეტს, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეორიას და ვარგისია სროლისათვის, ამავე ქარხნული წესით დამზადებულ 9X19 მმ კალიბრიან საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ ვარგის 48 ცალ ვაზნას.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 იანვრის განაჩენით ე. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

3.2. საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“, ,,ვ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 18 წლით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“, ,,ვ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ,“ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;

3.4. საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ე. ა–ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 18 წლით;

3.5. საქართველოს სსსკ-ის 191-ის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ე. ა–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა განესაზღვრა .........ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (....) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესით;

3.6. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ე. ა–ს დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 21 ივლისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

4.1. მსჯავრდებულ ე. ა–ს ადვოკატმა ო. ს–მა მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირება მუხლის სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმადე.

4.2. პროკურორმა ლევან ჯალაღანიმ მოითხოვა ე. ა–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის - უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 იანვრის განაჩენი ე. ა–ს მიმართ დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

6.1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ჯალაღანია ითხოვს ე. ა–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის - უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

6.2. მსჯავრდებულ ე. ა–ს ადვოკატი ო. ს–ი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მხარეები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენს ასაჩივრებენ მხოლოდ სასჯელის ნაწილში, შესაბამისად, დავის საგანია შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა და არა, ე. ა–ს მიერ იმ დანაშაულის ჩადენა, რომელიც მსჯავრად შეერაცხა მას.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“, ,,ვ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, “ბ“ ქვეპუნქტები დანაშაულის ჩადენის დროისათვის სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა - თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულის აღიარება და მონანიება (საკუთარი ინიციატივით გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში), სწრაფი მართლმსაჯულებისათვის ხელშეწყობა, ის რომ ე. ა–სი ნასამართლობის არ მქონეა) და ჩადენილი დანაშაულის სახის, ჩადენის ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის მხედველობაში მიღებით განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულს განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის არა მინიმალური, არამედ მინიმუმთან მიახლოებული ხანგრძლივობა. იმავდროულად სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება ან შემსუბუქება.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

11. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

12. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

13. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ჯალაღანიასა და მსჯავრდებულ ე. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ო. ს–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი