საქმე # 130100119003340069
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1014აპ-22 ქ. თბილისი
მ. ზ. 1014აპ-22 3 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის გრიგოლ კაპანაძისა და მსჯავრდებულ ზ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ქ. გ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
1.1. ზ. მ–ს,- დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1.1. ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით;
1.1.2. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2. თ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
2.1. თ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენით თ. მ–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2019 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 02:50 საათზე თ. მ–მა წინასწარი შეთანხმებით ლ. მ–სან, ასევე ქურდობისათვის ნასამართლევ ზ. მ–სთან და ლ. ჯ–სთან ერთად, მინის კარის ქვით ჩამტვრევის შედეგად, უკანონოდ შეაღწია ა–ში, .....ის ქუჩის №..-ში მდებარე შპს ,,........ას“ კუთვნილ მაღაზიაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ძვირადღირებულ 26 ცალ ტელეფონს, რის შედეგადაც დაზარალებულ მხარეს მიადგა 27 666,84 ლარის მატერიალური ზიანი;
2.2. ზ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.2.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით ზ. მ–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 25,177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2019 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 02:50 საათზე ზ. მ–მა წინასწარი შეთანხმებით ლ. მ–ან, ასევე ქურდობისათვის ნასამართლევ თ. მ–სთან და ლ. ჯ–სთან ერთად, მინის კარების ქვით ჩამტვრევის შედეგად, უკანონოდ შეაღწია ა–ში, .......ის №..-ში მდებარე შპს ,,..........ს“ კუთვნილ მაღაზიაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ძვირადღირებულ 26 ცალ ტელეფონს, რის შედეგადაც დაზარალებულ მხარეს მიადგა 27 666,84 ლარის მატერიალური ზიანი.
2.2.2. ზ. მ–სმა 2019 წლის გაზაფხულზე თ–ში, ვ–ს მე-.. მ/რ-ში, N.. კორპუსში, ბინა N..-ში მდებარე მისი საცხოვრებელი ბინის აივანზე საღებავის ყუთში დათესა ნარკოტიკული საშუალება კანაფის მცენარე და ახდენდა მის კულტივირებას, მოყვანის მიზნით. ქიმიური ექსპერტიზის 2019 წლის 18 ივლისის N.... დასკვნის თანახმად, ზ. მ–ს საცხოვრებელ ბინაში 2019 წლის 17 ივლისს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 29,76 გრამი მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - მცენარე კანაფი.
3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 ივლისის განჩინებით ადვოკატ ქ. გ–ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ზ. მ–ს მიმართ შეწყდა საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, ვინაიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის თანახმად, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 ივლისის განაჩენით:
4.1. თ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
4.2. გამართლებულს განემარტა, რომ მას აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
4.3. ზ. მ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე და სასჯელის სახით განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
4.4. ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელის მოუხდელი ნაწილი 2 წლით, 10 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობითა და სასჯელთა შეკრების პრინციპიდან გამომდინარე, ზ. მ–ს სასჯელის სახით განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 10 თვითა და 25 დღით, რაშიც ჩაეთვალა 2019 წლის 23 ივლისიდან 2020 წლის 22 აპრილის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;
4.5. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ზ. მ–ს დაეწყო განაჩენის დადგენის დღიდან - 2021 წლის 21 ივლისიდან.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდებისა და დაცვის მხარებმა, კერძოდ:
5.1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ მოითხოვა ზ. მ–სა და თ. მ–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდებით - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, შესაბამისი სამართლიანი სასჯელის დანიშვნით.
5.2. მსჯავრდებულ ზ. მ–ს ადვოკატმა ქ. გ–მა მოითხოვა ზ. მ–ს უდანაშაულოდ ცნობა.
6. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ თ. მ–სის ადვოკატმა პ. მ–მა და მოითხოვა პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ხოლო დასაშვებად ცნობის შემთხვევაში თ. მ–ს ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
8.1. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი გრიგოლ კაპანაძე ითხოვს ზ. მ–სა და თ. მ–ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდებით - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, შესაბამისი სამართლიანი სასჯელის დანიშვნით.
8.2. ზ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ქ. გ–ი თხოვს ზ. მ–ს სრულად გამართლებას.
9. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ, პროკურორი ითხოვს ზ. მ–სა და თ. მ–ს დამნაშავედ ცნობას თავდაპირველი კვალიფიკაციით - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ზ. მ–ის ადვოკატი ქ. გ–ი - ზ. მ–ის სრულად გამართლებას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა: ზ. მ–მა და თ. მ–მა ჩაიდინეს თუ არა დანაშაული; იმავდროულად, (დანაშაულის ჩადენის დადასტურების შემთხვევაში) ზ. მ–მა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქურდობა, თუ მსჯავრად დადებული - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება თ. მ–ს მიერ საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დიდი ოდენობით ქურდობის ჩადენა. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი თვითმხილველი მოწმე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელიც დაადასტურებდა თ. მ–ს შესაძლო მონაწილეობას სადავო ქურდობის ჩადენაში. გარდა ამისა კომპანია ,,ს–დან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, თ. მ–ს სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი არ დაფიქსირებულა ქ. ა–ში, ასევე წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებით 14 ივლისს დღის განმავლობაში თ. მ–ი ასევე არ დაფიქსირებულა ქ. ა–ში.
11.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში თ. მ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი მითითებული ქმედების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია, მათ შორის - თ. მ–საგან აღებული სუნის ნიმუშისა. სისხლის სამართლის საქმეში სხვა პირდაპირი ან/და გარემოებითი მამხილებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მხოლოდ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (შემთხვევის ადგილას პირის სუნის ნიმუშის აღმოჩენის თაობაზე), არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის ქურდობის ჩადენაში მსჯავრდებისათვის.
12. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ზ. მ–ს მიერ საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დიდი ოდენობით ქურდობის ჩადენა.
12.1. იმ პირობებში, როდესაც უშუალოდ მაღაზიაში ჩადენილი ქურდობის ამსახველი ვიდეოჩანაწერებში პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია, მსჯავრდებული ზ. მ–ი გამორიცხავს მაღაზია ,,ზ–ში“ ჩადენილ ქურდობასთან რაიმე სახით კავშირს, მხოლოდ ის გარემოება, რომ 2019 წლის 14 ივლისს ზ. მ–სი მისი კუთვნილი ავტომანქანით გაემგზავრა თბილისიდან ა–ში, სადაც გაჩერდა გარკვეული დროის განმავლობაში და 15 ივლისს გვიან ღამით დაბრუნდა თ–ს მიმართულებით (რაც დასტურდება ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის 2019 წლის 19 სექტემბრის დასკვნით, ვიდეოკამერების ჩანაწერებით და ,,..........დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, რომლის თანახმად, ზ. მ–ს, ლ. მ–ს და ლ. ჯ–ს სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრები ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე ადგილას ფიქსირდებოდა, როგორც თ–დან ა–ში, ისე პირიქით - ა–დან თ–ს მიმართულებით), არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ქურდობის ჩადენაში მსჯავრდებისათვის.
13. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
14. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ზ. მ–ის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების შესახებ, რაც გულისხმობს - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენას, ფლობასა და გასაღებას, ჩადენილი არაერთგზის და ითვალისწინებს, რომ ზ. მ–ი არასრულწლოვან პირებთან - ლ. მ–ს და ლ. ჯ–სთან ერთად 2019 წლის 14 ივლისს ავტომანქანით გაემგზავრა თ–დან ა–ში, სადაც დაჰყო გარკვეული პერიოდი და 15 ივლისს გვიან ღამით დაბრუნდა თ–ს მიმართულებით; საქმეში წარმოდგენილი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენით დადგენილია, რომ არასრულწლოვნებმა ლ. ჯ–მ და ლ. მ–მა 2019 წლის 15 ივლისს დაახლოებით 02:50 საათზე, მინის კარების ქვით შემტვრევის გზით უკანონოდ შეაღწიეს ქ. ა–ში ..........ის ქუჩის N..-ში მდებარე შპს ,,......ას“ მაღაზიაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ძვირადღირებულ 26 ცალ ტელეფონს, რის შედეგადაც დაზარალებულ მხარეს მიადგა 27 666,84 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი, ხოლო მოწმე გ. მ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ მობილური ტელეფონების გაყიდვაში დახმარება მას სთხოვა ზ. მ–მა. მან თავის მხრივ ტელეფონები მიუტანა დ. დ–ს, რომელიც ეწევა მობილური ტელეფონების ყიდვა-გაყიდვას. ამასთან, ამოღების 2019 წლის 17 ივლისის ოქმის თანახმად, დ. დ–საგან ამოიღეს ზემოხსენებული მობილური ტელეფონები, ხოლო ამოღების 2019 წლის 17 ივლისის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს თ–ში, ვ–ს დასახლება, მე-.. მიკრორაიონის, მე-.. კორპუსის ეზოში, ხის ქვეშ მიწის მოთხრის შედეგად, ასევე ამოიღეს 7 ცალი მობილური ტელეფონი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ ზ. მ–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი გ. ი–ი, რა დროსაც მსჯავრდებულს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარედგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი საგანი, რაზეც მან განაცხადა თანხმობა და რის შემდეგაც ამოღებული იქნა დასახელებული ტელეფონები. ამასთან, ოქმი ხელმოწერილია, როგორც ზ. მ–ს, ისე მისი ადვოკატის მიერ. ასევე დადგენილია, რომ ამოღებული მობილური ტელეფონების ნაწილი არის მაღაზია ,,...დან“ დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ტელეფონები (აღნიშნული დასტურდება, მათ შორის - ტელეფონების IMEI კოდებით). ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზით, ასევე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენის მხედველობაში მიღებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზ. მ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
15. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ზ. მ–ს უდანაშაულობის შესახებ.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
17. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის გრიგოლ კაპანაძისა და მსჯავრდებულ ზ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ქ. გ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი