Facebook Twitter

საქმე # 040100121005130212

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№101აპ-23 ქ. თბილისი

მ–ი გ., 101აპ-23 18 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. მ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ტ–მა, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ცაგერის რაიონული სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვებას, რომელიც, მისი მტკიცებით, არსებული რეალობიდან გამომდინარეობდა. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით უტყუარად არ დასტურდება გ. მ–ს ბრალდების სისწორე. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტირებული მსჯელობა, სათანადოდ არ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდა გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარობის სტანდარტს და არჩადენილ დანაშაულში დასდო მსჯავრი გ. მ–სს, ხოლო სამხილების გამოკვლევის შედეგად გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, მსჯავრდებულის საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა.

2. ამბროლაურის რაიონული პროკურორი ზურაბ ლორია საკასაციო შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. მ–ს ბრალად დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2021 წლის 8 ივლისს, დაახლოებით 21:45 საათზე, ო–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ო–ში, გ. მ–სმა ურთიერთშელაპარაკების შედეგად გამოწვეული განაწყენების გამო, ხელთ ნაქონი დასაკეცი დანის გამოყენებით, განზრახ მოკვლის მიზნით, მუცლის არეში, მარჯვნივ, ჭიპის გასწვრივ და გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა იმავე სოფელში მცხოვრებ - მ. ტ–ს, რომელიც გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

4. გ. მ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).

5. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის განაჩენით გ. მ–სის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), რისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და არა - განზრახ მკვლელობის მცდელობა.

7. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზვიად შალამბერიძემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და გ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის განაჩენში; გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდა უტყუარობის სტანდარტს და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ საკვანძო მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა გ. მ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: დაზარალებულ მ. ტ–სის, მოწმეების - ლ. ტ–ს, ლ. მ–ს, ბ. ჩ–სა და ლ. ჩ–ს ჩვენებებიდან, სამედიცინო, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზების დასკვნებიდან და საქმეში არსებული სხვა სამხილებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

12. პირველ რიგში ხაზგასასმელია, რომ საკასაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა, რომ მ. ტ–ს დაზიანებები დანით სწორედ გ. მ–მა მიაყენა და მისი ქმედებები მიზეზობრივად უკავშირდება დამდგარ შედეგს - დაზარალებულისათვის მიყენებულ სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებას, არამედ - მხარეებს შორის საკამათო საგანს წარმოადგენს დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასება, რამეთუ დაცვის მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი კვალიფიკაცია მიანიჭა გ. მ–ს ქმედებას, როდესაც მიიჩნია, რომ მსჯავრდებული დაზარალებულს ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვით მოქმედებდა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადი ქმედებაა, ხოლო ბრალდების მხარის მტკიცებით, გ. მ–ს მ. ტ–ს მოკვლა სურდა, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა და ამდენად, მის ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია: ამ ორი სამართლებრივი მოცემულობის (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას, შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი №680აპ-17 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8).

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტები, რომლებიც, თითქოსდა, გამორიცხავდნენ გ. მ–ს ქმედებაში მკვლელობის მცდელობის შემადგენლობას, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია მსჯავრდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულ მ. ტ–სის ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს მასსა და გ. მ–სს შორის კონფლიქტი რამდენიმე ეპიზოდად განვითარდა, მათ შორის, თავდაპირველად მსჯავრდებული გაანაწყენა ეზოდან მისმა უმისამართო გინებამ, თუმცა ეს ინციდენტი მათ შორის საქმის სიტყვიერი გამორკვევით ამოიწურა, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც მ. ტ–სი იყო თავის სახლში და იწვა საწოლში, გ. მ–სმა კვლავ მიაკითხა, უთხრა მოგკლავო და დანით მიაყენა არაერთი დაზიანება; მოწმე ლ. ტ–ის ჩვენების მიხედვით, რამდენიმე პირთან, მათ შორის - გ. მ–სთან ერთად იჯდა სუფრასთან, მ. ტ–ი გარედან ბილწსიტყვაობდა, რის გამოც, მსჯავრდებული წამოდგა და გარეთ გავიდა. მას მალევე გაჰყვა ბ. ჩ–ე, რომელიც დაბრუნდა და ამცნოთ, რომ მ. ტ–სი დაჭრეს. იგი ავიდა დაზარალებულის სახლის მე-2 სართულზე, სადაც შებოჭა დანით შეიარაღებული გ. მ–ი, რომელიც დანის დასარტყამად იწევდა დაზარალებულისაკენ. მ. ტ–სი საწოლში იწვა მოხრილი და შველას ითხოვდა. მსჯავრდებულმა წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა მისგან თავის დაღწევა ვერ შეძლო, დანა დაკეცა და ძირს დააგდო; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია დანაშაულის იარაღი - სისხლიანი დანა; ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დანის პირზე აღმოჩენილია მ. ტ–ს სისხლი, ხოლო ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის - გ. მ–სს; ამასთან, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ. ტ–ს მაისურზე აღინიშნებოდა ცალმხრივლესილი პირის მქონე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით გამოწვეული დაზიანებები, რომელთა განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანით; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ მ. ტ–ს აღენიშნებოდა: მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა, წვრილი ნაწლავისა და ჯორჯლის დაზიანებით, რომელიც მიეკუთვნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო, სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს; ასევე - გულმკერდის კედლის მრავლობითი ღია ჭრილობა, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის განზრახვის დადგენისას მართებულად მიაქცია ყურადღება დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის ინციდენტამდე არსებულ დამოკიდებულებას, როდესაც მსჯავრდებულიცა და დაზარალებულიც იყვნენ ალკოჰოლით მთვრალები, გ. მ–ი განაწყენდა მ. ტ–სის გინებაზე, რასაც მოჰყვა მათ შორის დაპირისპირება; იმ გარემოებას, რომ თავდასხმის მომენტში დაზარალებული იყო თავის სახლში, იწვა საწოლში, შესაბამისად, გარდა შურისძიების მოტივისა, არ არსებობს სხვა მიზეზი, რომელიც გაამართლებდა მასზე დანით თავდასხმას; დაზარალებულის დაზიანებების რაოდენობასა და ლოკალიზაციას, კერძოდ: მ. ტ–ს მიყენებული დაზიანებები როგორც წინიდან, მუცელში, ასევე - უკნიდან, ზურგის არეში; დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულ ცივ იარაღს, როდესაც დაზარალებული შეიარაღებული არ ყოფილა, იყო ალკოჰოლით მთვრალი და იწვა თავის საწოლში; მსჯავრდებულის მისწრაფებას და მის ურყევ ნებას, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ მ. ტ–სი წინააღმდეგობასაც არ უწევდა, არამედ - მოხრილი იწვა და შველას ითხოვდა, კვლავ ცდილობდა მისთვის დანით ჭრილობების მიყენებას; და ბოლოს, დანაშაულის შეწყვეტის წინაპირობებს, როდესაც გ. მ–ს დანაშაულზე წაასწრო ლ. ტ–მა, შებოჭა და ფიზიკურად არ მისცა შესაძლებლობა, განზრახვა ბოლომდე მიეყვანა, რაც, ერთობლივად შეფასებისას, სარწმუნოდ მიუთითებს მსჯავრდებულის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლის - განზრახ მკვლელობის მცდელობის - შემადგენლობის არსებობაზე.

16. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს: საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. მ–სმა დანაშაული ჩაიდინა დანის გამოყენებით, რომელიც საქმეში წარმოდგენილი ტრასოლოგიური ექსპერტიზის №........... დასკვნის მიხედვით, მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას და ამდენად, მას სასჯელი უნდა შეფარდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე (დანაშაულის იარაღის გამოყენებით ჩადენის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას), მაგრამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის საუარესოდ ვერ შეაბრუნებს, საამისოდ აუცილებელი საპროცესო საფუძვლის - ბრალდების მხარის მოთხოვნის არარსებობის გამო.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. მ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ–სის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი