საქმე # 330100121004866514
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1034აპ-22 ქ. თბილისი
ბ. ჯ. 1034აპ-22 3 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ჩ–სა და მსჯავრდებულ გ. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. მ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
1.1. ჯ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია);
1.2. გ. თ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
2. პირის ბრალდებების შესახებ დადგენილებით ჯ. ბ–სა და გ. თ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის 17 ივნისს, თ–ში, ...... სანაპიროზე, N.. ელექტრო განათების ბოძის მიმდებარედ, ჯ. ბ–მ 150 ლარის სანაცვლოდ გ. თ–ს უკანონოდ გადასცა დიდი ოდენობით - 0.0206 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი, ორ პაკეტად დაფასოებული 4 აბი და ფხვნილი.
2.2. 2021 წლის 17 ივნისს, თ–ში, ....... სანაპიროზე, N.. ელექტრო განათების ბოძის მიმდებარედ, გ. თ–მა 150 ლარის სანაცვლოდ ჯ. ბ–საგან უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით - 0.0206 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი, ორ პაკეტად დაფასოებული 4 აბი და ფხვნილი, რასაც უკანონოდ ინახავდა პირადად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განაჩენით:
3.1. ჯ. ბ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
3.1.1. ჯ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 17 ივნისიდან;
3.1.2. ჯ. ბ–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
3.2. გ. თ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
3.2.1. მსჯავრდებულ გ. თ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 11 მარტიდან.
3.2.2. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2021 წლის 17 ივნისიდან - 2021 წლის 24 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი;
3.2.3. მსჯავრდებულ გ. თ–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ჯ. ბ–მ და მისმა ადვოკატმა მ. ჩ–მ, ჯ. ბ–ს ადვოკატმა ლ. ქ–მა და გ. თ–ის ადვოკატმა დ. მ–მ და მოითხოვეს ჯ. ბ–სა და გ. თ–ის გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ჯ. ბ–ის ადვოკატმა მ. ჩ–მ და მსჯავრდებულ გ. თ–ის ადვოკატმა - დ. მ–მ, რომლებიც ითხოვენ მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა ჯ. ბ–სა და გ. თ–ს გამართლება. მხარეებს შორის დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა: ჩაიდინა თუ არა ჯ. ბ–მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ხოლო გ. თ–მა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ჯ. ბ–სა და გ. თ–ის მსჯავრდების და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: ვ. ბ–ს, რ. ს–ს, ლ. კ–ს, ზ. ნ–ს ჩვენებები, ჯ. ბ–ს ტელეფონის დათვალიერების ოქმი, სამხრე კამერის ვიდეოჩანაწერი, შპს „.......“-ის დირექტორის გ. ქ–ს 2021 წლის 30 ივნისის ცნობები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ ჯ. ბ–მ და გ. თ–მა ჩაიდინეს მსჯავრად შერაცხული დანაშაულები. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულების მიერ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას და რომ მათგან ამოიღეს ის ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც მიიღეს ნარკომანიის ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამით.
10.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ჯ. ბ–ს მხრიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ხოლო გ. თ–ს მხრიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დასტურდება დანაშაულის თვითმხილველი მოწმეების (ისინი უშუალოდ შეესწრნენ ფაქტს - ნარკოტიკისა და კუპიურების გადაცემას (გაცვლას)) ვ. ბ–სა (რომლის ჩვენების თანახმად, 2021 წლის 17 ივნისს მეწყვილე რ. ს–თან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც ავტოშეჯახების შესახებ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. გაესაუბრნენ ადგილზე მყოფ პირებს და დაიწყეს ადმინისტრაციული წესით ავტოსაგზაო შემთხვევის გაფორმება. ჯ. ბ–ე წავიდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილისკენ, რომელიც მათი მისვლის მომენტისთვის გაჩერებული ჰყავდა ბორდიურზე. ჩაჯდა ავტომობილში მძღოლის მხარეს და დაიწყო რაღაცის ძებნა. იმავდროულად, მასთან მივიდა გ. თ–ი, იდაყვებით დაეყრდნო ავტომობილსა და ღია კარებს, რა დროსაც ვ. ბ–მ ნათლად დაინახა, რომ გ. თ–მა ჯ. ბ–ს ხელიდან ხელში გადასცა მოკეცილი მწვანე კუპიურები, ხოლო თავის მხრივ, ჯ. ბ–მ ხელიდან ხელში გადასცა ქაღალდის პაკეტი, რაც ვ. ბ–მ მიიჩნია საეჭვოდ და განახორციელა მსჯავრდებულების პირადი ჩხრეკა და დაკავება) და რ.ს–ს (დაადასტურა იგივე გარემოებები) ჩვენებებით, ასევე პატრულ-ინსპექტორმა ლ. კ–სა და ზ. ნ–ს ჩვენებებით (კერძოდ, მათ დაადასტურეს გ. თ–საგან - ნარკოტიკული საშუალების (ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად), ხოლო ჯ. ბ–საგან - ფულადი თანხის - სამი ცალი 50 ლარიანი კუპიურის ამოღება); გარდა ამისა, სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრიდან „112-დან“ გამოთხოვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორ ვ. ბ–სის სამხრე კამერის ჩანაწერით, რომელშიც, უშუალოდ თანხისა და ნარკოტიკული საშუალების გაცვლის ფაქტი არ ჩანს, თუმცა ნათლად ჩანს პატრულ ინსპექტორების მიერ აღწერილი ვითარება და ასევე გ. თ–სის ხელის ჯ. ბ–სის ხელთან მიტანის ფაქტი (ვიდეოჩანაწერი - 00:01:05). მოცემულ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ თანხისა და ნარკოტიკული საშუალების გაცვლის ფაქტი სამხრე კამერის დაფარვის ზონაში არ ხვდება, არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენას - ნარკოტიკული საშუალებისა და ფულის გაცვლას/ყიდვა-გაყიდვას.
10.2. პოლიციელთა მითითებული ჩვენებებისა და ვიდეოჩანაწერის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ პოლიციელების ჩვენებებს, ასევე ამ ჩვენებებსა და წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს შორის, რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა ჩვენებების სანდოობას, არ გამოვლენილა.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მსჯავრდებულების უდანაშაულობის შესახებ, იმაზე მითითებით, რომ ჯ. ბ–სა და გ. თ–ს შორის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-გასაღების შესახებ მიმოწერა არ ყოფილა და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მათ ვერ ახსნეს და დაასაბუთეს თუ საიდან გაჩნდა ჯ. ბ–ს მობილურ ტელეფონში მიმოწერა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია იმ მომენტში შექმნილ ვითარებასთან, კერძოდ, იმ გარემოებასთან, რომ ჯ. ბ–ს მოუხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ელოდებოდა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს, რის გამოც ვერ მიდიოდა გ. თ–სთან და გ. თ–ს თავად მოუწია მასთან მისვლა. მითუფრო საუბარი შეეხება - ე.წ. ,,კაკლებს“ (აბებს), მათ შორის - ნაპირალსა და ახალს, ასევე ფულად თანხას - 150 ლარს.
12. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, კვლავაც აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის გენეტიკური პროფილის/ბიოლოგიური კვალის არარსებობა შემთხვევის ადგილზე ან დანაშაულის საგანზე a priori არ ნიშნავს ამ პირის უდანაშაულობას, რაც უკავშირდება კვალწარმოქმნის პროცესის თავისებურებას ((მაგალითად, კონტაქტის ხასიათი, ხანგრძლივობა და ა.შ.) იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 27 ივლისის განჩინება N 190აპ-20).
13. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, ერთი მხრივ, ჯ. ბ–ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ხოლო, მეორე მხრივ, გ. თ–ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
14. შესაბამისად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულების: ჯ. ბ–ს - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), ხოლო გ. თ–სის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხულ მსჯავრში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ– სა და მსჯავრდებულ გ. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. მ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი