Facebook Twitter

საქმე # 020100120003683712

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1054აპ-22 ქ. თბილისი

ჯ. გ. №1054აპ-22 11 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

1.1. გ. ჯ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (თაღლითობის, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ორგანიზება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობის, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ორგანიზება, ჩადენილი დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

გ. ჯ–მ გადაწყვიტა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდა თანხას. განზრახვის სისრულეში მიყვანის მიზნით, მან დააორგანიზა დანაშაულის ჩადენა და ხელმძღვანელობდა მას. კერძოდ, გ. ჯ–ა დაუკავშირდა თ. ქ–ს და შეუთანხმდა, რომ გაუფორმებდა მის კუთვნილ ავტომანქანას - HUNDAI SONATA, საიდენტიფიკაციო ნომერი: ................, ტრასნპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი: .........., რის შემდეგაც თ. ქ–ს ........... კომპანია უნდა მოეტყუებინა და დაერწმუნებინა, რომ სურდა ლიზინგის გაფორმება. ლიზინგის შედეგად მიღებული თანხიდან 1000 ლარს მისცემდა თ. ქ–ს, ხოლო დარჩენილ თანხას თავად დაიტოვებდა.

2019 წლის 30 იანვარს, გ. ჯ–მ ავტომანქანა HUNDAI SONATA, საიდენტიფიკაციო ნომერი: ............, ტრასნპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი: .......... დაარეგისტრირა თ. ქ–სას სახელზე, რის შემდეგაც, 2019 წლის 31 იანვარს, თ. ქ–სა მიიყვანა ქ.ზ–ში, მ–ს ქ. N..-ში მდებარე შპს „............ კომპანიაში“, სადაც თ. ქ–სა ნდობაში შევიდა ....... კომპანიის წარმომადგენელთან, კერძოდ, წარუდგინა მას ავტომანქანა და დაარწმუნა, რომ ამ ავტომაქანის გამოყენებით სურდა ლიზინგის გაფორმება. ........ კომპანიამ თ. ქ–ს ანგარიშზე ჩაირიცხა თანხა. ამის შემდეგ, გ. ჯ–მ თ. ქ–სას საბანკო ანგარიშიდან გამოატანინა თანხა, საიდანაც 1000 ლარი გადასცა თ. ქ–ს, ხოლო დანარჩენს თავად დაეუფლა. გ. ჯ–ს ქმედებით შპს „........... კომპანიას“ მიადგა 8533 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

გ. ჯ–აიამ გადაწყვიტა რა, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა შპს „.......... კომპანიის“ კუთვნილ თანხას, დააორგანიზა და დაგეგმა დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, 2019 წლის 17 იანვარს დაუკავშირდა ბ. ზ–ს, რომელმაც გ. ჯ–ს გეგმის შესაბამისად, მიმართა შპს „............ კომპანიას“, რათა მოტყუებით დაუფლებოდა ამ კომპანიის თანხას. ........... კომპანიის მოტყუებისა და ნდობის მოპოვების მიზნით, გ. ჯ–მ ბ. ზ–სასთან გააფორმა „ფოლკსვაგენ ჯეტას“ მარკის ავტომანქანის, სახ. ნომრით: ......., ლიზინგის ხელშეკრულება - თითქოსდა აღნიშნული ავტომანქანის მესაკუთრე იყო ბ. ზ–სა.

2019 წლის 17 იანვარს, ბ. ზ–სა მივიდა ქ. ზ–ში, მ–ს ქ. N..-ში მდებარე შპს „.... კომპანიის“ ფილიალში და გააფორმა სესხის ხელშეკრულება. მან მოატყუა კომპანია, რომ ავტომანქანა მისი საკუთრება იყო. აღნიშნულის შემდეგ, შპს „......... კომპანიასთან“ გააფორმა ლიზინგის ხელშეკრულება ისე, რომ რეალურად არც ავტომანქანის მესაკუთრე ყოფილა და არც ხელშეკრულების დადების განზრახვა ჰქონია. ამ გზით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა შპს „......... კომპანიის“ კუთვნილ თანხას -10 500 ლარს. გ. ჯ–სთან წინასწარი შეთანხმებისამებრ, ბ. ზ–სამ 9 500 ლარი გადასცა გ. ჯ–ს, ხოლო 1000 ლარი თავად დაიტოვა. შპს „......... კომპანიას“ მიადგა 10 500 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

გ. ჯ–მ გადაწყვიტა რა, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა შპს „......... კომპანიის“ კუთვნილ თანხას, დააორგანიზა და დაგეგმა დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, იგი დაუკავშირდა ნ. ზ–ს, რომელმაც გ. ჯ–ს გეგმის შესაბამისად, მიმართა შპს „......... კომპანიას“, რათა მოტყუებით დაუფლებოდა ამ კომპანიის კუთვნილ თანხას. შპს „......... კომპანიის“ მოეტყუების მიზნით, გ. ჯ–მ ნ. ზ–სთან გააფორმა „ფოლკსვაგენ ჯეტას“ მარკის ავტომანქანის, სახ. ნომრით: ........., ლიზინგის ხელშეკრულება - თითქოსდა აღნიშნული ავტომანქანის მესაკუთრე იყო ნ. ზ–ა.

2019 წლის 16 იანვარს, ნ. ზ–ა მივიდა ქ. ზ–ში, მ–ს ქ. N..- ში მდებარე შპს „......... კომპანიის“ ფილიალში და მოტყუებით გააფორმა სესხის ხელშეკრულება, ისე, რომ რეალურად არც ავტომანქანის მესაკუთრე ყოფილა და არც ხელშეკრულების დადების განზრახვა ჰქონია. ამ გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა შპს „......... კომპანიის“ კუთვნილ თანხას -10 000 ლარს. გ. ჯ–სთან წინასწარ შეთანხმებისამებრ, ნ. ზ–მ 8 500 ლარი გადასცა გ. ჯ–ს, ხოლო 1500 ლარი თავად დაიტოვა. შპს „......... კომპანიას“ მიადგა10 000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

1.2. პ. ჭ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარება, ჩადენილი დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

პ. ჭ–მ გადაწყვიტა, დახმარებოდა კონკრეტულ პირს დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანაში, რაც გულისხმობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას, რითაც დაზარალებულს მიადგებოდა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. ამ მიზნით, ის დაუკავშირდა მის ნაცნობ ზ. ქ–ს, რომელსაც შეუთანხდა, რომ გაუფორმებდა თავის ავტომანქანას - VOLKSWAGEN JETTA, სარეგისტრაციო ნომერი: ......., საიდენტიფიკაციო ნომერი: ..........., რის შემდეგაც, ზ. ქ–ს ......... კომპანია უნდა მოეტყუებინა და დაერწმუნებინა, რომ სურდა ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმება. ლიზინგის შედეგად მიღებული თანხიდან 1000 ლარს მისცემდნენ ზ. ქ–ს, ხოლო თანხის ნაწილი დარჩებოდათ პ. ჭ–სა და მეორე პირს.

2019 წლის 25 თებერვალს, პ. ჭ–მ კუთვნილი ავტომანქანა - VOLKSWAGEN JETTA, სარეგისტრაციო ნომერი: ........, საიდენტიფიკაციო ნომერი: ........... დაარეგისტრირა ზ. ქ–ს სახელზე, რის შემდეგაც, იმავე დღეს, ზ. ქ–ა მიიყვანა ქ. ზ–ში, მ–ს ქ. N..-ში მდებარე შპს „.........კომპანიაში“. ზ. ქ–ა ნდობაში შევიდა ........... კომპანიის წარმომადგენელთან, წარუდგინა მას ავტომანქანა და დაარწმუნა, რომ ამ ავტომანქანის გამოყენებით სურდა ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმება. .... კომპანიამ ზ. ქ–ს ანგარიშზე ჩარიცხა თანხა. ზ. ქ–მ კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან გამოიტანა თანხა, საიდანაც 1000 ლარი თავად მიიღო, ხოლო დარჩენილ ნაწილს დაეუფლნენ პ. ჭ–ა და მეორე პირი. პ. ჭ–ს ქმედებით შპს „.........კომპანიას“ მიადგა 12 391 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის განაჩენით:

2.1. გ. ჯ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილით (თ. ქ–ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 25, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (ნ. ზ–ს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბ. ზ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

- საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილით (თ. ქ–ს ეპიზოდი) ჯარიმა 10 000 ლარი;

- საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ნ. ზ–ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10 000 ლარი;

- საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბ. ზ–სას ეპიზოდი) - ჯარიმა 10 500 ლარი;

- უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ჯ–ს განესაზღვრა ჯარიმა - 10 500 ლარი;

- გ. ჯ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი.

2.2. პ. ჭ–ა საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.3. ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება თ. ქ–სა და ზ. ქ–ს მიმართ:

- თ. ქ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 საათი;

- ზ. ქ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 250 საათი.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ჟვანიამ მოითხოვა პ. ჭ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო გ. ჯ–ს მიმართ სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: პ. ჭ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო გ. ჯ–ს მიმართ სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

6. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

7. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ჯ–სათვის დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის, აგრეთვე პ. ჭ–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, კერძოდ:

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას მსჯავრდებულ გ. ჯ–სთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა. თავისუფლების აღკვეთა, როგორც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმა, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

10. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

11. „მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52). ამასთან, ვერც განმეორებითი დანაშაულის ჩადენის აბსტრაქტულ საფრთხეებზე მითითება გამოდგება უფრო მკაცრი სახისა და ზომის სასჯელის დანიშვნის საფუძვლად.

12. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

13. კასატორი სასჯელის დამამძიმებელ გარემოებებად უთითებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, დანაშაულის ორგანიზებას, მიმალვის ფაქტსა და გამოძიებასთან თანამშრომლობის არარსებობას, ასევე, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის აუნაზღაურებლობას.

14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობა, აგრეთვე, მსჯავრდებულის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს ან/და აანაზღაუროს ზიანი, წამახალისებელი ნორმებია და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა. დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთ გარემოებაზე, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას კანონი მას არ ავალდებულებს.

15. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას ჯარიმის ოდენობის უსამართლობის შესახებ იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ ჯარიმის ოდენობა მიყენებული ზიანის საერთო რაოდენობაზე ორჯერ ნაკლებია. მართალია, სასამართლო ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გარდა, მხედველობაში იღებს მიყენებული ზიანის ოდენობასაც, თუმცა სასამართლო არ არის შებოჭილი, ჯარიმის ოდენობა განსაზღვროს მიყენებული ზიანის პირდაპირპროპორციულად. იმავდროულად, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის ოდენობის მექანიკურად დაკავშირება მიყენებული ზიანის ოდენობასთან არასწორია. 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდება და სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრება არ ანთავისუფლებს მსჯავრდებულს დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის არგუმენტს მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის უსამართლობის შესახებ არც იმ მოტივით, რომ დანაშაულის ამსრულებლებს - თ. ქ–სა და ზ. ქ–ს, რომლებიც თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, უფრო მკაცრი სასჯელის სახე დაენიშნათ, ვიდრე დანაშაულის ორგანიზატორ გ. ჯ–ს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის ამსრულებლებისათვის დანიშნული და პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, წარმოადგენდა საპროცესო შეთანხმების შედეგს. სასამართლო თითოეულ მსჯავრდებულთან მიმართებით ინდივიდუალურად, მისთვის დამახასიათებელი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით ნიშნავს სასჯელს. მსჯავრდებულისათვის სასჯელის პროპორციული სახისა და ზომის განსაზღვრა არ არის დამოკიდებული იმავე საქმეში სხვა მსჯავრდებულისთვის დანიშნულ სასჯელის სახესა და ზომაზე, რასაც თავად პროკურორიც აღნიშნავს საკასაციო საჩივარში. თითოეული საქმის გარემოებების ინდივიდუალურობის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ შეიბოჭება ვერც სხვა საქმეში გამოყენებული სასჯელის სახითა და ზომით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოცემულ საქმეში სასჯელის დამძიმების საკმარის წინაპირობად არ მიიჩნევს პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს მსჯავრდებულთათვის სასჯელის დამძიმების თაობაზე.

17. რაც შეეხება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მსჯავრდებულის მონაწილეობის ფორმას აღნიშნულ დანაშაულში, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს როგორც ჯარიმას, ისე თავისუფლების აღკვეთას. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ჯ–ა არ არის ნასამართლევი, შესაბამისად, ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ჯ–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა.

19. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას პ. ჭ–ს საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

20. პ. ჭ–ს ჩვენებით, ის ავტომანქანით მოვაჭრეა და სხვადასხვა ქვეყნიდან შემოჰყავს ავტომობილები. ავტომანქანის შესახებ ინფორმაცია და მისი საკონტაქტო ნომერი განათავსა .........ge-ზე. დაუკავშირდა უცნობი პირი და უთხრა, რომ სურდა ავტომანქანის შეძენა. ვინაიდან თანხა სრულად არ ჰქონდა, მივიდნენ ლომბარდში, თუმცა ლომბარდმა თანხა არ გასცა. რის გამოც, შემძენმა მოიყვანა ახლობელი ზ. ქ–ა, რომელსაც პ. ჭ–ა არ იცნობდა. ვინაიდან თავად არ ეცალა და მანქანას და თანხას უცხო პირებს ვერ ანდობდა, დაუკავშირდა მეზობელს, რათა ის ყოფილიყო შემძენთან ერთად, ხოლო მინდობილობა ავტომანქანის განკარგვის უფლებით მისცა ზ. ქ–ს. მოწმის განმარტებით, ვის და როგორ დაუმტკიცეს თანხა, მისთვის უცნობია. შემდეგ ამ პირებს შეხვდა, მისცეს ფული და წამოვიდა. მოწმის განმარტებით, მან იცოდა, რომ ტელეფონით ვინც დაუკავშირდა, იმ პირს სურდა მანქანის შეძენა და მას ეხმარებოდა ზ. ქ–ა. მათ შორის დანაშაულებრივი ან სხვა შეთანხმების შესახებ მისთვის უცნობია.

21. ზ. ქ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ მისი მეუღლის ნათესავია ვინმე „მ–ა“ -ე. თ–ა, რომელთანაც ერთ-ერთი შეხვედრისას თქვა, რომ პრობლემები ჰქონდა და დახმარება ითხოვა. მეორე დღეს მ–მ დაურეკა და შეახვედრა პ. ჭ–ს. უთხრა, რომ მისთვის დაეჯერებინა და რასაც ეტყოდა, გაეკეთებინა, ხოლო სანაცვლოდ 1000 ლარს აჩუქებდა. მას პ. ჭ–სთვის რაიმე შეკითხვა არ დაუსვამს. „მ–სგან“ გაფრთხილებული იყო, რომ .......... კომპანიაში უნდა ეთქვა, რომ მანქანის ლიზინგით დატვირთვა სურდა. პ. ჭ–ს შეხვდა ქ. ზ–ში, მივიდნენ ნოტარიუსთან და გააფორმეს მინდობილობა. „მ–ა“ მათთან არ ყოფილა. შემდეგ, მანქანა გადააფორმეს მის სახელზე. გადაფორმების თანხა მისცა პ. ჭ–მ. შემდეგ მივიდნენ .......... კომპანიაში, სადაც შეჰყვა საჭესთან მჯდომი ბიჭი, რომელიც არ იყო პ. ჭ–ა, თუმცა ეს ბიჭი მალე წავიდა.ზ. ქ–მ .... კომპანიის წარმომადგენელს უთხრა, რომ სურდა ავტომანქანის ლიზინგით შეძენა და მიაწოდა საბუთები. დაუმტკიცდა 11000 ლარი. თანხის ასაღებად წავიდნენ ქ. ფ–ში მდებარე სადღეღამისო ბანკში. 2000 ლარი ბანკომატის მეშვეობით გამოიტანა, ხოლო დარჩენილი თანხა - სალაროდან. ფული საჭესთან მჯდომ ბიჭს გადასცა. წამოვიდნენ ხ–ში, სადაც გაჩერდნენ საჭმელად. იქ იმყოფებოდნენ თავად, პ–ა, მეორე ბიჭი და „მ–ა“. გზაში „მ–მ“ გადასცა 1000 ლარი.

22. ნოტარიუს მ. ფ-ს გამოკითხვის ოქმითა და მინდობილობით დასტურდება, რომ 2019 წლის 25 თებერვალს პ. ჭ–მ კუთვნილი ავტომანქანა მართვისა და განკარგვის უფლებით გადასცა ზ. ქ–ს ერთი თვის ვადით.

23. საქართველოს შსს-ის მომსახურების სააგენტოს დასავლეთის რეგიონული დეპარტამენტის ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 2019 წლის 6 ნოემბრის მომართვის თანახმად, 2019 წლის 25 თებერვალს, პ. ჭ–მ ავტომანქანა VOLKSWAGEN JETTA, სახელმწიფო ნომრით .......... გადააფორმა მოქალაქე ზ. ქ–ს სახელზე.

24. საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება პ. ჭ–ს მიერ ზ. ქ–სთან დანაშაულებრივი შეთანხმების არსებობა და მისი განზრახვა, დახმარებოდა ზ. ქ–ს დანაშაულის ჩადენაში.

25. საკასაციო საჩივარში პროკურორის მიერ დასმული საკითხები, კერძოდ: თუ რატომ გადასცა მინდობილობით და გადაუფორმა პ. ჭ–მ უცხო ადამიანს საკუთარი ავტომობილი, თუ ნამდვილად მიჰყიდა ავტომანქანა ზ. ქ–ს, სად არის გაყიდვის შედეგად აღებული ფულადი თანხა, საიდან ჰქონდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ ზ. ქ–ს საჭირო თანხა, რატომ იმყოფებოდა თანხის გამოტანის დროს პ. ჭ–ა მათთან ერთად, რატომ გადასცეს ზ. ქ–ს 1000 ლარი, შესაძლოა, ქმნიდეს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს პ. ჭ–ს დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, თუმცა ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებით სტანდარტს და არ ქმნის საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. აღნიშნული კითხვები არ გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას პ. ჭ–სა და ზ. ქ–ს შორის ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულების დანაშაულებრივი განზრახვის გარეშე გაფორმების შესახებ; ზოგიერთი ზემოაღნიშნული საკითხი ირელევანტურია; პ. ჭ–ს დანაშაულებრივი განზრახვის მტკიცებისათვის.

26. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის არგუმენტს არც იმის შესახებ, რომ თითქოს პირველი ინსტანციის სასამართლომ, ერთი მხრივ, დადგენილად მიიჩნია პ. ჭ–ს მიერ ზ. ქ–სთვის დახმარების გაწევა დანაშაულის ჩადენაში, ხოლო, მეორე მხრივ, პ. ჭ–ა წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რაც, პროკურორის შეფასებით, სასამართლოს მსჯელობის წინააღმდეგობრიობას განაპირობებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში დადგენილია, რომ პ. ჭ–ა ნამდვილად მონაწილეობდა ზ. ქ–სა და გამოძიებით დაუდგენელი პირის მოქმედებებში, თუმცა, იმავდროულად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება პ. ჭ–სა და საქმეში მონაწილე სხვა პირთა შორის დანაშაულებრივი შეთანხმება ან ერთიანი განზრახვა ზ. ქ–სთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენაში დახმარებაზე, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და აღნიშნავს, რომ დანაშაულში თანამონაწილეობა, მათ შორის - დახმარება გულისხმობს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზრახი დანაშაულის ჩადენაში. შესაბამისად, დანაშაულებრივ ქმედებაში მხოლოდ ფაქტობრივი მონაწილეობა და ამ ქმედების ფაქტობრივი ხელშეწყობა დანაშაულის ჩადენაში დახმარების განზრახვის დადასტურების გარეშე, არ განაპირობებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დანაშაულში დახმარებისათვის.

27. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

28. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

29. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

31. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე