Facebook Twitter

საქმე # 330100119003082152

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1075აპ-22 ქ. თბილისი

მ. ლ. მ., 1075აპ-22 20 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. მ. ლ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ. ხ-სა და გ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით მ. მ. ლ. (ძებნილი), - დაბადებული ..., - დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მ. მ. ლ-ს ¼-ით შეუმცირდა სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლითა და 9 (ცხრა) თვით.

გაუქმდა მ. მ. ლ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

მსჯავრდებულ მ. მ. ლ-ს სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების გამო მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მარტის განაჩენით დადებული ყადაღა ... საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - ....მდებარე მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით ...., დაზუსტებული ფართობი 859 მ2 და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე .... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, დაზუსტებული ფართობით 92 მ2 და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე .... (წინა საკადასტრო კოდებით ..... და ....).

ნივთმტკიცება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის ადმინისტრაციული სამართლის .... საქმე 3 (სამ) ტომად, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ. ლ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

მ. მ. ლ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

1941 წლიდან ი. კ. და მისი მეუღლე - ე. კ. ფლობდნენ ... მდებარე უძრავი ქონების ნაწილს.

1942 წელს ი. კ. გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომში და მის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაში ცხოვრება და მისი ფლობა გააგრძელეს ი. კ-ს მეუღლემ და მისმა ერთადერთმა ქალიშვილმა - ნ. პ-მ.

1951 წლიდან ე. კ-ს ნებართვით, ზემოაღნიშნულ ფართის ნაწილში ცხოვრობდა ნ. პ-ს დეიდა - მ. ფ. და მისი შვილი - ნ. ფ. ამ უკანასკნელს ....წელს შეეძინა ქალიშვილი მ. მ. (ლ.), რომელმაც ასევე გააგრძელა ცხოვრება ხსენებულ მისამართზე, ვინაიდან ნ. პსთან აკავშირებდა ნათესავური ურთიერთობა და სარგებლობდა მისი ნდობით.

2005 წელს მ. მ. ლ-მ განიზრახა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, უკანონოდ დაუფლებოდა ი. კ-ს ერთადერთი პირველი რიგის მემკვიდრის - ნ. პ-ს სამკვიდრო ქონებას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ. მ. ლ-მ, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა 1987 წელს მისმა ოჯახმა უშუალოდ ი. კ-სგან შეიძინა ... მდებარე უძრავი ქონების ნაწილი - ი. კ-ს კუთვნილი წილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.. წლის ... აგვისტოს გადაწყვეტილებით, მ. მ. ლ-სა და ნ-ს მამას - ი. კ-ს შორის აღიარებულ იქნა სამართალურთიერთობა, რის საფუძველზეც მ. მ. ლ-ს მიენიჭა საკუთრების უფლება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე - მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე. შესაბამისად, მ. მ. ლ-მ უკანონოდ მოიპოვა ქონებრივი უფლება.

ვიდრე ი. კ-ის ერთადერთი მემკვიდრე - ნ. პ. აიღებდა სამკვიდრო მოწმობას მამის დანატოვარ ქონებაზე, მ. მ. ლ-მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.. წლის .. აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 2009 წლის 6 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით გახდა ი. კ-ს კუთვნილი - ... მდებარე უძრავი ქონების ნაწილის მესაკუთრე.

აღნიშნული ქმედებით მ. მ. ლ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, უკანონოდ დაეუფლა ნ. პ-ს სამკვიდრო ქონებას, რომელიც ოთხ დღეში - 2009 წლის 10 აპრილს, ნასყიდობის ხელშეკრულებით 90 000 (ოთხმოცდაათი ათას) ლარად გაასხვისა ლ. ს-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ასევე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სხვადასხვა საოქმო განჩინებების გაუქმება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ. მ.ლ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ლ. ხ-მ და გ. ჭ-მ. კასატორები საკასაციო საჩივრით მოითხოვენ: გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას; მ. მ. ლ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადის გასვლის გამო; უკანონოდ იქნეს ცნობილი: ბრალდების მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და დამატებითი მტკიცებულებების დართვის შესახებ თბილისის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, დაცვის მხარის მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმეზე დართვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და მოსამართლე ლილი მსხილაძის აცილების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან იგი არ ემყარება სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მ. მ. ლ-ს ბრალეულობას; სასამართლომ მტკიცებულებები აშკარად მიკერძოებულად, დამახინჯებულად და კონტექსტიდან ამოგლეჯილად შეაფასა, ხოლო დაცვის მხარეს არ მისცა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევის შესაძლებლობა; დაზარალებულისა და ბრალდების მხარის სხვა მოწმეთა ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან მათი ჩვენებები არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგოა, ამასთან, დაზარალებული დაინტერესებული პირია; დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ი. კ-ს მეორე მსოფლიო ომში გარდაცვალების ფაქტი, არამედ, დგინდება, რომ იგი 1980-იან წლებში ცოცხალი იყო, რაც სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია; საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა ნ. პ-ს საკუთრებას და მის სამკვიდრო ქონებას; სწორედ ნ. პ. მოქმედებდა თაღლითურად, და არა მსჯავრდებული. ნ. პ. ცდილობდა მ-ების ოჯახისათვის კუთვნილი უძრავი ქონების წართმევას; დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა დიდი ოდენობით ზიანის ნაწილშიც, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი სასაქონლო-ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა სადავო უძრავი ქონების ღირებულება; ამასთან, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადის გასვლის გამო მ. მ. ლ უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

2. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულ მ. მ. ლ-ს ბრალეულობა არ დასტურდება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ხოლო განაჩენი ემყარება მხოლოდ ირიბ მტკიცებულებებს, ვინაიდან სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მისი ბრალეულობა, კერძოდ: დაზარალებულმა ნ. პ-მ დამაჯერებლად, ლოგიკურად და დეტალურად გადმოსცა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების დეტალები და განმარტა, რომ ... მდებარე სახლი ააშენეს მისმა მშობლებმა - ი. კ-მ და ე. კ-მ, რომლებიც 1937 წელს რუსეთიდან ჩამოვიდნენ საქართველოში. ი. კ. 1941 წელს წავიდა ომში, საიდანაც არ დაბრუნებულა, რის გამოც გამოცხადდა გარდაცვლილად. 1946 წელს, მასთან და დედამისთან ჩამოვიდა დეიდამისი - მ. ფ. და დეიდაშვილი ნ. ფ., რომლებიც მათთან, ცალკე ოთახში ცხოვრობდნენ. მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად სხვა სახლში გადასვლის შემდეგ, მ. ფ. და ნ. ფ. აგრძელებდნენ ცხოვრებას იმავე მისამართზე მდებარე სხვა ოთახში. ...ს ქუჩაზე მდებარე სახლში საცხოვრებლად დარჩა დედამისი ე. კ-ც, რომელსაც ხშირად აკითხავდა და ზრუნავდა მასზე. 1993 წელს, გარდაეცვალა დედა - ე. კ, რომელმაც ... მდებარე უძრავი ქონება, ანდერძით მას დაუტოვა, მაგრამ მ-ების ოჯახი მას სახლში არ უშვებდა, ეუბნებოდნენ, რომ სახლი მათ ეკუთვნოდა. ნ. პ-მ ცალსახად დაადასტურა ის ფაქტი, რომ უძრავი ქონება მას არავისთვის, მათ შორის - არც მ-ების ოჯახისთვის არ გადაუცია და არც მიუყიდია, ხოლო ამჟამინდელ მესაკუთრეებს არასოდეს უცხოვრიათ ამ ბინაში. ამასთან, დაზარალებულმა განმარტა, რომ ითხოვს დედის დანატოვარი ქონების დაბრუნებას.

3. დაზარალებულის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების საფუძველი, ისევე როგორც ბრალდების მხარის სხვა მოწმეთა ჩვენებების, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ნ. პ. ცრუობს და მას რაიმე პირადი ინტერესი გააჩნია მ. მ. ლ-ს მიმართ. გარდა ამისა, დაზარალებულის ჩვენების სარწმუნოობა გამყარებულია და მას სრულად შეესაბამება მოწმეების: ლ. დ-ს, ა. ა-ს, ლ. ჯ-ს, გ. ა-ს, ლ. ა-ს, რ. ა-ს ჩვენებები, რომლებმაც ერთმანეთთან თანხვდენილად დაადასტურეს, რომ ... მდებარე სახლი ეკუთვნოდა ე. კ-ს, სადაც ის ცხოვრობდა შვილთან - ნ. პ-სთან ერთად. აღნიშნულ მისამართზე, ცალკე ოთახში ცხოვრობდნენ ე. კ-სთან რუსეთიდან საცხოვრებლად ჩამოსული და - მ. ფ. მის ორ შვილთან, ნ-სთან და მ-სთან ერთად. მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ მას შემდეგ, რაც ნ. პ. საცხოვრებლად გადავიდა მეუღლესთან, ის ხშირად აკითხავდა და ზრუნავდა დედაზე - ე. კ-ზე.

4. დაზარალებულის ჩვენება ასევე გამყარებულია საქმეში წარმოდგენილი სხვა წერილობითი მტკიცებულებებითაც, მათ შორის: თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 2009 წლის 12 თებერვლის ცნობა-დახასიათებით, რომლითაც დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, 1941 წელს აღირიცხა ი. კ-ს საკუთრებად; 1986 წლის 14 ნოემბერს სანოტარო წესით შედგენილი ანდერძით, რომლის მიხედვით, ე. კ-მ, მთელი დანაშთი ქონება, მათ შორის - .... მდებარე სახლი, უანდერძა თავის შვილს - ნ. პ-ს; 2007 წლის 7 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით, რომლითაც დგინდება, რომ ნ. პ-მ 1993 წლის 6 დეკემბერს გარდაცვლილი დედის - ე. კ-ს სამკვიდრო ქონება მიიღო მემკვიდრეობით; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებითა და გარდაცვალების მოწმობით, რომელთა თანახმად, ი. კ., დაბადებული .....წელს, გამოცხადდა გარდაცვლილად, ხოლო გარდაცვალების თარიღად მიჩნეულია - ....; მ-ს ინტერპოლის წერილით, რომლითაც დგინდება, რომ ი. კ. - დაბადებული ..., არ არის რეგისტრირებული მ-ს მონაცემთა ბაზებში. ასევე აღსანიშნავია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება მ. მ-სა და ი. კ-ს შორის სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით დარჩა უცვლელად.

5. უსაფუძვლოა კასატორების მითითება, რომ მსჯავრდებულმა მ. მ. ლ-მ სადავო უძრავი ქონება 1995 წელს, ხელწერილის საფუძველზე, 300 დოლარის სანაცვლოდ შეიძინა ნ. პ-სგან, ვინაიდან დაზარალებულმა ნ. პ-მ კატეგორიულად უარყო მ-ების ოჯახთან რაიმე სახის შეთანხმების არსებობა კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებასა და ხელწერილის ნამდვილობასთან მიმართებით. ქონების გასხვისებისა და ხელწერილის ნამდვილობის ფაქტი უტყუარად არ დასტურდება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებითაც.

6. ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის კიდევ ერთი მოსაზრება, რომ თითქოსდა სადავო უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრე - ი. კ. 1980-იან წლებში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მისი სიცოცხლის პერიოდში, ქ. მ-ში, ნ. მ-ს დას - ა. დ-ს 3000 რუბლად მიჰყიდა უძრავი ქონება, ვინაიდან ეს მოსაზრება სრულიად არადამაჯერებელია და ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ უტყუარ და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობას.

7. ამასთან, სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარა დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

8. დაცვის მხარის კიდევ ერთ პრეტენზიასთან მიმართებით, რომ არ დგინდება დიდი ოდენობით ზიანის არსებობა, საკასაციო პალატა აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარს ზევით. საქმეზე წარმოდგენილი, მ. მ-სა და ლ. ს-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის 2009 წლის 10 აპრილის ხელშეკრულებით, ასევე მოწმეების - ვ. მ-სა და ლ. ს-ს ჩვენებებით დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულმა ნ. პ-ს სამკვიდრო ქონება 90 000 ლარად გაასხვისა ლ. ს-ზე, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოების (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) შერაცხვისათვის აუცილებელ ოდენობას, რის შესაბამისადაც დაცვის მხარის პრეტენზია ამ ნაწილშიც საფუძველს მოკლებულია.

9. კასატორები ასევე მოითხოვენ: ბრალდების მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და დამატებითი მტკიცებულებების დართვის შესახებ თბილისის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების, დაცვის მხარის მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმეზე დართვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებისა და მოსამართლე ლილი მსხილაძის აცილების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ არ არსებობს მითითებული გადაწყვეტილებების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რადგან ისინი სრულად შეესაბამება და აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

10. რაც შეეხება მ. მ. ლ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო დევნის შეწყვეტის შესახებ დაცვის მხარის მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო იზიარებს და მოცემულ ნაწილში არ ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მ. მ. ლ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადის დაცვით, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენის დროა ის დრო, როდესაც მოქმედებდა ამსრულებელი ან თანამონაწილე ანდა უნდა ემოქმედა მას. შედეგის დადგომის დროს მნიშვნელობა არა აქვს.

12. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად - პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად - ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება თითოეული დანაშაულისათვის. სსკ-ის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი - ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება დამნაშავის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან.

13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. მართლწინააღმდეგობა გულისხმობს, რომ პირი არ არის ქონების მესაკუთრე ან მისი კანონიერი მფლობელი და იგი მას ეუფლება, ან ქონებრივ უფლებას იღებს უკანონოდ. აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს შედეგიან დელიქტს და დამთავრებულია სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღების მომენტიდან.

15. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითობა მატერიალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და იგი დამთავრებულად ითვლება სხვისი ნივთის (მოცემულ შემთხვევაში - მ. მ. ლ-ს მიერ სადავო უძრავი ქონების) დაუფლების მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ მ. მ. ლ-მ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დაასრულა არა 2009 წლის 23 თებერვალს, არამედ - 2009 წლის 6 აპრილს, ანუ იმ დროს, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით მის სახელზე დარეგისტრირდა სხვისი ქონება, რითაც მსჯავრდებულს მისი განკარგვის შესაძლებლობა მიეცა.

16. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ამგვარ დასკვნას და აღნიშნავს, რომ, მართალია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, სადავო უძრავი ქონება მ. მ. ლ-ს სახელზე მართლაც 2009 წლის 6 აპრილს დარეგისტრირდა, მაგრამ ეს დრო წარმოადგენს დანაშაულის შედეგის დადგომის და არა - მისი ჩადენის დროს, კერძოდ:

17. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. მ. ლ-მ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართა 2009 წლის 6 აპრილამდე გაცილებით ადრე, სახელდობრ - 2009 წლის 23 თებერვალს. სწორედ 2009 წლის 23 თებერვალი წარმოადგენს იმ დროს, როდესაც მ. მ. ლ. მოქმედებდა როგორც ამსრულებელი და მან ზუსტად ამ დროს გამოავლინა თავისი დანაშაულებრივი ნება, რაც გამოიხატა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ განცხადების შეტანაში, ხოლო რაც შეეხება შედეგის დადგომის დროს (იმავე წლის 6 აპრილს), შედეგის დადგომა, ისევე როგორც მისი დადგომის დრო, მსჯავრდებულის ნებაზე უკვე აღარ იყო დამოკიდებული, ვინაიდან უძრავი ქონების რეგისტრაციისა, თუ მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, მ. მ. ლ-ს განცხადების საფუძველზე უნდა მიეღო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. აღსანიშნავია, რომ მითითებულმა სააგენტომ 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ. ლ-ს განცხადებაზე შეაჩერა კიდეც სარეგისტრაციო წარმოება ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გარკვევამდე, ვინაიდან ანალოგიური მოთხოვნით მიმართული ჰქონდა დაზარალებულ ნ. პ-საც, ხოლო მოგვიანებით, მ. მ. ლ-ს 2009 წლის 30 მარტის ხელახალი მოთხოვნის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შედეგად, განაახლა წარმოება.

18. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 2009 წლის 6 აპრილს, მ. მ. ლ-ს განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების განახლებისთანავე, იმავე დღეს, მის სახელზე დაარეგისტრირა სადავო უძრავი ქონება, რის შესაბამისადაც, სააპელაციო სასამართლო, მართალია, სწორად განმარტავს, რომ გამოკვეთილია თაღლითობის დასრულებული შემადგენლობა, მაგრამ ქონების რეგისტრაციის ფაქტი, არ განსაზღვრავს დანაშაულის ჩადენის დროს, რადგან მითითებული მოცემულობა დანაშაულის ჩადენის დროზე გავლენას ვერ ახდენს. იმ შემთხვევაში, თუკი დანაშაული ვერ დასრულდებოდა მ. მ. ლ-სგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (მაგალითად, თუ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უარს იტყოდა სადავო უძრავი ქონების მის სახელზე რეგისტრაციაზე, რაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მსჯავრდებულის მოქმედებაზე უკვე აღარ იყო დამოკიდებული), ბუნებრივია, მ. მ. ლ-ს დანაშაულებრივი ქმედება ვერ დარჩებოდა დაუსჯელი და ასეთ ვითარებაში, გამოკვეთილი იქნებოდა თაღლითობის, ანუ სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა.

19. ამდენად, საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, მოცემული დანაშაულის ჩადენის დროდ უნდა მივიჩნიოთ არა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების, ესე იგი შედეგის დადგომის დრო (2009 წლის 6 აპრილი), არამედ - დანაშაულის ამსრულებლის, მ. მ. ლ-ს მოქმედების დრო (2009 წლის 23 თებერვალი).

20. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ. მ. ლ. ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია 2019 წლის 5 აპრილს, ხოლო დანაშაული ჩაიდინა - 2009 წლის 23 თებერვალს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაშაული განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გასულია მისი ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა - 10 წელი, მ. მ. ლ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა და იგი უნდა გათავისუფლდეს შეფარდებული სასჯელისაგან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. მ. ლ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ. ხ-სა და გ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

3. მ. მ. ლ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შერაცხულ ბრალდებაში.

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია მ. მ. ლ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განაჩენი ყადაღის გაუქმებისა და ნივთმტკიცებათა ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი