Facebook Twitter

საქმე # 330100120003469539

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1076აპ-22 ქ. თბილისი

გ–ე ლ., 1076აპ-22 5 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ალიკა დვალაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალიკა დვალაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს ლ. გ–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: არცერთ სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის - არც გამოყოფილ საქმეზე, ლ. გ–ს არ გააჩნდა ბრალდებულის სტატუსი, ასევე - არ იკვეთებოდა მოწმის სავარაუდო ბრალეულობაც და, ამდენად, არ არსებობდა მისი მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი; აგრეთვე, არ დგინდება, რომ ლ. გ–სეს ჰქონდა ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რის გამოც ვერ შეძლებდა ჩვენების მიცემას.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. გ–მ ჩაიდინა მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.

ლ. გ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 6 დეკემბერს, დღის საათებში, თ–ში, ..........ის ხეივნის №..-ში მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულ ვ. ა–ს მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე ლ. გ–მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 თებერვლის განაჩენით ლ. გ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ლ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ნ. ო–მა და ნ. ჩ–მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ლ. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. ო–სა და ნ. ჩ–ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი.

ლ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

ლ. გ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გამართლებულ ლ. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ პროკურორის მოთხოვნას, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. 2018 წლის 27 თებერვალს საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ......... სამმართველოს პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N .......... საქმეზე, 2019 წლის 21 თებერვალს ვ. ა–ს მიერ ოჯახის წევრების - მ. ა–სა და ს. ბ–ს მიმართ მუქარისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ მოთხოვნათა და ვალდებულებათა შეუსრულებლობის ფაქტზე.

10. 2019 წლის 3 მარტს მოცემულ საქმეზე ლ. გ–ე გამოიკითხა მოწმის სახით, რა დროსაც მან განაცხადა, რომ შეესწრო მუქარის ფაქტს.

11. 2019 წლის 13 აპრილს საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...... სამმართველოს პირველ განყოფილებაში ასევე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N ......... საქმეზე, ანგარებით ან სხვა მოტივით, ვ. ა–ს ცრუ დასმენის ფაქტზე (მ. ა–სა და ს. ბ–ს მიმართ).

12. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ 2019 წლის 4 ნოემბრის დადგენილების თანახმად, მ. ა–სა და ს. ბ–ს ბრალდების სისხლის სამართლის N....... საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე N ......... ლ. გ–სის მიერ შესაძლო დანაშულის ჩადენის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. დადგენილებაში მითითებულია შემდეგი: ვ. ა–ს მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე, როგორც გამოძიების პროცესში გამოკითხვისას, ასევე, სასამართლო პროცესზე დაკითხვისას, დაზარალებულებმა - მ. ა–მ და ს. ბ–მა დაადასტურეს, რომ მათ ვ. ა–სთან აქვთ სამოქალაქო დავა სამემკვიდრეო ქონებასთან დაკავშირებით. 2019 წლის 21 თებერვალს იმყოფებოდნენ თბილისში, ........ის ქ.№..-ში, ადვოკატ ნ. ო–სის ოფისში, სადაც ასასვლელ კიბესთან მათ შემთხვევით შეხვდათ ვ. ა–სი, რომელმაც მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით. აღნიშნული ჩვენება, როგორც გამოძიებაში, ასევე, სასამართლო პროცესზე, დაადასტურა ადვოკატმა ნ. ო–მა, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 13:30 საათზე, მას ოფისში, მდებარე თ–ში, ......ის ქ.№..-ში, სამოქალაქო საქმეზე კონსულტაციისათვის დაბარებული ჰყავდა მ. ა–მა და ს. ბ–მი. სამსახურში მისვლისას მას აღნიშნული პირები დახვდნენ ოფისთან. მ. ა–მა იყო შეუძლოდ, მისგან შეიტყო, რომ მასთან მისულ მ. ა–სა და ს. ბ–ს ოფისის კიბეზე შეხვდა ვ. ა–სი, რომელიც მათ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით, ასევე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მაშინ, როდესაც, თ–ში, ........ის ქ.№..-ში მდებარე, სს „.......... ბანკის“ გარესათვალთვალო კამერის 24 - საათიანი ჩანაწერითა და შპს „.......დან“, „........დან“ და „..... საქართველოდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით დადგენილია, რომ 2019 წლის 21 თებერვალს, თ–ში, ...........ის ქ.№..-ში მდებარე ადვოკატ ნ. ო–ს ოფისში, დაზარალებულები - მ. ა–მა და ს. ბ–მი საერთოდ არ მისულან, რაც პირდაპირ მიუთითებს ნ. ო–სა და დაზარალებულების მიერ გამოკითხვისას და დაკითხვისას სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიწოდებული ინფორმაციის, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ვ. ა–ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, სინამდვილესთან შეუსაბამობაზე და წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენას. გამოძიებით, ასევე, დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული ინფორმაცია, გამოძიებისას მიწოდებული აქვს სისხლის სამართლის №........ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულ ლ. გ–სეს. შესაბამისად, სისხლის სამართლის №....... საქმიდან ცალკე წარმოებად უნდა გამოიყოს სისხლის სამართლის საქმე ლ. გ–ს მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

13. 2019 წლის 6 დეკემბერს ბრალდებულ ვ. ა–ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელზეც მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო ლ. გ–ე, მან სასამართლოს არ მისცა ჩვენება, რის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად განმარტა, რომ არ სურდა ჩვენების მიცემა საკუთარი თავის წინააღმდეგ, ვინაიდან მას ჩაჰბარდა დოკუმენტი (სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ 2019 წლის 4 ნოემბერის დადგენილება), რომელშიც მითითებული იყო მის წინააღმდეგ ცალკე წარმოებად სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ. ლ. გ–მ იცოდა, რომ ასეთ შემთხევაში ჰქონდა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება და სურდა ესარგებლა ამ უფლებით. 2019 წლის 6 დეკემბრის სასამართლო სხდომამდე მან სასამართლოს წარუდგინა შესაბამისი განცხადებაც.

14. ბრალდების მხარე ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. გ–ს ედავება 2019 წლის 6 დეკემბერს ბრალდებულ ვ. ა–ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმას. საკასაციო სასამართლოს, სააპელაციო პალატის მსგავსად, დადასტურებულად არ მიაჩნია ლ. გ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, კერძოდ:

15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ბრალდება“, ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის პირველი პარაგრაფის მიზნებისათვის, შეიძლება ზოგადად განისაზღვროს, როგორც კომპეტენტური ორგანოს დანაშაულებრივი ქმედებებისთვის ბრალდების შესახებ ოფიციალური შეტყობინება, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, „ბრალდება“ შეიძლება გამოიხატოს იმგვარი ღონისძიების ფორმით, რომელსაც აქვს ბრალდების შინაარსი და რომელიც, ასევე არსებითად ზემოქმედებს ეჭვმიტანილის მდგომარეობაზე (Fotti and others v. Italy, no 7604/76, 7719/76, 7781/77, 7913/77, 1982, § 52; Eckle v. Germany, 1982, § 73; Ibrahim and Others v. the United Kingdom [GC], 2016, § 249; Simeonovi v. Bulgaria [GC], 2017, § 110).

16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად: „არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოწმეს უფლება აქვს: „არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე თავის ან ახლო ნათესავის საწინააღმდეგოდ, და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში.

17. თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგია წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების ფუნდამენტურ კომპონენტს, იცავს რა პირს საკუთარი თავის წინააღმდეგ მაინკრიმინირებელი ჩვენების რაიმე ფორმით მიცემის დავალდებულებისა თუ იძულებისაგან. ხსენებული უფლება მჭიდრო კავშირშია არა მარტო სამართლიანი სასამართლოს უფლების სხვა კომპონენტებთან, როგორებიცაა უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაცვის უფლება, არამედ რიგ ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპთან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/4/809 გადაწყვეტილება, II. პ. 41).

18. პროკურორი საკასაციო საჩივარში განმარტავს, რომ არცერთ სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის - არც გამოყოფილ საქმეზე, ლ. გ–ს არ გააჩნდა ბრალდებულის სტატუსი, ასევე გამოძიებაში მის მიერ მიცემული იფნრომაციით არ დგინდებოდა და არ იკვეთებოდა მოწმის სავარაუდო ბრალეულობაც იმ საქმეში, რომელშიც მოწმის სახით იყო გამოკითხული, რის გამოც თეორიულადაც გამორიცხული იყო, რომ ლ. გ–ს მიმართ დაიწყებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა, და, ამდენად, არ არსებობდა მისი მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

19. მითითებულ დასაბუთებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნულის საპირისპიროდ, სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ 2019 წლის 4 ნოემბრის დადგენილებაში, რომელიც ჩაჰბარდა ლ. გ–ს და რომელ დოკუმენტზე დაყრდნობითაც იგი მოგვიანებით, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვამდე, განმარტავდა, რომ არ სურდა ჩვენების მიცემა საკუთარი თავის წინააღმდეგ, სწორედაც ხაზგასმით და კონკრეტულად არის მითითებული, რომ სისხლის სამართლის №........... საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ლ. გ–ს მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც დაკავშირებული იყო მის მიერ ვ. ა–სის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ მიწოდებულ ინფორმაციასთან. საქმის მასალებით დადგენილია ისიც, რომ 2019 წლის 6 დეკემბერს, როდესაც ლ. გ–მ უარი განაცხადა საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე, იხილებოდა სწორედ ვ. ა–ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე იმ ფაქტთან მიმართებით, რაც აღწერილია სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ ზემოხსენებულ დადგენილებაში.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. გ–ს მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფამ, არსებითი ზემოქმედება მოახდინა მის მდგომარეობაზე, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში მას ჰქონდა კანონით გათვალისწინებული უფლება, უარი ეთქვა საკუთარი თავის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე, რაც ვერ იქნება მიჩნეული მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმად საპატიო მიზეზის გარეშე, ვინაიდან ვ. ა–ს ბრალდების ირგვლივ ლ. გ–სის ჩვენება, შესაძლოა, გამხდარიყო მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის საფუძველი.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ალიკა დვალაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი