საქმე # 030100119002835416
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1083აპ-22 ქ. თბილისი
ძ. ე. 1083აპ-22 24 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 26 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ძ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. კ–სა და ნ. ტ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. ძ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა ან გამოძალვისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, მე-3 ნაწილის „დ” და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. ძ–სას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 8 მაისს, დაახლოებით 01:00 საათიდან 06:00 საათამდე (ზუსტი დრო დაუდგენელია), სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ე. ძ–სა ხ–ს რაიონის სოფელ ქ–ში მცხოვრები ა. ბ–ს ეზოდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ა. ბ–სას „ოპელის“ მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომერი: „......“), ღირებულს 1470 ლარად და ამ ავტომობილში მოთავსებულ 15 ლარს. ე. ძ–ს ქმედებამ 1485 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენით:
3.1. ე. ძ–სა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და გამართლდა.
3.2. ე. ძ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
3.3. ფოთის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 8 მაისს, დაახლოებით 01:00 საათიდან 06:00 საათამდე (ზუსტი დრო დაუდგენელია), ე. ძ–სა ხ–ს რაიონის სოფელ ქ–ში მცხოვრები ა. ბ–ს ეზოდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ა. ბ–ს „ოპელის“ მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომერი: „...“), ღირებულს 1470 ლარად და ამ ავტომობილში მოთავსებულ 15 ლარს. ე. ძ–სს ქმედებამ 1485 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ე. ძ–ს ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა - მ. კ–მ და ნ. ტ–მ, რომლებმაც მოითხოვეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 26 აგვისტოს განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ე. ძ–ს ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა - მ. კ–მ და ნ. ტ–მ, რომლებიც ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 26 აგვისტოს განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
7. 2023 წლის 4 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ე. ძ–ს წერილი თანდართულ მასალებთან ერთად. აღნიშნული მასალებით ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე ე. ძ–მ უარი განაცხადა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. მოგვიანებით, ფოთის რაიონულმა პროკურატურამ კვლავ განიხილა ე. ძ–ს განცხადება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით და მისი გაფორმება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულის გამართლებას.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ე. ძ–ს მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულ ა. ბ–ს ჩვენება, მოწმეების - მ. ხ–ს, გ. ჭ–ს, გ. ბ–ს, ა. პ–ს, კ. ი–ს, ზ. გ–ს, ლ. ბ–ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ავტომანქანისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის N.......... დასკვნა, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N......... დასკვნა, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N.......... დასკვნა), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ ე. ძ–მ ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული დანაშაული.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ე. ძ–ას უდანაშაულობის, საქმეში მტკიცებულებების არარსებობისა და იმის შესახებ, რომ განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ არასანდო მოწმეთა ჩვენებებსა და კანონის დარღვევით მოპოვებულ წერილობით მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ე. ძ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებული ა. ბ–სა, მოწმეები - მ. ხ–ა, გ. ჭ–ა, გ. ბ–ა, ა. პ–ა უშუალოდ დანაშაულს - ავტომანქანის ქურდობას, არ შესწრებიან, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება 2018 წლის 8 მაისს დაზარალებულ ა. ბ–ს ეზოდან „ოპელის“ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომერი: „.....“) ქურდობის ფაქტი, კერძოდ, დაზარალებულ ა. ბ–სას ჩვენებით 2018 წლის 8 მაისს, დილით, აღმოაჩინა, რომ საცხოვრებელი სახლის ჭიშკარი ღია იყო, ხოლო ეზოში „ოპელ-ვექტრას“ მარკის ავტომანქანა აღარ იდგა. ქურდობის შესახებ ირაიდა ფაციას დახმარებით შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, რომლის მიმდინარეობისას პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს ჭიშკრის სახელური, რომლის გარეშე ჭიშკარი არ იღებოდა, ხოლო ჭიშკრის გაღების გარეშე ავტომანქანის წაყვანა შეუძლებელი იყო. მოწმის განმარტებით, ავტომანქანა ტყეში, ჭაობში ჩავარდნილი იპოვეს. პოლიციის თანამშრომლებმა ასევე დაათვალიერეს როგორც ავტომანქანა, ასევე - ავტომანქანის მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც ამოიღეს დანა და საფულე, რომელშიც აღარ იდო 15 ლარი.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის ჩვენება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის - მოწმეების - მ. ხ–ს, გ. ჭ–ს, გ. ბ–სა და ა. პ–ს ჩვენებებითა და საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებებით. სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება ა. ბ–ს მიკერძოებული დამოკიდებულება ე. ძ–ს მიმართ. ამასთან, სამართალწარმოების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე ობიექტური გარემოება, რაც დაზარალებულის ჩვენების სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
14. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ 2018 წლის 8 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, იმავე დღეს ჩატარებული ავტომანქანისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებული ნივთმტკიცებითა და მათ საფუძველზე გაცემული მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №........... დასკვნითა და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №....... დასკვნით უტყუარად არის დადგენილი შემთხვევის ადგილზე ე. ძ–სას ყოფნა და მის მიერ ა. ბ–ს კუთვნილი ავტომანქანის ფარულად დაუფლება.
15. 2018 წლის 9 მაისის ამოღების ოქმის თანახმად ხ–ს რაიონულ სამმართველოში ე. ძ–მ ნებაყოფლობით წარადგინა ტანსაცმელი (შარვალი და მაისური), რომელიც მას ეცვა 2018 წლის 7 მაისიდან - 2018 წლის 8 მაისის 01:00 საათამდე. მისგან ამოღებული ერთი შავი ნაჭრის შარვალი და ერთი შავი მაისური დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ტანსაცმელი კვლევის მიზნით გადაიგზავნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რომელმაც 2018 წლის 19 ნოემბერს გასცა დასკვნა, რომ ე. ძ–სგან ამოღებულ ტანსაცმელზე და დაზარალებულ ა. ბ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან ფარულად დაუფლებული „ოპელის“ მარკის ავტომანქანის სავარძლების შალითებზე არსებულ ბოჭკოებს გააჩნდათ საერთო გვარობრივი კუთვნილება.
16. 2018 წლის 8 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა ხ–ს რაიონის სოფელ ქა–ში მცხოვრები ა. ბ–ს საცხოვრებელი სახლის ეზო, რა დროსაც ამოიღეს ერთი ცალი ლითონის ნივთი (ჭიშკრის საკეტი), რაც დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით. იმავე დღეს ჩატარდა ავტომანქანისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი. დათვალიერდა „ოპელ ვექტრას“ მარკის ავტომანქანა, რომელიც აღმოჩნდა ხ–ს რაიონის სოფელ .......ში, დასახლება ყ–ში არსებულ ტყის მასივში. დათვალიერების შედეგად ამოიღეს როგორც ანაწმედები, ასევე - სხვადასხვა ნივთი, მათ შორის: შავი ფერის ტყავის საფულე და მასში მოთავსებული ა. ბ–სას სახელზე გაცემული დოკუმენტები; ხისტარიანი, ლითონის გასაშლელი დანა. ამოღებული მასალები და საგნები დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები და საგნები შემდგომი კვლევისთვის გადაიგზავნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რომელმაც 2018 წლის 22 ოქტომბერს გასცა დასკვნა. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №....... დასკვნით, ავტომანქანა ,,ოპელიდან“ აღებულ ანაწმენდებზე - „საჭის ზედა ნაწილიდან“ და „საჭის ქვედა ნაწილიდან“, არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ე. ძ–სას; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ მეტალის მოხრილ საგანზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ე. ძ–სას; ავტომანქანის სალონიდან ამოღებულ დასაკეც დანაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ე. ძ–სას; მანქანის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ საფულეზე (ობ. №..) და მასში მოთავსებულ ნივთებზე (ობ. №..) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №..-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ე. ძ–სას, ხოლო მინორული წილი და ობ. №..-ის გენეტიკური პროფილი გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია; პაკეტში, წარწერით: „...ავტომანქანის საბარგულის კარები...“, მოთავსებულ მოშავო ფერის პოლიმერული მასალის მართკუთხა ფორმის დეტალზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ე. ძ–ს; პაკეტში, წარწერით: „...ავტომობილის შიდა (არ იკითხება) /საბარგული/...“ მოთავსებულ საგნებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ე. ძ–სას.
17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2018 წლის 8 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერება და იმავე დღეს ჩატარებული ავტომანქანისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე დაადასტურეს მასში მონაწილე პირებმა: კ. იზ–მ, ზ. გ–მ, ლ. ბ–მ, ა. ბ–მ და ხ. ბ–მა. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოთხოვნა აღნიშნული მტკიცებულებებისა და მათ საფუძველზე მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნების არგაზიარების თაობაზე, ვინაიდან საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას ამოღებული საგნები და ნივთები დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ექსპერტიზის ჩამტარებელ პირებს - ს. ი–ს და ქ. ქ–ს რაიმე შენიშვნა ან განმარტება საკვლევ ობიექტებთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნაში არ მიუთითებიათ. ამასთან მათ დაადასტურეს გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
18. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის გაუზიარებლობის შესახებ. კასატორის მტკიცებით შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს წვიმიან ამინდში, ხოლო ამ გარემო პირობებში ამოღებულ საგნებზე ვერ დარჩებოდა გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საჭირო მასალა. სასამართლო მიუთითებს, რომ დაცვის მხარის მსჯელობა არ გამომდინარეობს საქმის მასალების ობიექტური ანალიზიდან, კერძოდ, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ჩამტარებელმა პირმა - ქ. ქ–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ გენეტიკური პროფილის დარჩენა კონკრეტულ ნივთზე დამოკიდებულია გარემო პირობებზე (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, 13:29:09 საათი). განსახილველ შემთხვევაში, რაც არ უნდა ცუდ პირობებში ყოფილიყო შენახული საკვლევი ობიექტი, ფაქტია, რომ ბიომასალა მასზე კვლავ დარჩა და იყო იდენტიფიკაციისათვის ვარგისი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, 13:29:55 საათი). ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადვოკატ მ. კ–ს ექსპერტ ქ. ქ–სთვის არ დაუსვამს კონკრეტული კითხვა, რომელიც დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტს წარმოადგენს, - წვიმიან ამინდში საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, - გავლენას მოახდენდა თუ არა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგზე. შესაბამისად, დაცვის მხარის მსჯელობა აგებულია დაუსაბუთებელ ვარაუდებზე, რაც არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით.
19. ამდენად, ზემოაღნიშნული დასკვნებითა და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა ზემოაღწერილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ე. ძ–ს შემთხვევის ადგილზე ყოფნისა და მის მიერ ა. ბ–ს კუთვნილი ავტომანქანის ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლების ფაქტი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ე. ძ–ს ბიოლოგიური მასალა აღმოჩნდა, როგორც საცხოვრებელი სახლის შესასვლელი ჭიშკრის ორფრთიანი კარების მოხრილ ლითონის საკეტზე, ასევე მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ავტომანქანის საჭეზე, საბარგულსა და ავტომანქანაში თუ მის მიმდებარედ არსებულ ნივთებზე (მათ შორის -ა. ბ–ს საფულეზე).
20. სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ აღნიშნული დასკვნა ვერ გახდება მსჯავრდებულის გამართლების საფუძველი. ავტომანქანა ,,ოპელ-ვექტრადან“ ამოღებული სუნის კვალის ნიმუშების არაიდენტურობა ე. ძ–სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშთან a priori არ ნიშნავს ე. ძ–სას უდანაშაულობას, ვინაიდან ექსპერტიზის შედეგები უკავშირდება სუნის კვალის წარმოქმნის პროცესის თავისებურებას. განსახილველ შემთხვევაში არსებობს დაზარალებულისა და მოწმეთა თანმიმდევრული და თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ბიოლოგიური (გენეტიკური) და ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნები, საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მოწმეთა მხრიდან ე. ძ–ს მიმართ რაიმე დაინტერესება არ იკვეთება. შესაბამისად, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს ე. ძ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს.
21. სასამართლო აგრეთვე ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება კასატორის მტკიცება ე. ძ–ს უდანაშაულობის შესახებ. მოწმეები - ლ. ძ–ა, ა. ტ–ა, თ. გ–ა და ლ. ს–ა-წ–ა განმარტავენ, რომ ე. ძ–სა მ. ს–ს სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისას (შემთხვევამდე ორი დღით ადრე) იჯდა ა. ბ–ს ავტომანქანაში, საჭის მხარეს. აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ეწინააღმდეგება როგორც დაზარალებულის ჩვენებას, ასევე ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ უტყუარ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ ე. ძ–ს ბიოლოგიური მასალა აღმოჩნდა, როგორც საცხოვრებელი სახლის შესასვლელი ჭიშკრის ორფრთიანი კარების მოხრილ ლითონის საკეტზე, ასევე მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ავტომანქანის საჭეზე, საბარგულსა და ავტომანქანაში თუ მის მიმდებარედ არსებულ ნივთებზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის განხილვის ეტაპზე კასატორები დამაჯერებლად ვერ ხსნიან დაზარალებულის სატრანსპორტო საშუალებასა და ჭიშკრის საკეტზე ბიომასალის გენეტიკური პროფილის არსებობის მიზეზებს.
22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მამხილებელი მტკიცებულებით გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება ე. ძ–ს მიერ მისთვის შერაცხული - 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული - დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
23. იმავდროულად სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ სისხლის სამართლის წარმოებისას ადგილი ჰქონდა სამართალდამცავი პირების მხრიდან ე. ძ–ზე ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას დანაშაულის აღიარების მიზნით (რაზეც გაკვრით უთითებს კასატორი), დაცვის მხარე უფლებამოსილია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 1911-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც სასამართლო მოკლებულია საკუთარი ინიციატივით საქმის მასალების გადაგზავნის შესაძლებლობას.
24. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
25. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
26. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
27. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
28. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ე. ძ–სას ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. კ–სა და ნ. ტ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე