საქმე # 330100117001955722
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1120აპ-22 ქ. თბილისი
ბ–ი ი., 1120აპ-22 19 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ხ–სის, მსჯავრდებულ ვ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ–სა და მსჯავრდებულ ფ. ი–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ხ–მა, მსჯავრდებულ ვ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ქ–მ და მსჯავრდებულ ფ. ი–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. მ–მ.
- მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ხ–სი საკასაციო საჩივრით მოითხოვს ი. ბ–ს გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით შერაცხულ ბრალდებაში და მისი ქმედების სსკ-ის 376-ე მუხლით დაკვალიფიცირებას, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ასევე გამართლებას, შემდეგი ძირითადი მოსაზრებებით: ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ი. ბ–ს ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, მისი ბრალდება ემყარება მხოლოდ პროკურორის ვარაუდებს, რაც სასამართლომაც უსაფუძვლოდ გაიზიარა; გამოძიებამ ი. ბ–ს წინააღმდეგ, მისგან ყალბი აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად გამოიყენა უკანონო მეთოდები - ცემა, წამება, მუქარა, არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა, რაც მიუხედავად ამ უკანონო მეთოდებისა, ვერ შეძლო; მხოლოდ ის ფაქტი, რომ ი. ბ–ს ჰქონდა ო. ქ–ს ვალი - 11000 ლარი, რომელსაც გარკვეული პერიოდი ვერ უხდიდა, არ ადასტურებს მკვლელობის ანგარებითა და შეკვეთით ჩადენის უტყუარობას; არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს დანაშაულში ი. ბ–ს რაიმე ფორმით მონაწილეობას, იგი შემთხვევით აღმოჩნდა შელაპარაკების ნიადაგზე გამოწვეული მკვლელობის შემსწრე, რომლის შესახებაც მან მხოლოდ თ–დან მ–ს მიმართულებით ავტომანქანით მგზავრობისას ფ. ი–გან შეიტყო, რაც მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო; რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ბრალდებას, იარაღი ი. ბ–ს, მისგან მკვლელობის ჩადენის აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად პოლიციის მუშაკებმა ჩაუდეს, რომლებიც მოულოდნელად შეიჭრნენ მის საცხოვრებელ სახლში, ისე რომ ჩხრეკას არ დაასწრეს არცერთი გარეშე პირი, თუ მოწმე. ჩხრეკის კანონიერებას ადასტურებენ მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები, რომელთა ჩვენებებიც სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს. ამასთან, არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა იარაღზე ი. ბ–ს ანაბეჭდების არსებობის დასადგენად.
- მსჯავრდებულ ვ. ა–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ქ–სა საკასაციო საჩივრით მოითხოვს მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ვ. ა–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი არგუმენტებით: განაჩენში მითითებული არცერთი მტკიცებულებით უტყუარად არ დასტურდება ვ. ა–ის მიერ ჯგუფთან ერთად, შეკვეთით ო. ქ–სის განზრახ მკვლელობის ფაქტი; მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ემყარება მხოლოდ მოსამართლის უსაფუძვლო ვარაუდსა და დაუსაბუთებელ ეჭვს; ვ. ა–სს ო. ქ–სესთან აკავშირებდა მხოლოდ ბიზნესსაქმიანობა და მის სახლში მივიდა სწორედ ამ საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე ო. ქ–სისათვის უნდა ეთხოვა ი. ბ–სათვის მისთვის გადასახდელი ვალის გადავადება. ო–ის სახლში მივიდა ფ. ი–სთან ერთად. ო–სა და ფ–ს შორის სახლში მოხდა სიტყვიერი შეკამათება ი. ბ–სის ვალთან დაკავშირებით. კამათში ვ. ა–ი არ ჩარეულა, მან დატოვა სახლი და გავიდა გარეთ. მისი გასვლიდან რამდენიმე წუთში გავიდა ფ. ი–ც, რომელსაც ხელში ეჭირა ლითონის მილი, ისინი ჩასხდნენ ი. ბ–ს ავტომანქანაში და წავიდნენ მარნეულის მიმართულებით, რა დროსაც ფ–მ მგზავრებს უამბო, რომ სახლში ყოფნისას მას ო. ქ–სესთან მოუხდა კონფლიქტი, რის გამოც მას თავში ჩაარტყა ლითონის მილი და დანა. შემდეგ დაბრუნდნენ ო–ს სახლში, გზად ფ–ს თხოვნით გადააგდო ის ნივთი, რომელიც მას ხელში ეჭირა; ო. ქ–ს ბინაში მისვლისას იგი გარდაცვლილი ნახეს; სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებად არ უნდა მიეჩნია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ლითონის მილზე აღმოჩნდა ვ. ა–ს გენეტიკური პროფილი, ვინაიდან მსჯავრდებულებმა დაადასტურეს, რომ ეს მილი ფ–მ ვ–სს გადასცა; რაც შეეხება ვ. ა–ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებულ ჩხრეკას, მის ბინაში შევარდნენ პოლიციის თანამშრომლები, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დააგდეს იატაკზე, ხელები შეუკრეს და მისი მონაწილეობის გარეშე ჩაატარეს ჩხრეკა, რა დროსაც ვითომდა მისი ბინიდან ამოიღეს ო. ქ–ს სახლიდან წამოღებული „სამსუნგის“ ფირმის ვიდეოკამერა, რაც რეალობას არ შეესაბამება. საგამოძიებო მოქმედების ოქმებზე მსჯავრდებულს ხელი იძულებით მოაწერინეს.
- მსჯავრდებულ ფ. ი–სის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. მ–სე საკასაციო საჩივრით მოითხოვს მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მსჯავრდებული იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, შემდეგი ძირითადი მოტივაციით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან არ ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას; საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ორგანიზებული, შეკვეთილი და ჯგუფური მკვლელობის ჩადენის ფაქტი; მართალია, ო. ქ–სის საცხოვრებელ ბინაში, მასთან დასალაპარაკებლად შევიდნენ ვ. ა–სი და ფ. ი–სი, თუმცა დგინდება, რომ სიტყვიერი შეკამათება მოხდა მხოლოდ ფ–სა და ო–ს შორის, რის შემდეგაც ო–ის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას ზიფიკურიც მოჰყვა. ვინაიდან ო. ქ–სე ფ. ი–სზე ფიზიკურად ძლიერი იყო, ფ–მ ივარაუდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მყოფმა, ო–ს, მისგან ფიზიკური ძალადობის მოგერიების მიზნით, თავში ჩაარტყა ლითონის მილი, რომელიც ოთახში თაროზე იდო. მიუხედავად ამისა, ო–ი კვლავ იწევდა მისკენ, რის გამოც მაგიდიდან აიღო დანა და იქნევდა მისი მიმართულებით, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მისი მოგერიების მიზნით. თავდასხმის მოგერიებისას, ო. ქ–ს დანა სხეულში მოხვდა, რომლის პირიც სხეულშივე ჩარჩა, ხოლო ტარი ფ–ს შერჩა ხელში. ამ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია ვ. ა–ს, რადგან იგი უკვე გასული იყო ბინიდან, ხოლო მხოლოდ ის ფაქტი, რომ ლითონის მილზე აღმოჩნდა ვ. ა–ს კვალი, არ ადასტურებს მის მონაწილეობას კონფლიქტში, რადგან ეს მილი თვითონ ფ–მ გადასცა ვ–ს ბინიდან გასვლისა და მანქანაში მათი ჩასხდომის შემდეგ; რაც შეეხება ფ. ი–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკას, იგი ჩატარებულია საპროცესო კანონის უხეში და არსებითი დარღვევით, რომლის კანონიერებას ადასტურებენ მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ცრუობენ, რომ თითქოსდა ფ. ი–სგან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენით:
ი. ბ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ი. ბ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლით.
გაუქმდა ი. ბ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 2 მარტიდან.
ფ. ი–ი, - დაბადებული 19..წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლით; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ფ. ი–ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლით.
გაუქმდა ფ. ი–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 2 მარტიდან.
ვ. ა–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლით; სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ვ. ა–სს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლით.
გაუქმდა ვ. ა–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 2 მარტიდან.
რ. ა–ს, - დაბადებულის 19.. წელს, - ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებიდან, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 376-ე მუხლზე.
რ. ა–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
რ. ა–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ. ა–ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით.
გაუქმდა რ. ა–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 2 მარტიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
ი. ბ–მა ჩაიდინა: განზრახ მკვლელობა, ჯგუფურად, ანგარებითა და შეკვეთით; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა;
ფ. ი–მა ჩაიდინა: განზრახ მკვლელობა, ჯგუფურად და შეკვეთით; ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა;
ვ. ა–მა ჩაიდინა: განზრახ მკვლელობა, ჯგუფურად და შეკვეთით; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით;
რ. ა–სმა ჩაიდინა: დანაშაულის შეუტყობინებლობა; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
ი. ბ–ს, ფ. ი–ს, ვ. ა–სა და რ. ა–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- ქ. მ–ში მცხოვრებ ი. ბ–ს ჰქონდა ო. ქ–ს ვალი - 11 000 (თერთმეტი ათასი) ლარი, რის გამოც ო. ქ–ე სისტემატურად უკავშირდებოდა და დაჟინებით მოითხოვდა ვალის დაბრუნებას. ი. ბ–ი ვალს ვერ უბრუნებდა, რის გამოც მან გადაწყვიტა ანგარებით მოეკლა კრედიტორი.
2017 წლის თებერვალში ი. ბ–სი დაუკავშირდა - ვ. ა–სა და ფ. ი–ს, რომელთაც გაანდო ზემოხსენებული განზრახვის შესახებ და მათ შეუკვეთა ო. ქ–ს მკვლელობა, რასაც ისინი დასთანხმდნენ.
2017 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ი. ბ–ი შეხვდა ვ. ა–ს, რ. ა–სა და ფ. ი–ს. შემდეგ ი. ბ–მა მობილური ტელეფონით დაურეკა ო. ქ–ს, უთხრა, რომ ვალის დასაბრუნებლად მივიდოდა მასთან და დახვედროდა სახლში, რაზეც ო–ი თასთანხმდა. შემდეგ ი. ბ–მა თანამზრახველები ჩაისვა თავისივე მართვის ქვეშ მყოფ „ოპელ ასტრას“ მოდელის ავტომობილში, სახელმწიფო ნომრით ........ და ბ–ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთად გაემგზავრნენ თ–ში.
თ–ში, გ–ს ქუჩა N..-თან მისვლის შემდეგ, ვ. ა–სი და ფ. ი–სი შევიდნენ ო. ქ–ს სახლში, ხოლო ი. ბ–ი რ. ა–სთან ერთად დარჩა იმავე ავტომანქანაში, რომელიც გააჩერეს საცხოვრებელ სახლთან ახლოს.
სახლში შესვლის შემდეგ ვ. ა–ი და ო. ქ–ე საუბრობდნენ საერთო საქმეზე. ეს უკანასკნელი ასევე თამაშობდა ნარდს ფ. ი–სთან ერთად და სამივე სვამდნენ ჩაის. ი. ბ–სი ვითარების გაკონტროლების მიზნით, მობილური ტელეფონით პერიოდულად ურეკავდა ფ. ი–სსა და ვ. ა–ს.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ფ. ი–მა და ვ. ა–მა ო. ქ–ს უთხრეს, რომ ისინი წავიდოდნენ, რის გამოც სახლის მისაღები ოთახიდან გაემართნენ ქუჩაზე გასასვლელი კარისაკენ. კართან მისვლისას, კიბეებზე, ვ. ა–სმა რკინის მილი წინ მყოფ ო. ქ–ს განზრახ მოკვლის მიზნით რამდენჯერმე ჩაარტყა თავში. ამავდროულად იქვე მყოფმა ფ. ი–მა ო. ქ–ს გამიზნულად, მისი მოკვლის განზრახვით, ხელთ ნაქონი დანა რამდენჯერმე დაარტყა სახეში, ხოლო ერთხელ ჩაარტყა კისრის მიდამოში, რა დროსაც დანა გადატყდა ტარში, ხოლო დანის პირი ჩარჩა ო. ქ–ს სხეულში. ყოველივე აღნიშნულის შედეგად მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებების გამო ო. ქ–ე ადგილზევე გარდაიცვალა.
ვ. ა–სმა კვალის დაფარვის მიზნით, აიღო ო. ქ–ს კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და ფ. ი–სთან ერთად გავიდნენ სახლიდან. სახლიდან გასვლის შემდეგ, ფ. ი–მა ხსენებული დანის ტარი მოისროლა იქვე, რის შემდეგაც ისინი ჩასხდნენ ი. ბ–ს ავტომობილში და მიმალვის მიზნით გაემგზავრნენ მარნეულის მიმართულებით.
ავტომობილით გადაადგილებისას ფ. ი–მა და ვ. ა–მა რ. ა–ს და ი. ბ–ს უამბეს მომხდარის დეტალები, კერძოდ, უთხრეს, რომ ო. ქ–ს საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ითამაშეს ნარდი და დალიეს ჩაი. აღნიშნულზე ი. ბ–მა იფიქრა, რომ შესაძლოა ჭიქებსა და ნარდზე დარჩენილიყო ფ. ი–სა და ვ. ა–ს თითის ანაბეჭდები, რის გამოც მათ რ–ს გადასახვევთან მოაბრუნეს ავტომანქანა თ–ს მიმართულებით და იქვე გაჩერდნენ. მანქანიდან გადმოვიდნენ, ვ. ა–მა ო. ქ–ს სახლიდან წაღებული ტელეფონი და ასევე დანაშაულის ჩადენის იარაღი - ლითონის მილი, გადააგდო გზის პირას მდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ფ. ი–სმა ი. ბ–ს მიერ მიცემული ბოთლიდან დაიბანა სისხლიანი ხელები. შემდეგ ისინი მივიდნენ ო. ქ–ს სახლთან. სახლში შევიდნენ ი. ბ–ი და ვ. ა–ი, საიდანაც გამოიტანეს ო. ქ–ს კუთვნილი ჩაის ჭიქები და ნარდი.
ამის შემდეგ, ხსენებული პირები იმავე ავტომანქანით მიიმალნენ, კერძოდ, წავიდნენ მარნეულის მიმართულებით, ხოლო გზაზე სხვადასხვა ადგილას დანაშაულის კვალისა და მამხილებელი მტკიცებულებების განადგურების მიზნით, გადაყარეს ო. ქ–ის სახლიდან წაღებული ნივთები.
- ამავე დროს, ვ. ა–სი ი. ბ–სგან მალულად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ო. ქ–ს საცხოვრებელ სახლში არსებულ მის კუთვნილ 120 ლარად ღირებულ „SAMSUNG .......“ მოდელის ვიდეოკამერას, რომელიც 2017 წლის 2 მარტს ამოიღეს მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
- ქ. მ–ი შ. კ–ს ქუჩა N..-ში მცხოვრებმა ი. ბ–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, საბჭოთა წარმოების, БМ მოდელის 16 კალიბრიანი გლუვლულიანი, ორლულიანი სანადირო თოფისგან დამზადებული გადაჭრილი თოფი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა თავისივე საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში მდგარი საწოლის ლეიბის ქვეშ, რომელიც ამოიღეს 2017 წლის 2 მარტს ი. ბ–სის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
- ბ–ს რაიონის სოფელ ქვემო ბ–ში მცხოვრებმა ფ. ი–სმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება „AB-CHMINACA“, რომელიც უკანონოდ შეინახა თავის საცხოვრებელ სახლში. ხსენებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს 2017 წლის 2 მარტს ფ. ი–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
- ბოლნისის რაიონის სოფელ ქვემო ბოლნისში მცხოვრებმა რ. ა–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 1,738662 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც უკანონოდ შეინახა თავისი საცხოვრებელი სახლის ოთახში დადებულ თავისსავე ქურთუკის ჯიბეში. ხსენებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს 2017 წლის 2 მარტს რ. ა–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
- ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: რ. ა–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
- მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ლ. ხ–მა და ა. ა–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ი. ბ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით შერაცხულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა.
- მსჯავრდებულ ვ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ქ–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ვ. ა–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
- მსჯავრდებულ ფ. ი–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. პ–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დაკვალიფიცირება და სასჯელის სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება. სააპელაციო სხდომაზე მსჯავრდებულ ფ. ი–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. მ–მ შეცვალა საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, დაცვის მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
- მსჯავრდებულ რ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. ქ–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. სააპელაციო სხდომაზე დაცვის მხარემ შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შერაცხული ბრალდების, სსკ-ის 260-ე მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკვალიფიცირება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვ. ა–ს, ფ. ი–სა და რ. ა–ს მიმართ შევიდა შემდეგი ცვლილება:
ფ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რომლის მოხდისგანაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, გათავისუფლდა.
ფ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 2 მარტიდან.
ვ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რომლის მოხდისგანაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გათავისუფლდა.
ვ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 2 მარტიდან.
რ. ა–ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებიდან, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 376-ე მუხლზე.
რ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
რ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ. ა–ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 2 მარტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში (მათ შორის - ი. ბ–ს მიმართ) დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების - ი. ბ–ს, ვ. ა–სა და ფ. ი–ს მიმართ მსჯავრად შერაცხულ ქმედებებში უდანაშაულოდ ცნობისა და მათი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - თ. ბ–ს, მ. ა–ს, ქ. ხ–ს, პ. მ–ს, გ. პ–ს, კ. კ–ს, რ. კ–ს, შ. ჯ–ს, ნ. ფ–ს, ა. ჟ–ს, კ. გ–ს, ა. ა–ს, დ. ნ–ს, დ. ჩ–ს, ლ. ტ–ს, ზ. ტ–ს, შ. ლ–ს, გ. ი–ს, ს. ტ–სა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ო. ქ–ს საცხოვრებელი სახლის დამატებით დათვალიერების ოქმით, დაზარალებულ ო. ქ–ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ბრალდებულ ფ. ი–სის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმებით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, მობილური ოპერატორებისგან გამოთხოვილი ინფორმაციით, თ–ი-რ–ს დამაკავშირებელი გზის ფ–ს გადასახვევთან დამონტაჟებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სსიპ „112“-ის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებითა და ამავე ჩანაწერების დათვალიერების ოქმით, „............. სახელობის მუზეუმის“ გარესათვალთვალო კამერების ჩანაწერებითა და ამავე ჩანაწერების დათვალიერების ოქმით, შპს „........დან“ და შპს „........დან“ გამოთხოვილი ინფორმაციითა და ამ ინფორმაციის დათვალიერების ოქმით, ი. ბ–სის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ფ. ი–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ვ. ა–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, შპს „ა–ს“ კომერციული დირექტორის 2017 წლის 1 ნოემბრის წერილით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ბრალდებულ რ. ა–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ი. ბ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ფ. ი–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ვ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
9. საკასაციო სასამართლო, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას პოლიციის მუშაკების მიერ მსჯავრდებულების - ი. ბ–ს, ვ. ა–სა და ფ. ი–სათვის, მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, შესაბამისად - ცეცხლსასროლი იარაღის, ვიდეოკამერისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების „ჩადების“ შესახებ, ვინაიდან სასამართლოს შეფასებით დაუსაბუთებელია და არაფერი მიუთითებს ამ ვერსიის ნამდვილობაზე. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლების დაინტერესებისა და მსჯავრდებულებისათვის სხვადასხვა ნივთების ჩადების ფაქტებს. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლივად (მაგალითისთვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №96აპ-17). მოცემულ შემთხვევაში მოწმე პოლიციელების ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია, რადგან მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და სრულად თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. ამასთან, საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია კანონიერად, სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე.
10. უსაფუძვლოა მსჯავრდებულ ფ. ი–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ–ს პოზიციაც, რომ მსჯავრდებულმა ფ. ი–მა დაზარალებულს დაზიანებები მიაყენა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი.
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივრებში აპელირებს დაცვის მხარე, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივრებში არ უთითებს.
12. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ხ–ს, მსჯავრდებულ ვ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ–სა და მსჯავრდებულ ფ. ი–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი