Facebook Twitter

საქმე # 330100121004457000

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1122აპ-22 ქ. თბილისი

კ. გ. 1122აპ-22 25 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.2. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. კ–სის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 16:40 საათზე, ქ. თ–ში, .......ის ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, ალკოჰოლით მთვრალმა გ. კ–მ იძალადა გ. მ–ს მიმართ, კერძოდ, გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა მარცხენა თვალში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;

2.2. 2021 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. თ–ში, .......ის ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ფიზიკური დაპირისპირების დროს, ალკოჰოლით მთვრალმა გ. კ–მ მარცხენა ხელი დაარტყა გ. გ–ს თავში, რის შედეგადაც ეს უკანსაკნელი დაეცა ასფალტზე, ხოლო თავში მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე დაზიანების შედეგად, საავადმყოფოში ჩატარებული ოპერაციის მიუხედავად, გარდაიცვალა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. გ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. გ. კ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

3.3. გ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. კ–ს მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.5. მსჯავრდებულ გ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 26 იანვრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. კ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ, რომელიც ითხოვს ცვლილება შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენში და გ. კ–ე დამნაშავედ იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პროკურორი ითხოვს გ. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით მისთვის შესაბამისი სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

8.1. ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს გ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია - მსჯავრდებულმა გ. კ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა თუ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. კ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაცია განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის: გ. წ–სა და რ. მ–ს ჩვენებებით, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ქ. კ–სა და ა. ლ–ს გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ 2021 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე ურთიერთშელაპარაკების დროს გ. კ–მ ხელი დაარტყა გ. გ–ს თავში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაეცა ასფალტზე. დაზარალებული საავადმყოფოში ჩატარებული ოპერაციის მიუხედავად გარდაიცვალა. 2021 წლის 25 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნითა და ექსპერტ - ს. ბ–ს ჩვენებით დგინდება, რომ გ. გ–ს დაზიანებები აღენიშნებოდა ორ ლოკაციაზე - მარჯვენა საფეთქელ-თხემისა და მარჯვენა თხემის მიდამოში უკან. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საქმის განხილვისას დაკითხულმა ექსპერტმა ზ. გ–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N.......... და განმარტა, რომ დაზარალებულს დაზიანების ორი ლოკუსი აქვს, ერთი დარტყმის შედეგად კი ორ დაზიანებას ვერ მიიღებდა; ორი იზოლირებული ლოკალიზაციის დაზიანებას ერთი დაცემის შედეგად ვერ მიიღებდა, უნდა იყოს ორჯერადი მოქმედება. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ რომელი დაზიანებაა დარტყმის და რომელი დაცემის შედეგი ამის დიფერენცირების საშუალება ექსპერტიზას არ აქვს, ასევე გვამზე არსებული დაზიანების რიგითობის დადგენა შეუძლებელია. რომელი დაზიანება გახდა სიკვდილის მიზეზი ამის თქმა მას არ შეუძლია. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ორი დაზიანება ერთობლიობაში (და არა ცალ-ცალკე) შეფასებულია როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. შესაბამისად, სასამართლო ვერ ადგენს ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება გ. კ–სის მიერ გ. გ–სათვის ხელის ერთხელ დარტყმამ გამოიწვია თუ დაცემის შედეგად მიღებულმა დაზიანებამ.

11. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების, გ. კ–ს ქმედების ხერხისა და გამოყენებული საშუალების გათვალისწინებით ნათელია, რომ ქმედების ჩადენისას მსჯავრდებული არ მოქმედებდა დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვით, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის (ასეთად ვერ შეფასდება თავში ხელის ერთჯერადი დარტყმა), არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ქმედების ჩადენისას გ. კ–ე ითვალისწინებდა ხსენებული მძიმე შედეგის დადგომის შესაძლებლობას.

12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ქმედების ჩადენისას გ. კ–მ არ გამოიჩინა წინდახედულება, რომ სავსებით შესაძლებელი იყო ადამიანისათვის თავში ხელის ძლიერ დარტყმას გამოეწვია დაცემა, რის შედეგადაც შესაძლოა, მიეღო სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება და დამდგარიყო სიკვდილიც, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით გ. კ–მ დაუდევრობით ჩაიდინა სიცოცხლის გაურთხილებლობით მოსპობა და მისი ქმედება სწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

14. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე