საქმე # 330100122005458877
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1149აპ-22 ქ. თბილისი
ყ. ე.1149აპ-22 24 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
1.1. ე. ყ–ს,- დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1.1. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
1.1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2. გ. ნ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ე. ყ–სისა და გ. ნ–სის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 13:10 საათზე, ქ. თ–ში, გ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმდებარე
ტერიტორიაზე, ე. ყ–სი და გ. ნ–სი შეხვდნენ ყოფილ მეგობარს - დ. დ–ს, რომელიც ჩაისვეს გ. ნ–ს მფლობელობაში არსებულ „LEXUS CT 200”-ის მოდელის ავტომანქანაში. ე. ყ–მა დ. დ–ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ გ. ნ–სთან ერთად, ჯგუფურად, სცემა დ. დ–სს. მათ გაინაწილეს როლები, კერძოდ, გ. ნ–სმა სავარძელი უკან გასწია, რითაც მოძრაობა შეუზღუდა ავტომანქანაში მის უკან მჯდომ დ. დ–ს, შემდგომ კი შებოჭა იგი, ხოლო ე. ყ–მა მუშტებით სახეში სცემა დ. დ–ს და მიაყენა სახის ძვლის მრავლობითი მოტეხილობა, კერძოდ, ცხვირის ძვლის, მარცხნივ ცხვირის გვერდითი ფირფიტის, ჰაიმორის წიაღის წინა კედლის ხაზოვანი მოტეხილობები შეცილების გარეშე, ასევე, თვალბუდის მედიალური კედლისა და ქვედა კედლის იმპრესიული მოტეხილობა. დ. დ–სმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ძალადობის შემდგომ, ე. ყ–სი დაემუქრა დ. დ–სს სიცოცხლის მოსპობით. უთხრა, რომ თუ მომხდარის შესახებ სადმე განაცხადებდა, მოკლავდა და დამარხავდა. დ. დ–სს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის განაჩენით:
3.1. გ. ნ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
3.2. ე. ყ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
3.3. ე. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.
3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ყ–ს საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
3.5. ე. ყ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2021 წლის 29 ნოემბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ და მოითხოვა ე. ყ–სა და გ. ნ–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდებით, შესაბამისი სამართლიანი სასჯელის დანიშვნით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ და მოითხოვა ე. ყ–სა და გ. ნ–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდებით, შესაბამისი სამართლიანი სასჯელის დანიშვნით.
7. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ე. ყ–ს ადვოკატმა კ. შ–მ და მოითხოვა პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ხოლო დასაშვებად ცნობის შემთხვევაში გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, კერძოდ, პროკურორი ითხოვს ე. ყ–ს დამნაშავედ ცნობას თავდაპირველი კვალიფიკაციით - საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო გ. ნ–ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა: გ. ნ–მა და ე. ყ–მა ჩაიდინეს თუ არა ჯგუფური დანაშაული.
10. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული ე. ყ–ი დაემუქრა დ. დ–ს და ფიზიკურად იძალადა (ჯგუფის გარეშე) მასზე, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ამ ნაწილში დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები. გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ე. ყ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია თავად ე. ყ–სა და გ. ნ–ს ჩვენებებით და უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
11. სასამართლო აგრეთვე ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის შეცვლის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ნ–ს წარდგენილ ბრალდებაში სრულად გამართლება, ხოლო ე. ყ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაცია განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გ. ნ–ს დანაშაულში მონაწილეობა და ჯგუფურად, ე. ყ–სთან ერთად საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯგუფურად) ჩადენა. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. დ–სის მიმართ ე. ყ–სა და გ. ნ–ს მიერ ჯგუფურად, ფიზიკური ძალადობის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ დაზარალებულ დ. დ–ს ჩვენება, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მიუთითა, რომ ე. ყ–ი მას ურტყამდა, ხოლო - გ. ნ–სი ბოჭავდა და არ აძლევდა წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას, რათა ე. ყ–ს გაადვილებოდა მისი ცემა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის ამ ჩვენებას უპირისპირდება თავად ე. ყ–სა და გ. ნ–ს ჩვენებები, რომლებიც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აღწერენ მანქანაში განვითარებულ მოვლენებს და უთითებენ, რომ ე. ყ–სი ფიზიკურად ძალადობდა დაზარალებულზე, ხოლო გ. ნ–ი მანქანის საჭესთან იჯდა, სიტყვიერად მოუწოდებდა მათ, რომ გაჩერებულიყვნენ და შეძლებისდაგვარად ცდილობდა მათ გაშველებას. ბრალდების მხარეს სხვა მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ირიბად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ გ. ნ–ც დანაშაულის ამსრულებელი იყო, არ წარმოუდგენია. საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები, როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე წერილობითი მტკიცებულებები ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების დასადასტურებლად არაინფორმატულია.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში ჯგუფური დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. სისხლის სამართლის საქმეში სხვა პირდაპირი ან/და გარემოებითი (მათ შორის ნეიტრალური) მამხილებელი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ე. ყ–სა და გ. ნ–ს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებისათვის.
14. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ისანი-სმგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე