Facebook Twitter

საქმე # 110100121004403432

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1150აპ-22 ქ. თბილისი

ა. ი. 1150აპ-22 26 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ა–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

1.1. ი. ა–ე, - დაბადებული 19... წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ძალადობა - ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა - სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ–ს რაიონის სოფელ ........ში, ი. ა–სის საკარმიდამო მიწის ნაკვეთში, ჭის სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას, ი. ა–მ ტრიფოლიატის ეკლიანი ტოტი სამჯერ დაარტყა მარჯვენა ხელზე ლ. გ–ს, რის შედეგადაც ლ. გ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2020 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, თ–ს რაიონის სოფელ ......ში, ი. ა–სის საკარმიდამო მიწის ნაკვეთში, ჭის სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას, ი. ა–მ აგურის ნატეხი ესროლა და მარჯვენა ფერდის არეში მოარტყა მ. გ–ს, რის შედეგადაც მ. გ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის განაჩენით ი. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2020 წლის 2 სექტემბრის ეპიზოდი) და გამართლდა.

2.1. ამავე განაჩენით ი. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2020 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე ი. ა–ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, თ–ს რაიონის სოფელ ........ში, ი. ა–ს საკარმიდამო მიწის ნაკვეთში, ჭის სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას ი. ა–მ აგურის ნატეხი ესროლა და მარჯვენა ფერდის არეში მოარტყა მ. გ–ს, რის შედეგადაც მ. გ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზვიად ჩხიკვაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ი. ა–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 2 სექტემბრისა და 2020 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდები) და მისთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ა–მ, რომელმაც მოითხოვა 2020 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდშიც გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ და მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები: დაზარალებულ მ. გ–ს ჩვენება, მოწმე დ. გ–ს ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმი და ამოღების ოქმი უტყუარად ადასტურებს ი. ა–ს სხვაგვარ ძალადობას მ. გ–ს მიმართ.

8. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ მ. გ–ს ჩვენებას, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მიუთითა, რომ 2020 წლის 4 სექტემბერს, სიტყვიერი შეკამეთებისას ი. ა–მ ესროლა ქვის ან აგურის ნატეხი, რაც მას მოხვდა გვერდში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის ჩვენება სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, აკმაყოფილებს მტკიცებულების შეფასების ყველა სტანდარტს და თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ, მოწმე დ. გ–სის ჩვენებასთან, რომელიც ფაქტის უშუალო თვითმხილველი პირია (მოწმე ადასტურებს 2020 წლის 4 სექტემბერს ი. ა–ს მიერ მ. გ–ზე ძალადობის ფაქტს); შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებთან (მ. გ–მა მიუთითა ადგილზე სადაც ის და ი. ა–ე შეკამათდნენ, ასევე აგურზე, რომელიც მისი მითითებით ი. ა–სემ ესროლა, რაც საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას ამოიღეს) და ამოღების ოქმთან (ამოღებულ იქნა მ. გ–ის მაისური, რომელიც მას ეცვა შემთხვევის დღეს და რომელსაც აღენიშნება წერტილოვანი სახის დაზიანებები).

10. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას მოწმე დ. გ–ის ჩვენებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მსჯავრდებული ცდილობს პირდაპირი მოწმის - დ. გ–ის ჩვენება წარმოაჩინოს საეჭვოდ და არასანდოდ. თავისი პოზიციის დასასაბუთებლად იგი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ კითხვაზე: ,,თუ ვესროლე რამე შენ რატო არ მიეშველე მ–ს“ თითქოს მოწმე დ. გ–ი პასუხობს ,,რანაირად უნდა მივშველებოდი არაფერი არ დამინახავს და არც არაფერი გამიგონიაო“. საკასაციო სასამართლო დეტალურად გაეცნო მოწმე დ. გ–ს ჩვენებას. 2020 წლის 18 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას დ. გ–მა კატეგორიულად მიუთითა, რომ იგი უშუალოდ შეესწრო დანაშაულს, ხოლო დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ კითხვაზე უპასუხა: ,,მე როცა ამოვედი თქვენ უკვე გაშველებული იყავით, კონფლიქტი დამთავრებული იყო“ (იხ.2020 წლის 18 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი 14:15:46).

11. ამდენად, საქმის მასალების დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება გარემოება, რაც შეიძლება გამხდარიყო სასამართლოს მიერ მოწმეთა ჩვენებების არგაზიარების საფუძველი ან რომლითაც დადასტურდებოდა მსჯავრდებულის მიმართ მოწმეთა რაიმე ინტერესი ან/და მიკერძოება.

12. მსჯავრდებულის განმარტებით საქმის განხილვის ტენდენციურობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე არ დაკითხულა ფაქტის შემსწრე მოწმე - ზ. ა–ე (მსჯავრდებულის დედა). სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ 2022 წლის 12 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა მოწმეები - ი. ბ. და ზ. ა–ე, რისი უფლებაც მას საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად ჰქონდა, ვინაიდან მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ.

12.1. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გამოძიების ეტაპზე (2021 წლის 21 იანვრიდან) წინასასამართლო სხდომაზე და საქმის არსებითი განხილვისას ი. ა–სათვის უზრუნველყოფილი იყო იურიდიული დახმარება და მის ინტერესებს იცავდა ადვოკატი ნ. ფ–ე. აღნიშნულის მიუხედავად დაცვის მხარეს (არც ნ. ფ–ს და არც ი. ა–ს) წინასასამართლო სხდომამდე ხუთი დღით ადრე სამართლოსთვის არ წარუდგენია იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალი, რომლის სასამართლოში წარდგენასაც აპირებდა. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. დაცვის მხარეს აქვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20), ხოლო საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლის თანახმად ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ. ამდენად, იმ პირობებში როდესაც ბრალდების მხარემ დასაკითხ პირთ სიიდან მოხსნა მოწმე ზ. ა–ე (რისი უფლებაც საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად ჰქონდა), ხოლო დაცვის მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევასაც სასამართლოში აპირებდა, უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია საქმის განხილვის ტენდენციურობასთან დაკავშირებით.

12.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებული ი. ა–ე უშუალოდ მონაწილეობდა სასამართლო განხილვებში, მას ასევე მიეცა შესაძლებლობა სასამართლოსთვის მიეცა ჩვენება და ასევე ესარგებლა ბრალდებულის საბოლოო სიტყვით.

13. უსაფუძვლოა მსჯავრდებულ ი. ა–ს საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტაცია, თითქოსდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 2022 წლის 13 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოიტანა სრულად გამამართლებელი განაჩენი, რაც მსჯავრდებულისთვის უცნობი მიზეზით მოგვიანებით შეიცვალა. საქმის მასალებში განთავსებულია 2022 წლის 13 აპრილით დათარიღებული სასამართლო სხდომის ოქმი (როგორც წერილობითი ასევე აუდიო ვერსია), რომელშიც ასახულია განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების ეპიზოდი. მოსამართლემ სხდომაზე განაჩენი გამოაცხადა სწორედ იმ შინაარსით რაც მითითებულია საქმეში მოთავსებულ განაჩენში.

14. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებული ი. ა–ს საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები ეფუძნება საქმის მასალების სუბიექტურ ინტერპრეტაციას, პოზიცია მისი უდანაშაულობის შესახებ არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო ვიდეოჩანაწერსა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასახული ინფორმაცია არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ი. ა–მ ჩაიდინა დანაშაული.

15. ამდენად, არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ი. ა–ს მიერ მ. გ–ს მიმართ სხვაგვარი ძალადობის ჩადენა.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44), „თუმცა მსგავსი მტკიცება შესაძლოა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან“ (Dvalishvili v. Georgia, no. 19634/07, §39, ECtHR, 18/03/2013).

17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რომელი სახის და რა რაოდენობის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაიშვება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, მითუფრო არ ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირი ხასიათის გამამტყუნებელ მტკიცებულებებს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც მტკიცებულება მყარია და მის სანდოობასთან მიმართებით არ არსებობს რისკები, დამატებითი მტკიცებულების საჭიროება, შესაბამისად, მცირეა” (Tortladze v. Georgia, no. 42371/08, §69, ECtHR, 18/06/2021; იხ. ასევე Lisica v. Croatia, no. 20100/06, §49, ECtHR, 25/02/2010; Gäfgen v. Germany ([GC], no. 22978/05, §162-165, ECtHR 2010; Prade v. Germany, no. 7215/10, § 33-34, ECtHR, 3/03/2016; Kobiashvili v. Georgia, no. 36416/06, §§56-58, ECtHR, 14/09/2019).

18. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას ი. ა–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) როგორც მსჯავრდების, ისე მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

19. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. ა–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე