Facebook Twitter

საქმე # 010100121004747580

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1155აპ-22 ქ. თბილისი

გ–ი ნ., 1155აპ-22 5 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - ნ. გ–სისა და ს. ბ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ–სისა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების - ნ. გ–სა და ს. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ–მ და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ.

- დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა; განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულის არასარწმუნო და არადამაჯერებელ ჩვენებას; დაზარალებულის ჩვენებასა და ბრალდების მხარის სხვა მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებობს არაერთი შეუსაბამობა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და, ამასთან, სრულად იგნორირება მოახდინა დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებების.

- ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ნ. გ–სა და ს. ბ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალდების შესახებ დადგენილებებით წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მათთვის მკაცრი სასჯელების შეფარდებას, იმ მოტივით, რომ დაზარალებულის ჩვენებით, რომელსაც სააპელაციო სასამართლო არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს, მათ ქმედებაში დასტურდება არა ძარცვის, არამედ - ყაჩაღობის ფაქტი; ბრალდების მხარეს ასევე მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებს მათ მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, უნდა განესაზღვროთ უფრო მკაცრი სასჯელები.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. გ–სა და ს. ბ–ს ბრალად ედებათ: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით; ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. გ–სა და ს. ბ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

- 2021 წლის 27 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, ა–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში, ს. ბ–ე ნ. გ–სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით თავს დაესხა რ. ჰ–ს, კერძოდ: იატაკზე წაქცევით, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში ხელებისა და ფეხების რამდენჯერმე დარტყმით, რაის ჰ–ს გასტაცა მისი კუთვნილი ფულადი თანხა 400 (ოთხასი) აშშ დოლარი, 65 (სამოცდახუთი) ლარი და „condor-ის” ფირმის მობილური ტელეფონი.

- 2021 წლის 27 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, ა–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში, ს. ბ–მ ნ. გ–სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში ხელებისა და ფეხების რამდენჯერმე დარტყმით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა რ. ჰ–ს, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 დეკემბრის განაჩენით:

ნ. გ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 118–ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა ნ. გ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.

ს. ბ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 118–ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა ს. ბ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.

გამართლებულებს - ს. ბ–ა და ნ. გ–ს განემარტათ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ნ. გ–სა და ს. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მათთვის მკაცრი სასჯელების განსაზღვრა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განაჩენით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი.

ნ. გ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

ნ. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

ნ. გ–ს სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან და იგი დაკავებისთანავე უნდა მოთავსდეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 6 მაისიდან 2021 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით.

გაუქმდა ნ. გ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

ს. ბ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

ს. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

ს. ბ–ს სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან და იგი დაკავებისთანავე უნდა მოთავსდეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 30 აგვისტოდან 2021 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით.

გაუქმდა ს. ბ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების - ნ. გ–სა და ს. ბ–ს უდანაშაულოდ ცნობისა და მათი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საქმეში წარმოდგენილი, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ რაის ჰ–ს ჩვენებით, მოწმეების - ს. მ–ს, ნ. გ–ს, ე. ხ–ს, ი. ს–სა და სხვათა ჩვენებებით, რაის ჰ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის 2021 წლის 17 მარტის ოქმით, შპს ,,ა–ს’’ კუთვნილი მარკეტის სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერებით და მათი დათვალიერების ოქმით, ინდ. მეწარმე ჯ. მ–სის კუთვნილი სავალუტო ჯიხურის სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებით და მათი დათვალიერების ოქმით, შპს „......ის“ კუთვნილი ლომბარდის სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებითა და მათი დათვალიერების ოქმით, მობილური ტელეფონის სიმბარათის 2021 წლის 28 თებერვალის ამოღების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №........ დასკვნით, დაზარალებულ რაის ჰ–ს სამედიცინო ექსპერტიზის №......... დასკვნით, რაის ჰ–ს მონაწილეობით ჩატარებული ნ. გ–სა და ს. ბ–ს ამოცნობის ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ნ. გ–მა და ს. ბ–მ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულები.

9. დაზარალებულ რაის ჰ–ს ჩვენების, ისევე როგორც ბრალდების მხარის სხვა მოწმეთა ჩვენებების არგაზიარების სამართლებრივი საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ დაზარალებულის ჩვენება არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი, არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო ან ურთიერთგამომრიცხავ განმარტებებს, ამასთან, იგი სრულად თანხვდენილია სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის - ვიდეოკამერების ჩანაწერებსა და მათი დათვალიერების ოქმებთან, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან, დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, ამოღების ოქმთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. რაიმე არსებითი ხასიათის სხვაობა ასევე არ იკვეთება დაზარალებულისა და ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებს შორის.

10. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

11. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების - ნ. გ–სა და ს. ბ–ს ქმედებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან ამ ნაწილშიც ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, კერძოდ: წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მართალია, დადგენილია, რომ ნ. გ–მა და ს. ბ–მ სცემეს დაზარალებულ რაის ჰ–ს, რაც გამოიხატა სხეულის სხვადასხვა მიდამოში არაერთხელ დარტყმაში, რის შედეგადაც მან ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო, მაგრამ დაზარალებულის ჩვენებით, რომელსაც სააპელაციო სასამართლო სწორად გადმოსცემს, ირკვევა, რომ ეს ქმედებები მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს რაის ჰ–ს კუთვნილი ნივთების აშკარად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების შემდეგ, მხოლოდ მას მერე, რაც დაზარალებულმა დაჟინებით მოითხოვა თავისი ნივთების უკან დაბრუნება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულთა ქმედებებში არ იკვეთება ყაჩაღობის შემადგენლობის ნიშნები.

12. რაც შეეხება მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრულ სასჯელებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებისა და სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულებს - ნ. გ–სა და ს. ბ–ს განსაზღვრული აქვთ ისეთი სასჯელები, რომელიც მათ მიმართ მსჯავრად შერაცხული დანაშაულებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას, რის გამოც არ არსებობს მათთვის შეფარდებული სასჯელების დამძიმების საფუძველი.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების - ნ. გ–სა და ს. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ–სა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი