საქმე # 140100120004047883
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1157აპ-22 ქ. თბილისი
ქ–ე ი., 1157აპ-22 6 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ქ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა–სა და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი. ქ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ა–მ და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა.
- დაცვის მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაშიც შემდეგ ძირითად არგუმენტებზე მითითებით: საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ ი. ქ–მ მეუღლის მკვლელობა განიზრახა; სასამართლოებმა უსაფუძვლოდ არ გაიზიარეს ის გარემოება, რომ ი. ქ–ს ფსიქიკური მდგომარეობის გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულება, მათ შორის - ი. ქ–ს სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელთა თანახმად, დგინდება, რომ მას წლების განმავლობაში ჰქონდა სმენითი ჰალუცინაციები, არაერთხელ განუმეორდა დელერიუმი, რაც გამოიხატა ილუზიებით, რომ კონკრეტული პირები აპირებდნენ თავის ოჯახზე თავდასხმას, მის ლიკვიდაციასა და ოჯახის წევრების გატაცებას; არადამაჯერებელი, არასრულყოფილი და დაუსაბუთებელია ი. ქ–ს მიმართ ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტების ჩვენებები, რომელთა მიხედვით იგი შემთხვევის დროს არ იყო შეურაცხადი.
- ბრალდების მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ი. ქ–ს დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილი ბრალდებების მიხედვით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებშიც და მისთვის სანქციის მაქსიმუმთან მიახლოებული სასჯელის შეფარდება შემდეგ ძირითად მოტივებზე მითითებით: გასაჩივრებული განაჩენი კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან იგი არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები, რაც სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო; ი. ქ–ს მიზანს წარმოადგენდა, რომ დაზარალებულ თ. რ–ს სიცოცხლე სწორედ განსაკუთრებული ტანჯვით მოესპო, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ მან, ორი სხვადასხვა სახის ცეცხსასროლი იარაღით შეიარაღებულმა, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიაყენა 11 ცეცხლნასროლი ჭრილობა, კერძოდ, თავდაპირველად ესროლა კიდურებში, სადაც მიაყენა ექვსი ჭრილობა, ხოლო შემდეგ სხეულის სხვა ადგილებში - მუცლისა და გულმკერდის არეში გააგრძელა სროლა. ამასთან, ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელი იყო; განსაკუთრებულ სისასტიკეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ დანაშაულის ჩადენისას ი. ქ–სათვის ცნობილი იყო, რომ საკუთარი არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ ოთახიდან დაახლოებით სამი მეტრის დაშორებით არსებულ ოთახებში და ფაქტობრივად მათ თვალწინ კლავდა თ. რ–ს; კასატორს დადასტურებულადვე მიაჩნია ის გარემოებაც, რომ ი. ქ–მ მეუღლის მკვლელობა ჩაიდინა გენდერის ნიშნით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ქ–ს ბრალი ედება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში, გენდერის ნიშნითა და განსაკუთრებული სისასტიკით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 6 ივლისს, 02:50 საათზე, ხ–ს მუნიციპალიტეტის, დაბა ს–ში, რ–ს ქუჩა №..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ი. ქ–მ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განსაკუთრებული ტანჯვის მიყენების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით 11 ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - თ. რ–ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამ დროს, დაახლოებით სამ მეტრში მდებარე ოთახში იმყოფებოდნენ მათი შვილები - გ., ი. და რ. ქ–ები, რომლებსაც მშობლების ოთახიდან ესმოდათ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა და მომხდარიდან მალევე შეიტყვეს, რომ ი. ქ–მ მოკლა თავიანთი დედა, რის გამოც მიადგათ მორალური ზიანი.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის განაჩენით ი. ქ–ე, - დაბადებული 1.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 6 ივლისს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში.
ი. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 6 ივლისს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლით.
მსჯავრდებულ ი. ქ–ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
მსჯავრდებულ ი. ქ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 6 ივლისიდან.
გაუქმდა ი. ქ–სის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ქ–მ ჩაიდინა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 6 ივლისს, 02:50 საათზე, ხ–ს მუნიციპალიტეტში, დაბა ს–ში, რ–ს ქუჩა №...-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ი. ქ–მ ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით 11 ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - თ. რ–ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
5. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
- დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ი. ქ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
- ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ი. ქ–ს დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილი ბრალდებების მიხედვით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებშიც.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულ ი. ქ–ს უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე დაცვის მხარის მოთხოვნას არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ი. ქ–ს ფსიქიკური მდგომარეობის გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ი. ქ–ე არ იყო შეურაცხადი, კერძოდ:
10. ი. ქ–ს მიმართ ჩატარებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის N......... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის დ. მ–ს ჩვენებით დგინდება შემდეგი: ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს ი. ქ–ს აღენიშნებოდა ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა - დამოკიდებულების სინდრომი და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერეინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლსწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ი. ქ–ე არ იმყოფებოდა პათოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. მითითებული დასკვნის თანახმად, ბრალდებულის მოზღვავებული ჰალუცინაციური განცდები, დეზორიენტაცია, გარემოს ბოდვითი აღქმა და დეზორგანიზაციური ქცევა უნდა შეფასდეს, როგორც დაყენებითი. ექსპერტმა აგრეთვე დამატებით განმარტა, რომ ქმედების ჩადენის დროს ი. ქ–სე არ იყო საღი ფსიქიკის, თუმცა - არა შეურაცხადი. ექსპერტმა არ გამორიცხა, რომ ქრონიკული ალკოჰოლიზმის მძიმე ფორმას, რომელიც ჰქონდა ი. ქ–სეს, ახასიათებდეს ჰალუცინაციები, მათ შორის - მხედველობითი, მაგრამ პაციენტის გამოკვლევით ვერ დადასტურდა ის ფაქტი, რომ სროლის მომენტში იგი იმყოფებოდა ალკოჰოლური ფსიქოზის ქვეშ. მოწმის განმარტებით, ალკოჰოლური ჰალუცინაციები ინდივიდუალურია, იგი არ შეიძლება ჰქონდეს აბსოლუტურად სტაბილურად და ამის განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელია.
11. ამასთან, უსაფუძვლოა დაცვის მხარის პრეტენზია, რომ აღნიშნული ექსპერიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება არადამაჯერებელი, არასრულყოფილი და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ექსპერტიზა წარიმართა და გაცემულია საპროცესო ნორმების სრული დაცვით, ექსპერტის ჩვენება კი დამაჯერებელი, ამომწურავი და სრულყოფილია, რის გამოც მათი საეჭვოდ მიჩნევის რაიმე სამართლებრივი საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
12. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“ (გენდერის ნიშნით) და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით) (2020 წლის 6 ივლისს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან ამ ნაწილშიც სრულად ეთანხმება პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ ი. ქ–ს ქმედებაში არ იკვეთება დანაშაულის მითითებული მაკვალიფიცირებელი ნიშნებით ჩადენის ფაქტი, სახელდობრ:
13. ბრალდების მხარე მსჯავრდებულის ქმედებაში განსაკუთრებული სისასტიკის დამადასტურებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ი. ქ–მ, ორი სხვადასხვა სახის ცეცლხსასროლი იარაღით შეიარაღებულმა, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიაყენა 11 ცეცხლნასროლი ჭრილობა, კერძოდ, თავდაპირველად ესროლა კიდურებში, სადაც მიაყენა ექვსი ჭრილობა, ხოლო შემდეგ სხეულის სხვა ადგილებში - მუცლისა და გულმკერდის არეში გააგრძელა სროლა. ამასთან, ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელი იყო; ბრალდების მხარის მოსაზრებით, განსაკუთრებულ სისასტიკეზე ასევე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ დანაშაულის ჩადენისას ი. ქ–სათვის ცნობილი იყო, რომ საკუთარი არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ თავიანთი ოთახიდან დაახლოებით სამი მეტრის დაშორებით არსებულ ოთახებში და ფაქტობრივად მათ თვალწინ კლავდა თ. რ–ს.
14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აღნიშნულ დასაბუთებას, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული მსჯავრდებულის მიერ სროლების რიგითობა, ის, რომ მან განსაკუთრებული ტანჯვის მიყენების მიზნით, თავდაპირველად, გამიზნულად კიდურებში ესროდა თ. რ–ს, ხოლო შემდეგ - მუცლისა და გულმკერდის არეში, მხოლოდ ბრალდების მხარის ვარაუდია, რომლის საპირისპიროდაც დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულს არა დროში გაწელილად, არამედ - ერთმანეთისგან მიყოლებით ესროლა 11 ტყვია, მათ შორის - არა მხოლოდ კიდურებში, არამედ სისცოცხლისათვის საშიშ ადგილებში, მუცლისა და გულმკერდის მიდამოში. საქმის მასალებით არ დგინდება ის ფაქტიც, რომ ი. ქ–სემ მკვლელობა ჩაიდინა თავისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ვინაიდან მკვლელობა ბავშვების თვალწინ არ მომხდარა და აღნიშნული არც მსჯავრდებულს სურდა, რასაც ადასტურებს ი. ქ–ს ქცევა დანაშაულის ჩადენამდე და მას შემდეგ. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ი. ქ–ს არასრულწლოვანი შვილების - ი., გ. და რ. ქ–ების ჩვენებებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული დარწმუნებული იყო, რომ დანაშაულის ჩადენისას, ბავშვებს ეძინათ, ხოლო მკვლელობის შემდეგ ოთახიდან გამოსულ ბავშვებს არ მისცა საშუალება შესულიყვნენ იმ ოთახში, სადაც გარდაცვლილი თ. რ–სა ესვენა. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ბავშვებს არაფერი დაუნახავთ, რადგან ოთახის კარი დახურული იყო, ხოლო, როდესაც გ. ქ–მ გააღო კარი, ი. ქ–მ, რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა, კარი გამოხურა და უთხრათ, რომ იმ ოთახში არ შესულიყვნენ, არ იცოდა დედა როგორ იქნებოდა და ეს ერთი ღამე ეპატიებინათ მისთვის.
15. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ ი. ქ–ს ქმედებაში არ იკვეთება სურვილი ან სპეციალური მიზანი, რომ განსაკუთრებული ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტანჯვა მიეყენებინა დაზარალებულ თ. რ–სასათვის.
16. რაც შეეხება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მკვლელობას, ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, არც - ი. ქ–სა და თ. რ–ს არასრულწლოვანი შვილების ჩვენებებით არ დასტურდება დანაშაულის ჩადენა აღნიშნული მოტივით.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა–სა და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი