Facebook Twitter

საქმე # 330100121004821286

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1158აპ-22 ქ. თბილისი

ლ–ი ნ., 1158აპ-22 5 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ლ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ძ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ლ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ძ–მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულმა სრულად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 თებერვლის განაჩენით ნ. ლ–სი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლითა და 1 (ერთი) დღით.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის აპრილის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ეპიზოდებისათვის განსაზღვრული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ლ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლითა და 1 (ერთი) დღით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 13 თებერვლის N........... გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 1960 საათით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად დადგენილი გაანგარიშების შესაბამისად, (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი - თავისუფლების აღკვეთის 1 დღე), განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთით 1 (ერთი) წლითა და 27 (ოცდაშვიდი) დღით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (როგორც ძირითადი, მათ შორის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გაუქმების შედეგად თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელი, ასევე დამატებითი) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ლ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლითა და 1 (ერთი) დღით.

ნ. ლ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 31 მაისიდან.

გაუქმდა ნ. ლ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ლ–მა ჩაიდინა: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (ორი ეპიზოდი); ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

ნ. ლ–სის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 თებერვლის განაჩენით ნ. ლ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვრა 3 (სამი) წელი პირობითი მსჯავრი. აღნიშნულის შემდეგ ნასამართლობის გაქარწყლებამდე, ნ. ლ–სმა კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 (სამი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. აღნიშნულის შემდეგ, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, მან კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, კერძოდ:

- 2021 წლის აპრილში, თ–ში, .........ის მე-.. მიკრორაიონში, თ–ს სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების ავტოფარეხის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს „............ის“ კუთვნილი მშენებარე ობიექტის ეზოდან (მშენებარე ობიექტს ამჟამად მისამართი არ გააჩნია), სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ნ. ლ–სი ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა შპს “.......–ს“ კუთვნილ 46 (ორმოცდაექვს) ერთეულ რკინის დგარს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა - 460 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2020 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 11:20 საათზე, თ–ში, ..........ას გამზირის N..-ში მდებარე შპს „პსპ ....ას“ კუთვნილი 63-ე ფილიალიდან სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ნ. ლ–სი, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 1 (ერთ) ცალ, 130 (ასოცდაათ) ლარად და 85 (ოთხმოცდახუთ) თეთრად ღირებულ „vichy-ის“ ფირმის ღამის კრემსა და ერთ ცალ 47 (ორმოცდაშვიდ) ლარად და 55 (ორმოცდათხუთმეტი) თეთრად ღირებულ „vichy-ის“ ფირმის დეოდორანტს, რის შედეგადაც შპს „პსპ ......ას“ მიადგა - 178 (ას სამოცდათვრამეტი) ლარისა და 40 (ორმოცი) თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი.

- 2020 წლის 14 ნოემბერს, 12:04 საათიდან - 12:09 საათამდე დროის პერიოდში, თბილისში, .......ს გამზირის N..-ში მდებარე შპს „პსპ .....ას“ კუთვნილი 63-ე ფილიალიდან სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ნ. ლ–სი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 2 (ორ) ცალ „vichy-ს“ ფირმის დეოდორანტს, რის შედეგადაც შპს „პსპ ....ას“ მიადგა - 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) ლარისა და 10 (ათი) თეთრის ქონებრივი ზიანი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ლ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ძ–მ, რომელმაც მოითხოვა ნ. ლ–სის უდანაშაულოდ ცნობა სამშენებლო დგარების ქურდობის ბრალდების ეპიზოდში, ხოლო დანარჩენ ეპიზოდებში - დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, ნ. ლ–სმა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და მოითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილის ჩათვლა პირობითად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ნ. ლ–სის მიმართ შეფარდებული სასჯელის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით განსაზღვრის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, ასევე - სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულ ნ. ლ–სის პასუხისმგებლობის ყველა ის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომელთა შესახებაც დაცვის მხარე უთითებს საკასაციო საჩივარში (დანაშაულის სრულად აღიარება და მონანიება). ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულმა არ აღიარა ბრალდების ერთი ეპიზოდი, არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი არ შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, სადავო გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დიდი ნაწილი, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების წინაპირობებს. გარდა ამისა, სასამართლომ ასევე გაითვალისწინა: მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი, მძიმე კატეგორიის, სამი დამოუკიდებელი დანაშაული); მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება (ნ. ლ–სი არაერთხელაა ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, რაც, მართალია, წარმოადგენს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, რის გამოც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული, მაგრამ ახასიათებს მსჯავრდებულის პიროვნებას და ცხადყოფს, რომ იგი მიდრეკილია აღნიშნული კატეგორიის დანაშაულების ჩადენისკენ); ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულის მიმართ წარსულში არაერთი შეღავათი გავრცელდა, პირობითი მსჯავრისა, თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის სახით, რამაც შესაბამისი ზემოქმედება ვერ მოახდინა მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე და ვერ გახდა მისი სათანადო ქცევის გარანტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი საფუძველი, რომ ნ. ლ–სის მიმართ გამოიყენოს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. ლ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ძ–სის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი