საქმე # 120100120003761126
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1160აპ-22 ქ. თბილისი
ბ. ვ. 1160აპ-22 13 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 15 მარტს, ქ. ბ–ში, ........ის ქ. N..-ში არსებულ ეზოში, ვ. ბ–ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლა ნ. ჭ–ს კუთვნილ 300 კილოგრამ შავი ლითონის ჯართს, კერძოდ, მოყვითალო ფერის „ზაპოროჟეცის“ ფირმის ავტომანქანის სახურავის თუნუქს, ლითონის კონსტრუქციის ერთ ცალ ბადეს ლითონისავე კუთხოვანებით, ერთ ცალ ღუმელის საკვამლე მილს და ოთხ ცალ სხვადასხვა სიგრძის ლითონის მილს, რითაც ნ. ჭ–ს მიაყენა 90 ლარის ზიანი.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის განაჩენით:
3.1. ვ. ბ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
3.2. ვ. ბ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლის შესაბამისად ზიანის ანაზღაურების უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ვ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და მისთვის კანონიერი სასჯელის დანიშვნა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელიც ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ვ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის კანონიერი სასჯელის შეფარდებას.
6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია გამართლებულ ვ. ბ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატების კ. ლ–სა და ნ. ს–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვს ვ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ვ. ბ–ს წარდგენილ ბრალდებაში სრულად გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის თანახმად, ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. პირის ქმედება რომ ქურდობად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია ქურდობისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება; 2. ქმედების ფარული ფორმით ჩადენა და 3. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა. ხოლო აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია ნივთის დაუფლების მომენტიდან.
11. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2020 წლის 15 მარტს, ქ. ბ–ში, .......ის ქ. N..-ში მდებარე ეზოდან ვ. ბ–მ 300 კილოგრამი შავი ლითონის ჯართი, კერძოდ: მოყვითალო ფერის „ზაპოროჟეცის“ ფირმის ავტომანქანის სახურავის თუნუქი, ლითონის კონსტრუქციის ერთი ცალი ბადე ლითონისვე კუთხოვანებით, ერთი ცალი ღუმელის საკვამლე მილი და ოთხი ცალი სხვადასხვა სიგრძის ლითონის მილი გადაადგილა ამწე მანიპულატორით და ჩააბარა ჯართის მიმღებ პუნქტში. ვ. ბ–ს მიერ ჩაბარებული ჯართის ღირებულება სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეადგენს 90 ლარს. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია - გამართლებულმა ვ. ბ–მ აღნიშნული ქმედებით ჩაიდინა თუ არა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ქურდობა, სხვის მოძრავ ნივთს დაეუფლა თუ არა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ისეთი ელემენტები, როგორიცაა: სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 25 მაისის განკარგულებითა და საჯარო რეესტრის ამონაწერით ქ. ბ–ში, .......ის ქუჩის N..-ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ ....... 2019 წლის 10 მაისს იძულებით საჯარო აუქციონზე შეიძინა ნ. ბ–მ(ვ. ბ–ის და), შესაბამისად, მოცემული უძრავი ქონების მესაკუთრეს ვ. ბ–სის მიერ მიწის ნაკვეთიდან ჯართის გატანის დროს(2020 წლის 15 მარტს) წარმოადგენდა სწორედ მისი და - ნ. ბ–ე.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს დაზარალებულ ნ. ჭ–ს ჩვენების გარდა არ წარმოუდგენია რაიმე ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა ნ. ბ–ს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში არსებულ ჯართზე ნ. ჭ–ს საკუთრების უფლებას. ამასთან ნ. ბ–მ საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე ისარგებლა საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოა, რომ შემთხვევის ადგილი წარმოადგენს ვ. ბ–ს დის - ნ. ბ–ს საკუთრებას, გამართლებულის განმარტებით კი დგინდება, რომ მან მისი დის კუთვნილი მიწის დასუფთავების მიზნით ჩააბარა ჯართის მიმღებ პუნქტში მიწის ნაკვეთზე არსებული ნივთები.
15. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი