Facebook Twitter

საქმე # 330100120003759337

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1171აპ-22 ქ. თბილისი

ჩ–ე დ., 1171აპ-22 5 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა მარინე ლომიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და დ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი საფუძვლებით: ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დ. ჩ–ს ბრალეულობა; სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა პატრულ-ინსპექტორ ლ. ბ–ს ჩვენება, რომელიც თანმიმდევრული და დამაჯერებელია, ხოლო დ. ჩ–ს ჩვენება კი პირიქით, თავიდანვე იყო ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი, ვინაიდან მან არაერთხელ შეცვალა პოზიცია და საქმის გარემოებები სხვადასხვანაირად განმარტა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ჩ–ს ბრალად ედება განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

დ. ჩ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის განაჩენით დ. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 50 საათით.

მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის 21 ივნისს, ქ. თ–ში, მეტროპოლიტენის სადგურ „..........-ის“ ზედა ვესტიბიულში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გამოავლინეს ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი დ. ჩ–ე, რომელიც ატარებდა ცივ იარაღს - დანას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, 2022 წლის 24 ივნისის განაჩენით დ. ჩ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 21 ივნისს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა დ. ჩ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა მარინე ლომიძემ. აპელატნმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და დ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დ. ჩ–ს ბრალეულობა, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ. ჩ–ს მიერ მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენას. მოწმის სახით დაკითხულ პატრულ - ინსპექტორ ლ. ბ–ს ჩვენებას უპირისპირდება დ. ჩ–ს ჩვენება, რომელმაც მოწმის საპირისპიროდ განმარტა, რომ ცივი იარაღი - დანა მოთავსებული ჰქონდა არა - შარვლის უკანა ჯიბეში, როგორც ამას პატრულ-ინსპექტორი განმარტავს, არამედ - თან ნაქონ პარკში, ტრაქტორის ნაწილებთან ერთად, ხოლო სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რაც დ. ჩ–ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი. შესაბამისად სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოქმნილი ეჭვი საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, სრულიად კანონიერად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ, ვინაიდან არ შეიძლება სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნოს, თუ მის ბრალეულობაში არსებობს ეჭვის შეტანის შესაძლებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადი N 10590/83, §68, ECtHR, 06.12.1988, ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125; მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი