საქმე # 330100120003476829
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1182აპ-22 ქ. თბილისი
დ–ე ი., 1182აპ-22 19 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჩ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. დ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჩ–მა. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ი. დ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: ი. დ–მ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, რომ საქონელი იყო კონტრაფაქციული; ი. დ–სისათვის, როგორც - ფიზიკური პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება არასწორია, ვინაიდან იგი არ მოქმედებდა როგორც ფიზიკური პირი, არამედ - წარმოადგენდა იურიდიულ პირს - შპს „ბ–ს“; 2019 წლის 5 აგვისტოს საექსპერტო დასკვნა გაცემულია მიკერძოებული პირის „.........-ს“ წარმომადგენელ გ. თ–ის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების გვერდის ავლით, რის გამოც იგი დაუშვებელი მტკიცებულებაა, დაუშვებელ მტკიცებულებას წარმოადგენს ნივთიერი მტკიცებულებებიც, ვინაიდან მათი დალუქვა და ექსპერტისთვის გადაცემა მოხდა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით.
2. საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი ლევან მარშავა საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის განაჩენით ი. დ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 (ათი ათასი) ლარი.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. დ–მ ჩაიდინა სხვისი სასაქონლო ნიშნით რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ი. დ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ი. დ–მ 2017 წლის აპრილში დააფუძნა შპს „ბ–უ“ (ს.ნ. ........), რომლის დირექტორი არის თვითონ და უშუალოდ ხელმძღვანელობს მის საფინანსო- სამეურნეო საქმიანობას. საზოგადოებას ქ.თ–ში.. მისამართზე - ...........ის N..-ში, ....ის N..-ში, .....ი მოლის 0 სართულზე და ..... მოლის ტერიტორიაზე ტერმინალსაწყობი N..-ში გახსნილი აქვს ტექსტილის მაღაზიები, საიდანაც ახდენს პროდუქციის რეალიზაციას. ი. დ–სე მითითებული ობიექტებიდან სხვა საქონელთან ერთად ახდენდა მის მიერ ჩ–დან იმპორტირებული კომპანია „....-ს“ კუთვნილი სასაქონლო ნიშნებით ნიშანდებული კონტრაფაქციული სხვადასხვა სახეობის საქონლის რეალიზაციას. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 1 აგვისტოს ჩატარებული დათვალიერების შედეგად, შპს „ბ–ს“ ქ. თ–ში, .........ის N..-ში, პ–ს N..-ში, ........ი მოლის 0 სართულზე არსებულ სავაჭრო წერტილებში აღმოჩნდა სარეალიზაციოდ გამზადებული კომპანია ,,.......-ს“ კუთვნილი სასაქონლო ნიშნებით ნიშანდებული კონტრაფაქციული, სხვადასხვა სახეობის 255 ერთეული, 10 042 ლარის საერთო-საბაზრო ღირებულების მქონე საქონელი - ტანსაცმელი და თავსაბურავი, რითაც ზემოაღნიშნული სასაქონლო ნიშნის მფლობელს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. დ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჩ–მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ი. დ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო წარმოედგინა ი. დ–ს ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების ერთობლიობა და მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის წარმომადგენლის გ. თ–სის ჩვენებით, მოწმეების - გ. ც–ს, ვ. ქ–ს, მ. ს–ს, ნ. ფ–ს, თ. დ–ს, ლ. თ–ს, ხ. ჯ–ს, ნ. ი–ს, ნ. დ–სა და სხვათა ჩვენებებით, საქპატენტის ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის N........ ბრძანებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის N......... ბრძანებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის N....... ბრძანებით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 1 აგვისტოს N........ ბრძანებით, შემოსავლების სამსახურის დათვალიერების შედეგების 2019 წლის 1 აგვისტოს ოქმებით, 2019 წლის 1 აგვისტოს ხელწერილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 1 აგვისტოს წერილით, „.....-ს“ წარმომადგენელ გ. თ–სის მიერ 2019 წლის 5 აგვისტოს შედგენილი საექსპერტო დასკვნით, საქონლის ამოღების 2019 წლის 8 აგვისტოს ოქმით, 2019 წლის 6 ნოემბრის ამოღების ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ი. დ–მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
10. დაცვის მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს „.......-ს“ წარმომადგენელ გ. თ–სის მიერ 2019 წლის 5 აგვისტოს შედგენილ საექსპერტო დასკვნისა და საქმეზე წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულებების დალუქვისა და ექსპერტისთვის გადაცემის კანონიერების საკითხზე. კასატორს მიაჩნია, რომ ისინი დაუშვებელი მტკიცებულებებია, ვინაიდან მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევით, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომელთაც დეტალურად, ამომწურავად იმსჯელეს მითითებულ საკითხებზე და განმარტეს, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სანდო და უტყუარი მტკიცებულებაა. იგი ჩატარებულია სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ, კანონშესაბამისად, საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, ხოლო ნივთმტკიცებები დათვალიერდა და დაილუქა კანონით დადგენილი წესით, რომლის მთლიანობა არ დარღვეულა, რაც გამოირიცხავს მათი შესაძლო გამოცვლისა, თუ ნიშან-თვისებების შეცვლის შესაძლებლობას. ამასთან, ექსპერტიზის ჩამტარებლისათვის ცნობილი იყო ყალბი დასკვნის გაცემის ან ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნის კანონიერების, ისევე როგორც ნივთმტკიცებების ავთენტურობის საეჭვოდ და მათი დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის რაიმე საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა დაწვრილებით დაასაბუთეს ყველა ის საკითხი, რომელთა შესახებ საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აპელირებს (მათ შორის, როგორც აღინიშნა, ექსპერტიზის დასკვნისა და ნივთმტკიცებების კანონიერების, ასევე - ი. დ–ის მიერ საქონლის კონტრაფაქციულობის ცოდნა/არ ცოდნის, მსჯავრდებულისათვის, როგორც - ფიზიკური პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხები), რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება და იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჩ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი