საქმე # 020100122005612840
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1198აპ-22 ქ. თბილისი
ჭ-ა მ., 1198აპ-22 20 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ჭ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ჭ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. გ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მ. ჭ–ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით შერაცხული ბრალდების საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირებასა და მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის შეფარდებას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: კასატორს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულად არ მიაჩნია მსჯავრდებულ მ. ჭ–ს მიერ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ჩადენა, ვინაიდან არ დგინდება უშუალოდ ფიზიკური ძალადობის მომენტში ესწრებოდა თუ არა ბავშვი ამ ფაქტს და, ამასთან, მისი ასაკიდან (8 წელი) და განვითარების დონიდან გამომდინარე, როგორ გააცნობიერა და აღიქვა თუ არა მან მომხდარი ფაქტი უარყოფითად; მუქარის ბრალდების ეპიზოდთან მიმართებით არ დგინდება, რომ მუქარის ადრესატს მუქარის შედეგად გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან არ არსებობს ამ შიშის დამადასტურებელი შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისის განაჩენით მ. ჭ–ა, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მ. ჭ–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
მ. ჭ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 22 თებერვლიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჭ–მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ.
მ. ჭ–სას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2022 წლის 22 თებერვალს, ღამის საათებში, წ–ში, ........ს ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მ. ჭ–მ, არასრულწლოვანი შვილის - 8 წლის ი. ჭ–ს თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის მშობელს - უმწეო მდგომარეობაში მყოფ ე. კ–ს, კერძოდ: გაშლილი ხელი და მუშტი რამდენჯერმე დაარტყა თავში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
- 2022 წლის 22 თებერვალს, ღამის საათებში, წ–ში, ......ოს ქუჩა N...-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მყოფი მ. ჭ–სა ოჯახური კონფლიქტის დროს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, მეუღლის მშობელს - უმწეო მდგომარეობაში მყოფ ე. კ–ს. კერძოდ: უთხრა, რომ მოკლავდა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ჭ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. გ–მ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მ. ჭ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,-126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულ მ. ჭ–ს მიერ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ჩადენის, ხოლო მუქარის ბრალდების ეპიზოდთან მიმართებით, მუქარის ადრესატის მიერ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდის არარსებობის ფაქტი, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. დაზარალებულ ე. კ–ს გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებმა მიიჩნიეს უდავო მტკიცებულებად, დგინდება, რომ მას ინსულტი აქვს გადატანილი და არის უსინათლო. 2022 წლის 22 თებერვალს, გვიან ღამით, დაზარალებული გამოაღვიძა ხმაურმა, ყვიროდა მისი სიძე - მ. ჭ–ა, რომელიც ეძებდა თავის მეუღლეს, ე. კ–ს შვილს - მ. კ–ს. დაზარალებულმა ასევე გაიგო თავისი 8 წლის შვილიშვილის - ი. ჭ–ს ტირილის ხმაც, რომელიც მირონს ეხვეწებოდა , რომ დაწყნარებულიყო, მაგრამ უშედეგოდ. მ. ჭ–ს დაწყნარებას ცდილობდა დაზარალებულის მეუღლე - ნ. ღ–ც, რომელიც მას ეუბნებოდა, რომ დაეგდო ხელთ ნაქონი ნაჯახი. ე. კ–მ ვეღარ მოითმინა და შეაგინა სიძეს, რომელმაც ამის შემდეგ მას მუშტი რამდენჯერმე დაარტყა თავში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება. მირონი ე. კ–ს ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად, რადგან მისი ხმითა და ტემბრით ხვდებოდა, რომ მოკლავდა, თან ამ დროს გამეტებით სცემდა. რომ არა შემთხვევის ადგილზე მყოფი და შემდეგ მისული პირების ძალისხმევა, შესაძლოა მოეკლა კიდეც. დაზარალებულის ცემისა და მუქარის ფაქტს, თავისი მეუღლის გარდა, უშუალოდ შეესწრო მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი - ი. ჭ–ც, იგი ამ დროს ოთახში იმყოფებოდა და შეშინებული ტიროდა.
10. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დგინდება შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირის, დაზარალებულის მეუღლის, მოწმე ნ. ღ–ს ჩვენებითაც. მოწმემ დაადასტურა მ. ჭ–ს მხრიდან ე. კ–ზე ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები, რომელსაც შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიშვილი - ი. ჭ–სა.
11. არასრულწლოვანი მოწმის - ი. ჭ–ს გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებმა მიიჩნიეს უდავო მტკიცებულებად, ასევე სრულად დასტურდება ე. კ–სა და ნ. ღ–ს ჩვენებები. გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ არასრულწლოვანმა დაინახა, შეგინების მერე თუ როგორ სცემდა, უყვიროდა და ეჩხუბებოდა მამამისი - მ. ჭ–სა, რომელსაც ხელში ეჭირა ნაჯახი, ბაბუას - ე. კ–ს, რის გამოც მას შეეშინდა, დაიწყო ხმამაღლა ყვირილი და ტირილი. იგი მაშინვე მივიდა მამასთან, ხელი მოხვია, ჩაეხუტა და ტირილით სთხოვდა დაწყნარებას.
12. დაზარალებულისა და აღნიშნულ მოწმეთა მიერ გადმოცემული ინფორმაცია, ასევე დასტურდება შემთხვევის ადგილზე მალევე მისული მოწმეების, დაზარალებულის მეზობლების - ნ. ლ–ს, ს. ხ–სა და ა. ძ–ს ჩვენებებით.
13. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება მ. ჭ–სას მიერ, როგორც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ჩადენის, ისე - დაზარალებულის მიერ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდის ფაქტი, კერძოდ:
14. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ი. ჭ–სა უშუალოდ შეესწრო მ. ჭ–ს მხრიდან ე. კ–ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს, ხოლო ის გარემოება, რომ 8 წლის ი. ჭ–მ ფიზიკური ძალადობა შესაბამისად აღიქვა და გააცნობიერა, დგინდება მისივე გამოკითხვის ოქმით, რომელშიც იგი რამდენჯერმე უთითებს, რომ მამის აგრესიის შედეგად იყო ძლიერ შეშინებული, რის გამოც ხმამაღლა ყვიროდა და ტიროდა, ამასთან, ყველანაირად ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას, მაშინვე მივიდა მამასთან, ხელი მოხვია, ჩაეხუტა და ტირილით სთხოვდა დაწყნარებას.
15. რაც შეეხება დაზარალებულის მიერ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდას, შიშის არსებობა უნდა შეფასდეს ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების ერთობლიობით და არა მხოლოდ დაზარალებულის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში მითითებული ორივე კრიტერიუმი გამოკვეთილია, კერძოდ, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მ. ჭ–სა სიცოცხლის მოსპობით ნამდვილად დაემუქრა ე. კ–ს, რომელმაც გამოკითხვის ოქმში დამატებით განმარტა, რომ მირონის მუქარა აღიქვა რეალურად, რადგან მისი ხმითა და ტემბრით ხვდებოდა, რომ მოკლავდა, თან ამ დროს გამეტებით სცემდა. ე. კ–სიასავე განმარტებით, შემთხვევის ადგილზე მყოფი და შემდეგ მისული პირების ძალისხმევის გარეშე, მ. ჭ–ს შესაძლოა მოეკლა კიდეც. გარდა ამისა, დაზარალებულის ჩვენებით დგინდება ის ფაქტიც, რომ მ. ჭ–ს, ფიზიკური ძალადობისა და მუქარის დროს ხელში ეჭირა ნაჯახი, რაც კიდევ დამატებით ადასტურებს მუქარის განხორციელების საფუძვლიანობის განცდის ფაქტს.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ჭ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი