საქმე # 330100122005849786
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1212აპ-22 ქ. თბილისი
თ–ი ი., 1212აპ-22 20 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ი. თ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგ საფუძვლებზე აპელირებით: კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მსჯავრდებულის მიმართ გამოეყენებინა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალსიწინებული დანაწესი და მისთვის შეფარდებული სასჯელის ნახევარი ჩაეთვალა პირობითად, ვინაიდან, წარმოდგენილი საქმის მასალებით, კერძოდ, ი. თ–ს დაკავების ოქმით, დაზარალებულისა და მოწმე პოლიციელების ჩვენებებით დგინდება, რომ მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისთანავე; გარდა ამისა, ი. თ–ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათის გათვალისწინებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის განაჩენით ი. თ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის თებერვლის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. თ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 (ერთი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ი. თ–ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 22 აპრილიდან.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მსჯავრდებულ ი. თ–ს დაეკისრა მოვალეობა - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. თ–მა ჩაიდინა: გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის მოშლა), ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის თებერვლის ეპიზოდი); გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 22 აპრილის ეპიზოდი).
ი. თ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2021 წლის თებერვალში, ქ. თ–ში, ჩ–ს ქუჩა N..-ში, ი. თ–იილი, რომელსაც მიაჩნდა, რომ თავის ყოფილ მეუღლეს - ლ. ტ–სს არ ჰქონდა პირადი ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვის უფლება და მამაკაცის სურვილები ყოფილი მეუღლისთვის, როგორც „სოციალურად უთანასწორო ქალისთვის“, უპირატესი უნდა ყოფილიყო, პირადი ურთიერთობის აღდგენის მიზნით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. ტ–სს, რომელთანაც წარსულში ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას და რომელსაც მუქარის შედეგად გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2022 წლის 22 აპრილს, დღის პირველ ნახევარში, ქ. თ–ში, ........ის ქუჩა N..-ში, ი. თ–მა, რომელსაც მიაჩნდა, რომ თავის ყოფილ მეუღლეს - ლ. ტ–ს არ ჰქონდა პირადი ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვის უფლება და მამაკაცის სურვილები, ყოფილი მეუღლისთვის, როგორც „სოციალურად უთანასწორო ქალისთვის“, უპირატესი უნდა ყოფილიყო, პირადი ურთიერთობის აღდგენის მიზნით წარმოშობილ კონფლიქტურ ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების - გ. და თ. თ–ების თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით იძალადა დაზარალებულზე, რომელთანაც წარსულში ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ: ლ. ტ–სს სახეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2022 წლის 22 აპრილს, დღის პირველ ნახევარში, ქ. თ–ში, ............ის ქუჩა N..-ში, ი. თ–ი, რომელსაც მიაჩნდა, რომ თავის ყოფილ მეუღლეს - ლ. ტ–ს არ ჰქონდა პირადი ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვის უფლება და მამაკაცის სურვილები, ყოფილი მეუღლისთვის, როგორც „სოციალურად უთანასწორო ქალისთვის“, უპირატესი უნდა ყოფილიყო, პირადი ურთიერთობის აღდგენის მიზნით წარმოშობილ კონფლიქტურ ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების - გ. და თ. თ–ების თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. ტ–სა და მის მშობელს - მ. ტ–ს, რომელთანაც წარსულში ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას და რომელთაც მუქარის შედეგად გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ი. თ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პროკურორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მსჯავრდებულის მიმართ გამოეყენებინა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი და მისთვის შეფარდებული სასჯელის ნახევარი ჩაეთვალა პირობითად, ვინაიდან, მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისთანავე, ამასთან, ი. თ–ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათის გათვალისწინებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს სასჯელის ნახევარი.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოწმეების: საპატრულო პოლიციის თანამშრომლების - გ. ყ–სა და ნ. ფ–ს, არასრულწლოვანების - გ. და თ. თ–ების, მ. ტ–სის გამოკითხვის ოქმებითა და სსიპ ,,112-დან“ გამოთხოვილი აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმით გამოირიცხება პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ი. თ–ს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე წასწრების ფაქტი, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი.
11. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მხედველობაში მიიღეს როგორც ი. თ–ს პიროვნება და მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (ი. თ–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რომლებიც აღიარა და გულწრფელად მოინანია, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში არ არის ნასამართლევი), ასევე - დამამძიმებელი გარემოებებიც (ი. თ–მა დანაშაულები ჩაიდინა დანის გამოყენებითა და გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით) და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, მას განუსაზღვრეს ისეთი სასჯელი, რომელიც მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი