Facebook Twitter

საქმე # 330100122005757732

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1214აპ-22 ქ. თბილისი

მ–ი ო., 1214აპ-22 18 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ, დავით ხვედელიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ო. მ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათისა და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის განაჩენით ო. მ–სი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 (ას ოთხმოცი) საათით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ო. მ–ს დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 165 (ას სამოცდახუთი) საათით.

გაუქმდა მსჯავრდებულ ო. მ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. მ–სმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 10 მარტს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ნაძალადევის მიმართულების მე-4 ოცეულის პატრულ-ინსპექტორმა ო. მ–სის მიმართ გამოსცა N......... შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ო. მ–სს აეკრძალა 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ადილა ავდოევთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის - მის საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, რის თაობაზეც ო. მ–სთვის ცნობილი გახდა იმავე დღეს. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ო. მ–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ: ო. მ–ი 2022 წლის 2 და 4 აპრილს, დაახლოებით 07:00 საათზე, აკრძალვის მიუხედავად, ქ. თ–ში, თ–ა, უ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოცხადდა, სადაც იმყოფებოდა ადილა ავდოევი და დაამყარა მასთან კომუნიკაცია.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი - ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიანა ონიანმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ო. მ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სახელმწიფო ბრალდების საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ო. მ–სათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას, ო. მ–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ (დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა) და დამამძიმებელ (დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ) გარემოებებთან ერთად, ასევე გაითვალისწინა: ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (ო. მ–სმა ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (მსჯავრდებულის სურვილი დაზარალებულისთვის დაერღვია სიმშვიდე და მყუდროება), ო. მ–სის პირადი და ეკონომიკური პირობები (ჰყავს ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი), დაზარალებულის პოზიცია (დაზარალებულს ო. მ–ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა მის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები), მსჯავრდებულის კანონის შესაბამისი, ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს და ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ო. მ–ს შეუფარდა სამართლიანი, მუხლის სანქციით მითითებული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი