საქმე # 010100122005741012
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1241აპ-22 ქ. თბილისი
შ–ე რ., 1241აპ-22 24 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და რ. შ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგ მოტივებზე მითითებით: კასატორს მიაჩნია, რომ მიუხედავად დაზარალებულის პოზიციისა, რომელმაც ისარგებლა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით და სასამართლოში უარი განაცხადა თავისი ოჯახის წევრის - რ. შ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს საკმარისი მტკიცებულებები, მათ შორის ირიბი მტკიცებულებებიც, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება რ. შ–ს ბრალეულობა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. შ–ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120- ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
რ. შ–სის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2022 წლის 27 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, .......ის ქუჩა N......-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, რ. შ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს – მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ე. ს–ს, კერძოდ: ძლიერად მოუჭირა ორივე ხელი კისერში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2022 წლის 27 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, ..........ის ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილების დროს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, რ. შ–სე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ე. ს–ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განაჩენით რ. შ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა რ. შ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს - ტ. ჭ–ს.
გამართლებულ რ. შ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და რ. შ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნას რ. შ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასკვნას, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი იმ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურდებოდა, რომ მან ჩაიდინა მითითებული დანაშაულები, კერძოდ:
9. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირმა, დაზარალებულმა - ე. ს–მ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა თავისი ახლო ნათესავის - რ. შ–ს წინააღმდეგ, რის გამოც სასამართლო მის მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
10. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, საქმეზე გამოკითხული მოწმეები: რ. თ–ე და პ. წ–ე არ არიან ფაქტის თვითმხილველი პირები. ისინი მიუთითებენ მხოლოდ დაზარალებულ ე. ს–ს მიერ გადმოცემულ ინფორმაციას, და, შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია, რის გამოც ვერც ეს მტკიცებულებები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
11. დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით ე. ს–ს ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც რ. შ–ს მიერ დაზარალებულის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტებს დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
12. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით რ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი