Facebook Twitter

საქმე # 210100121004997006

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1245აპ-22 ქ. თბილისი

გ–ი გ., 1245აპ-22 24 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილისა და მსჯავრდებულ გ. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა და მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ–მა.

2. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. გ–ი ითხოვს განაჩენის შეცვლასა და გ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობას დაზარალებულ ა. ი–ის ქურდობის ეპიზოდში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვტეილება უკანონოა, რადგან ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდების წარდგენილ ეპიზოდში მის დამნაშავეობას. გ. გ–ის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა არცერთი სამხილით, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

3. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორი მიხეილ კუპრაშვილი ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ლ. ხ–სა და გ. გ–ს დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალად წარდგენილი ყველა ქმედების ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება, როგორც კვალიფიკაციის შეცვლის, ასევე - სასჯელის ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან, სასამართლომ, ერთი მხრივ, არასრულფასოვნად შეაფასა დაზარალებულ გ. ჯ–ს ქურდობის ეპიზოდში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები, კერძოდ, არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილზე, რომელთანაც მსჯავრდებულებს არაფერი აკავშირებდათ, აღმოჩენილია ლ. ხ–ის ბიოლოგიური მასალა და გ. გ–ს სუნის კვალი, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლომ ლ. ხ–სა და გ. გ–ს ჩადენილი დანაშაულების ხასიათისა და მსჯავრდებულთა პიროვნული მახასიათებლების უგულებელყოფით შეუფარდა ზედმეტად ლმობიერი სასჯელები.

4. მსჯავრდებულ ლ. ხ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. დ–ი საკასაციო შესაგებლით ითხოვს, დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი, რადგან არ არის გამოკვეთილი, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ, რომელ საფუძველს აკმაყოფილებს იგი.

5. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. ხ–ს ბრალად დაედო: ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (ორი ეპიზოდი), ხოლო გ. გ–ს ბრალად დაედო: ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

5.1. 2021 წლის 21 მაისს, ღამის საათებში, ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევმა, პირობით მსჯავრდებულმა ლ. ხ–მა უკანონოდ შეაღწია დ–ს რაიონის სოფელ .......ში მდებარე ნ. გ–ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეფლა 5 არყით სავსე ბოცას და სახლში არსებულ 3 ნახატს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა - 7000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

5.2. 2021 წლის 11 აპრილიდან 16 აპრილამდე პერიოდში, ქურდობისათვის ნასამართლევმა გ. გ–მა და ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევმა, პირობითი მსჯავრდებულმა ლ. ხ–მა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს დ–ს რაიონის სოფელ ..........ში მდებარე ა. ი–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეფლნენ სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიადგა - 4360 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

5.3. 2021 წლის 9 მაისიდან 21 მაისამდე პერიოდში, ქურდობისათვის ნასამართლევმა გ. გ–სმა და ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევმა, პირობით მსჯავრდებულმა ლ. ხ–სმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს დ–ს რაიონის სოფელ ფ–ში მდებარე გ. ჯ–სის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეფლნენ სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიადგა - 1750 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი

6. ლ. ხ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,გ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), ხოლო გ. გ–ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).

7. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენით:

7.1. ლ. ხ–სი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ. ჯ–ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,გ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ. გ–ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ა. ი–ის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ლ. ხ–სს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მიესაჯა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7.2. გ. გ–სის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებიდან (დაზარალებულ გ. ჯ–ის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებზე; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ. ჯ–ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ა. ი–ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი; ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და გ. გ–ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ხ–მა ჩაიდინა: ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ხოლო გ. გ–მა ჩაიდინა: ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით; ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით.

9. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა, რომელიც ითხოვდა მსჯავრდებულების ლ. ხ–ისა და გ. გ–ის დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ლ. ხ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. დ–მა, რომელიც ითხოვდა ლ. ხ–ის უდანაშაულოდ ცნობას დაზარალებულ ა. ი–ს ქურდობის დანაშაულებრივ ეპიზოდში და მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ–სმა, რომელიც ითხოვდა გ. გ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება: გ. გ–სი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ. ჯ–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ა. ი–სის ეპიზოდი) და მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი; ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელი და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

13. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

14. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, დაზარალებულ გ. ჯ–ის ქურდობის ეპიზოდთან მიმართებით, ლ. ხ–სა და გ. გ–ს ბრალეულობა ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით, რამეთუ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სამხილები ვერ ქმნის უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ხოლო, მეორე მხრივ, დაზარალებულ ა. ი–ის ქურდობის ეპიზოდთან მიმართებით, ცალსახად დადგინდა გ. გ–ისა და ლ. ხ–ის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რაც სარწმუნოდ დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ა. ი–ის, მოწმეების - ი. ჯ–ს, ნ. გ–სა და გ. ი–ს ჩვენებებით, ლ. ხ–ის სახლის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთის ამოცნობის ოქმით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა სამხილებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა და რომლებიც საკმარისია ლ. ხ–სა და გ. გ–ის მსჯავრდებისათვის. ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გამხდარ სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - მსჯავრდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ლ. ხ–სა და გ. გ–ს კანონით გათვალისწინებული სასჯელები განუსაზღვრა, რომელთა კიდევ უფრო გამკაცრების აუცილებლობა სასჯელის მიზნების მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში, არ არის გამოკვეთილი.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილისა და მსჯავრდებულ გ. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ–ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი