Facebook Twitter

საქმე # 330100121004422660

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1247აპ-22 ქ. თბილისი

ნ–ი გ., 1247აპ-22 24 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. ნ–სის დამნაშავედ ცნობას მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, შემდეგი მოტივაციით: გასაჩივრებული განაჩენი მუქარაში გ. ნ–სის გამართლების ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან; ის ფაქტი, რომ გ. ნ–სის მეუღლემ - ქ. შ–მ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა თავისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ, არ უნდა გახდეს ბრალდებულის ნაწილობრივ გამართლების საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილია სხვა მტკიცებულებები, რომლებიც სრულად საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მათ შორის: პოლიციის თანამშრომლების, მოწმეების - ბ. დ–სა და გ. გ–ს გამოკითხვის ოქმები და ასევე - „112-ში“ დაზარალებულის შეტყობინების ოქმი; რაც შეეხება დაზარალებულის ჩვენებას, იგი მიზანმიმართულად ცდილობდა, რომ გ. ნ–სათვის აერიდებინა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და, მართალია, ვერ უარყოფდა ძალადობისა და მუქარის ფაქტებს, მაგრამ აშკარად სურდა გამოეკვეთა, რომ თითქოსდა მამის ქმედებებს შედეგად არ მოჰყოლია ფიზიკური ტკივილისა და შიშის განცდა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ნ–ს ბრალად დაედო: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

გ. ნ–სის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2021 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თ–ში, ვ–ი .., მე-.. „..“ მიკრორაიონის ...-ე კორპუსში მდებარე ბინა №..-ში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტის დროს, გ. ნ–მა თმის მოქაჩვით, გაზქურაზე თავის მირტყმით, მხარში მუშტის დარტყმით, ასევე, მაჯებსა და კისერში ხელის მოჭერით იძალადა თავის შვილზე - მ. ნ–ე, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2021 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თ–ში, ვ–ი .., მე-.. „..“ მიკრორაიონის ...-ე კორპუსში მდებარე ბინა №..-ში , საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტის დროს, გ. ნ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის შვილს - მ. ნ–ს, რის შედეგადაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის განაჩენით გ. ნ–სი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, გ. ნ–სს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2022 წლის 24 იანვრიდან - 2022 წლის 26 იანვრის ჩათვლით), დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 65 (სამოცდახუთი) საათით.

გაუქმდა გ. ნ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

მსჯავრდებულ გ. ნ–სს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. მსჯავრდებულის მიმართ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა და მსჯავრდებულ გ. ნ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

- ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. ნ–ს დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

- დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. ნ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მოთხოვნა გ. ნ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან ბრალდების მითითებულ ეპიზოდში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად, კერძოდ:

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები - №140აპ-21, №65აპ-20).

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ქ. შ–მ გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა თავისი ახლო ნათესავის, მეუღლის - გ. ნ–სის წინააღმდეგ, რის გამოც სასამართლო მოწმის მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ მ. ნ–ს ჩვენებაზე, რომელმაც უარყო მის მიერ გამოძიებაში გამოკითხვის ოქმში მიწოდებული ინფორმაცია მუქარის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, სახელდობრ, დაზარალებულმა, სასამართლოს, მართალია, განუმარტა, რომ კონფლიქტისას, მამამისი - გ. ნ–სი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, მაგრამ ცალსახად მიუთითა, რომ მას მუქარის არ შეშინებია და ის რეალურად არ აღუქვამს. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ „112-ის“ ოპერატორთან სატელეფონო საუბრისას მან ასევე ახსენა მამის მხრიდან სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ფაქტი, მაგრამ განმარტა, რომ ეს გარემოება მიუთითა სიტუაციის გამწვავებისათვის, იმ მიზნით, რომ სამართალდამცავები ადგილზე მალე მისულიყვნენ.

12. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, პოლიციის თანამშრომლების - გ. გ–სა და ბ. დ–ს გამოკითხვის ოქმებსა და „112-ის” ოპერატორთან სატელეფონო საუბრის ოქმს, პოლიციელთა ჩვენებებით დგინდება, რომ ისინი პირადად არ შესწრებიან ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტსა და მუქარის ფაქტს, მოწმეები ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისგან. ისინი განმარტავენ, რომ მათი შემთხვევის ადგილზე მისვლისას, დაზარალებული იყო აღელვებული და ნამტირალევი, რომელმაც განუმარტათ, რომ მამამისი - გ. ნ–ი მას დაემუქრა აივნიდან გადაგდებითა და დახრჩობით, ხოლო „112-ში“ შესული შეტყობინების ოქმში მითითებულია, რომ დაზარალებულს მამამისი დაემუქრა სიცოცხლის ხელყოფით, მაგრამ იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ გ. გ–ი და ბ. დ–ა არ არიან შემთხვევის თვითმხილველები, ხოლო, თავის მხრივ, დაზარალებული, როგორც ზემოთაც აღინიშნა, სასამართლოში ერთმნიშვნელოვნად უთითებს, რომ მას მუქარის არ შეშინებია და იგი რეალურად არ აღუქვამს, არც დაზარალებულის და არც მითითებულ მოწმეთა ჩვენებებითა და ოქმით არ დასტურდება მის მიერ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდის ფაქტი, რაც მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი