საქმე # 330100121004618021
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1248აპ-22 ქ. თბილისი
ტ–ი ი., 1248აპ-22 25 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ, დავით ხვედელიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ი ტ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი არგუმენტებით: კასატორს მიაჩნია, რომ მიუხედავად ოჯახის წევრების მიერ ი ტ–ს წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, ბრალდების მხარეს საქმეზე წარმოდგენილი აქვს სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა, მათ შორის: მოწმეთა ჩვენებები და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელთა ერთობლიობითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ი ტ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი ტ–ს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ი ტ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თ–ში, ზ–ს დასახლება, მე-.. მ/რაიონი, მე-.. კვარტალი, კორპუსი №.., ბინა №..-ში, ი. ტ–მა შელაპარაკებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს - ა. ტ–ს, კერძოდ: ხელი ძლიერად მოუჭირა მკლავზე, შემდეგ მუშტი ძლიერად დაარტყა ზურგში, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივნისის განაჩენით ი. ტ–სი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ი. ტ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ი. ტ–სს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ი. ტ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას წარდგენილ ბრალდებაში ი. ტ–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დასკვნას ი ტ–სის ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების არასაკმარისობის თაობაზე და, ამდენად, ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მისი დამნაშავედ ცნობის შესახებ.
9. წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირებმა, დაზარალებულმა - ა. ტ–მა (ი ტ–სის შვილმა) და მოწმე ვა. ტუ–მა (ი ტ–სის მეუღლემ) პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცეს თავიანთი ახლო ნათესავის - ი ტ–ის წინააღმდეგ, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოება, რის გამოც სასამართლო მათ მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
10. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, მოწმეთა: ა. მ–ს, ი. მ–ს, ზ. ფ–სა და კ. ჭ–ს ჩვენებებით დადგენილია, რომ არცერთი მათგანი არ შესწრებია ი ტ–ს მხრიდან შვილზე ძალადობის ფაქტს. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ირიბია, რადგან ისინი ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულისაგან, რის გამოც სასამართლო მათ ასევე ვერ გამოიყენებს ი. ტ–სის ბრალდების მადასტურებელ მტკიცებულებად. საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ ა. ტ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიც, მაგრამ მითითებული ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, ხოლო იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში დაზარალებულმა უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, აღნიშნული ოქმიც არ წარმოადგენს ცალკე დამოუკიდებელ პირდაპირ მტკიცებულებას და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც ი. ტ–ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი