საქმე # 120100122006044565
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1265აპ-22 ქ. თბილისი
ა–ი ე., 1265აპ-22 27 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ე. ა–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა ე. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე - სასჯელის მიზანი და ისე განუსაზღვრა ზედმეტად ლმობიერი სასჯელი.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 სექტემბრის განაჩენით ე. ა–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
ე. ა–ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო 2022 წლის 21 ივლისიდან - 2022 წლის 22 ივლისის ჩათვლით.
გაუქმდა ე. ა–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს უნდა დაუბრუნდეს შეტანილი თანხა - 4000 ლარი.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ა–მა ჩაიდინა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ე. ა–ი, თავისი არასრულწლოვანი შვილის, 2015 წლის 4 თებერვალს დაბადებული გ. ა–ს ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, წინასწარი შეცნობით ზემოქმედებდა მასზე და ფსიქიკურად აიძულებდა მასთან ერთად სასეირნოდ გაყოლას ქ. ბ–ს ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკში, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ეუბნებოდა, რომ თვითონაც მოიკლავდა თავს, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ე. ა–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია და აღნიშნავს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულ ე. ა–ს შეუფარდეს საქართველოს სსკ-ის 111, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაეთვალა პირობით. ამასთან, სასჯელის შეფარდებისას, სასამართლომ სრულად გაითვალისწინა სასჯელის ზოგადსავალდებულო მოთხოვნები, მათ შორის - მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები (იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, მისი ეთიკური ქცევა საქმის სასამართლო განხილვის დროს) და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (ე. ა–მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას), ასევე: პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება (დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის (არასრულწლოვნის) მიმართ), დანაშაულებრივი ქმედების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, რის შესაბამისადაც მსჯავრდებულს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების სამართლებრივი საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი