საქმე # 330100122005847242
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1288აპ-22 ქ. თბილისი
ც–ი დ., 1288აპ-22 26 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ, დავით ხვედელიძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ დ. ც–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად მოსახდელად, შემდეგი არგუმენტებით: მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების არათანაზომიერია; სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა ქმედების განხორციელების მოტივი, ძალადობის გავრცელების მასშტაბი და მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის მომეტებული საფრთხე და ისე შეუფარდა მსუბუქი სასჯელი, რაც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის განაჩენით დ. ც–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ც–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ დ. ც–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2022 წლის 28 აპრილიდან 2022 წლის 9 ივნისის ჩათვლით.
გაუქმდა დ. ც–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ დ. ც–ს დაეკისრა მოვალეობა - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ც–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დ. ც–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- დ. ც–ი, რომელიც ფიქრობდა, რომ, ვინაიდან, იგი არის მამაკაცი, ქალი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მეუღლისგან მოითხოვდა მორჩილებას, უზღუდავდა მეზობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობას, უკონტროლებდა ჩაცმულობას, მობილურ ტელეფონსა და სოციალურ ქსელებს. აღნიშნული მოტივით, 2022 წლის 17 მარტს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, მ–ში, ..........ის ქუჩა N..-ის, .......ში, ბინა N..-ში დ. ც–სი ყოფილ მეუღლეს - ი. ტ–ს, დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, უთხრა, რომ „თავს გაუტეხავდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- დ. ც–ი, რომელიც ფიქრობდა, რომ, ვინაიდან, იგი არის მამაკაცი, ქალი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მეუღლისგან მოითხოვდა მორჩილებას, უზღუდავდა მეზობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობას, უკონტროლებდა ჩაცმულობას, მობილურ ტელეფონსა და სოციალურ ქსელებს. აღნიშნული მოტივით, 2022 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თ–ში, მ–ში, ........ის ქუჩა N.., „დ“ ბლოკში, ბინა N..-ში და მის მიმდებარედ დ. ც–მა ყოფილ მეუღლეს - ი. ტ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: სახეში გაარტყა გაშლილი ხელი, შემდეგ ყელში წაუჭირა ორივე ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი - ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად მოსახდელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას მსჯავრდებულ დ. ც–სათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულს შეუფარდეს საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაეთვალა პირობით. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ სრულად გაითვალისწინა სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, მათ - შორის დ. ც–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება (დანაშაულების ჩადენა გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით), მის მიერ ჩადენილ ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ქმედებების განხორციელების სახე, ხერხი, მოტივი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. ამასთან, დანაშაულის აღიარებისა და მონანიების გარდა, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოებებიც, რომ დ. ც–სმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია, ასევე გაითვალისწინა - მსჯავრდებულის პატიმრობაში ყოფნის დრო (2022 წლის 28 აპრილიდან - 2022 წლის 9 ივნისის ჩათვლით პერიოდი), რომ მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები და წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ც–სათვის შეფარდებული სასჯელი სამართლიანია, შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი