Facebook Twitter

საქმე N 130100122005368317

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე N1291აპ.-22 21 აპრილი, 2023 წელი თ. ა-ი, 1291აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. თ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ი-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პროცედურა:

1.1. 2022 წლის 1 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად, კერძოდ, ა. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადის ათვლა დაეწყო - 2021 წლის 19 ნოემბრიდან.

1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. თ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ი-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

1.3. პროკურორმა თორნიკე ბაიდოშვილმა დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:

2.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ა. თ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა, არაერთგზის და ბინაში უკანონო შეღწევით, კერძოდ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ნასამართლებმა და პირობით მსჯავრდებულმა ა. თ-მ, 2021 წლის 7 ოქტომბერს, ღამის საათებში, უკანონოდ შეაღწია ზ. გ-ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მწოლიარე ზ. გ-ეს ორივე ფეხზე დააჭირა მუხლები, დააწვა მხარზე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა 200 ლარი, ხოლო უარის მიღების შემდეგ რამდენჯერმე დაარტყა მუშტი.

2.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია დაზარალებულის ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, დაზარალებულმა ზ. გ-ემ საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად აღწერა მის მიმართ ჩადენილი დანაშაული, მიუთითა რა მიზნით მივიდა ა. თ-ა მის ბინაში და დაწვრილებით ისაუბრა ხელებისა და ფეხების შებოჭვით, ძალადობის გამოყენებით მისთვის ფულადი თანხის მოთხოვნაზე. დაზარალებულმა მხარეთა მიერ დასმულ კითხვებზე არაერთხელ განაცხადა, რომ თავდამსხმელი იყო ა. თ-ა, რომელიც აღნიშნულ ფაქტამდე დაახლოებით წელიწად ნახევარი - ორი წელი მასთან ერთად ცხოვრობდა.

2.3. სააპელაციო სასამართლოს აზრით დაზარალებულ ზ. გ-ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია როგორც დაზარალებულის მიმართ ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმადაც ზ. გ-ეს, 2021 წლის 7 ოქტომბერს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა და გულ-მკერდის წინა კედლის ზედაპირული ტრავმა, ასევე ბიოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმადაც სწორედ დაზარალებულის ტანსაცმლის წინა მხარეს ამოვიდა მსჯავრდებულ ა. თ-ს გენეტიკური მასალა.

2.4. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღნიშული მტკიცებულებები პალატამ შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ფაქტების დადგენისას იხელმძღვანელა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ უზრუნველყოფილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის წარმოდგენა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა. თ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

3. კასატორების არგუმენტები:

3.1. კასატორების განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა ა. თ-ს მიერ დანაშულის ჩადენა, კერძოდ, დაზარალებულ ზ. გ-ის ჩვენება არ არის უტყუარი; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ დაზარალებულს დაზიანებები ა. თ-მ მიაყენა; ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია მხოლოდ ის გარემოება, რომ ამოღებულ ნივთებზე ამოსული გენეტიკური პროფილების წილი ა. თ-ს გენეტიკური პროფილების იდენტურია, რაც დაცვის მხარის აზრით გამოწვეულია იმ გარემოებით რომ დაზარალებული და მსჯავრდებული რაღაც პერიოდი ერთ სახლში ცხოვრობდნენ.

3.2. დაცვის მხარის მოსაზრებით სასამართლოებმა საქმე განიხილეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების დარღვევით, ვინაიდან ბრალდების მხარემ სრულყოფილად და ობიექტურად არ ჩაატარა გამოძიება, ბრალდებულის პირველი წარდგენისა და საქმის არსებითი განხილვის სხდომებს თავმჯდომარეობდა ერთიდაიგივე მოსამართლე, დაზარალებული დაკითხეს ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე, ხოლო თავად დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვის შესაძლებლობა არ მიეცა.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან, გასაჩივრებულ განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ა. თ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: მოწმეების - ზ. გ-ის, პ. ჯ-ის, შ. კ-ისა და ა. თ-ის ჩვენებებიდან, სასამართლო-სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

4.2. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ ზ. გ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა ა. თ-მ, 2021 წლის 7 ოქტომბერს, ღამის საათებში, უკანონოდ შეაღწია ზ. გ-ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მწოლიარე ზ. გ-ეს ორივე ფეხზე დააჭირა მუხლები, დააწვა მხარზე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა ფული. დაზარალებულის ჩვენების სანდოობის შეფასებისას საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ. გ-ის განმარტებები თანმიმდევრული და დამაჯერებელია, ასევე - თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან (ზ. გ-ეს სწორედ იმ ადგილას აღენიშნებოდა დაზიანება, რაზეც მან ჩვენების მიცემისას მიუთითა) და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან (ა. თ-ს გენეტიკური პროფილი ამოვიდა არა საერთო მოხმარების ნივთებზე, არამედ დაზარალებულის ტანსაცმლის წინა მხარეზე). ამასთან, ვერც დაცვის მხარე უთითებს რაიმე დამაჯერებელ მოტივზე და არც საქმის მასალებით დადგენილა, რატომ უნდა ემხილა დაზარალებულს არჩადენილ დანაშაულში ა. თ-ა.

4.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება, რომლის თანახმადაც ბრალდების მხარემ არ ჩაატარა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები და სასამართლო სხდომაზე არ დაკითხა დაცვის მხარის მოწმეები, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, შესაბამისად მხარეებს ჰქონდათ თანასწორი შესაძლებლობა, მოეპოვებინათ და სასამართლოში წარმოედგინათ მტკიცებულებები, აგრეთვე გამოეთქვათ საკუთარი და გაექარწყლებინათ საპირისპირო მხარის მოსაზრებები. მიუხედავად აღნიშნულისა საქმის მასალების ანალიზი ცხადყოფს, რომ წინასასამართლო სხდომამდე ხუთი დღით ადრე დაცვის მხარეს ბრალდების მხარისთვის და ასევე სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მტკიცებულებები და იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალი, რომლის გამოკვლევასაც სასამართლოში აპირებდა.

4.4. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულს არ მიეცა შესაძლებლობა უშუალოდ დაეკითხა დაზარალებული, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულის დაკითხვისას არ დარღვეულა კანონი, ვინაიდან მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე სხდომის ჩატარება წარმოადგენდა მსჯავრდებულის ნამდვილ ნებას, კერძოდ, დაზარალებული ზ. გ-ე დაიკითხა 2022 წლის 3 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რა დროსაც სხდომას ესწრებოდნენ პროკურორი - თორნიკე ბაიდოშვილი და ადვოკატი - მ. ი-ი. მსჯავრდებულმა ა. თ-მ სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომლის თანახმადაც, იგი ითხოვდა სასამართლო სხდომის მისი მონაწილეობის გარეშე, ადვოკატის დასწრებით ჩატარებას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ აღნიშნული განცხადების სანდოობა და ავთენტურობა დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

4.5. უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარის მითითება პირველი ინსტანციის მოსამართლის აცილების თაობაზე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული მოსამართლის აცილების არცერთი საფუძველი.

4.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და ისინი დაუშვებლად უნდა იქნენ ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ს 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. თ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ი-ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე