საქმე # 330100120003442825
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1292აპ-22 ქ. თბილისი
გ. ქ. 1292აპ-22 12 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - ი. დ–ს და ქ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ - გ. ხ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ქ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ი. დ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - თაღლითობაში დახმარება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარება, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ქ. გ–სა და ი. დ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წელს ქ. გ–მა განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 5752 მ2 მიწის ნაკვეთს. ქ. გ–მა თავისი დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ გაანდო მ-ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებს: თ. ბ–ს (თავმჯდომარე), ნ. ა–ს (მოადგილე), ი. ბ–სა და გ. კ–ს, ასევე თავის ნაცნობებს - ი. ლ–სა და ი. დ–ს, რომლებიც დაითანხმა დახმარებოდნენ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებაში.
2017 წლის 10 ივლისს განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ქ. გ–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში არსებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 5752 მ2 მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. განცხადებას დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო/აზომვითი ნახაზი და თანხმობა განაცხადა დოკუმენტაცია გადაეგზავნათ აღიარების კომისიაში.
2017 წლის 14 აგვისტოს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, განცხადება და ქ. გ–ს მიერ წარდგენილი მასალები განსახილველად გადაუგზავნა მ-ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
2017 წლის 16 ოქტომბერს ქ. გ–მა ი. ლ–სა და ი. დ–ს ნოტარიულად დაადასტურებინა და კომისიას წარუდგინა განცხადება, რომ თითქოსდა ქ. გ–ი 19.. წლიდან ფლობდა 5752 მ2 მიწის ნაკვეთს მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში.
2017 წლის 24 ოქტომბერს ჩატარდა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა და შედგა N.. სხდომის ოქმი. ქ. გ–ს მოთხოვნა ცალსახად ეწინააღმდეგებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონს, კერძოდ, ქ. გ–ი რეალურად არ ფლობდა ასაღიარებელ მიწის ნაკვეთს კანონის ამოქმედებამდე, ასევე ის მიწის ნაკვეთი რომლის მომიჯნავედაც ითხოვდა საკუთრების უფლებას, ქ. გ–ს ოფიციალურად შეძენილი ჰქონდა 2012 წელს. მიუხედავად აღნიშნულისა კომისიის თავმჯდომარემ - თ. ბ–მ, თავმჯდომარის მოადგილემ - ნ. ა–მა, წევრებმა - ი. ბ–მ და გ. კ–მა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით მიიჩნიეს, რომ ქ. გ–ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარებისთვის იყო სრულყოფილი და შეესაბამებოდა კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, მიღებული უკანონო გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა ქ. გ–ს მიერ, მ–ში, სოფელ ს–ში მდებარე 5752 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თვითნებურად ფლობის ფაქტი. იმავე დღეს 2017 წლის 24 ოქტომბრის N.. სხდომის ოქმის საფუძველზე გაიცა N.. განკარგულება აღიარების შესახებ და ქ. გ–სზე გაიცა N.. საკუთრების უფლების მოწმობა.
2017 წლის 14 ნოემბერს ქ. გ–მა საკუთრების უფლების N..-ე მოწმობის და N..-ე განკარგულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაირეგისტრირა ხსენებული ნაკვეთი და თ. ბ–ის, ნ. ა–ს, ი. ბ–ს, გ. კ–ს, ი. ლ–ს და ი. დ–ს ის დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მდებარე 5752 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (ს/კ ...), რითაც სახელმწიფოს მიაყენა 77036 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ივლისის განაჩენით:
3.1. ქ. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მდებარე ქ. გ–ს (პ/ნ ........) სახელზე რეგისტრირებული 5752 მ2 მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით ........).
3.2. ი. დ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარი.
3.3. ფ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8 000 ლარი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში მდებარე ფ. ა–ს (პ/ნ ..........) სახელზე რეგისტრირებული 610 მ2 მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით .......).
3.4. ე. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 8 000 ლარი.
3.5. მ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7 000 ლარი.
3.6. ამავე განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულებს - ნ.–სა და გ. ზ–ს შორის 2022 წლის 21 ივნისსა და 7 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმება, კერძოდ:
- ნ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ქ. გ–ს მიწის ნაკვეთის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ი. ი–ს მიწის ნაკვეთის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ს. გ–ს მიწის ნაკვეთის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (რ. გ–ს მიწის ნაკვეთის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ფ. ა–ის მიწის ნაკვეთის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ტ. შ–ს მიწის ნაკვეთის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ი. ი–ს მიწის ნაკვეთის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ხ. ო–ს მიწის ნაკვეთის ეპიზოდი) და საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა - ჯარიმა 7 000 ლარი. მასვე, 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება - აღნიშნული დროის განმავლობაში ნ. ა–ს აეკრძალა დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან მუნიციპალიტეტის ორგანოებში.
- გ. ზ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების - ფ. ა–ს, ე. ა–სა და მ. ი–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა: დ. ნ–მა და ო. ს–მა. ასევე, მსჯავრდებულების - ი. დ–ს და ქ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ხ–მა. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - ქ. გ–სა და ი. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ხ–მა. ადვოკატი საკასაციო საჩივრებით ითხოვს მსჯავრდებულებისთვის შეფარდებული სასჯელის - ჯარიმის 10000 ლარის შემცირებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, , no.36755/06, §31, ECtHR 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულების პირადი და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით ი. დ–ს და ქ. გ–სთვის შეფარდებული ჯარიმის - 10 000 ლარის შემცირებას.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც ი. დ–ს და ქ. გ–ს სასჯელის სახით განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მსუბუქი სახე - ჯარიმა 10000 ლარი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს, ასახავს მიდგომას, რომლის თანახმად, „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. გ–სა და ი. დ–ისთვის სასჯელის სახით ჯარიმის - 10 000 ლარის განსაზღვრა, ხოლო ქ. გ–სთვის დამატებით ქონების ჩამორთმევა, წარმოადგენს პროპორციულ ღონისძიებას ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და სასჯელის ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით, ასევე თითოეული მსჯავრდებულის მიმართ ემსახურება მათი ეფექტიანი რესოციალიზაციის მიზანს. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლოებმა გაითვალისწინეს როგორც მიყენებული ზიანის ოდენობა, ასევე მსჯავრდებულების ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა.
11. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, ქ. გ–სა და ი. დ–ს ჯარიმის ოდენობა განესაზღვრა სსკ-ის 42-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, მსჯავრდებულების პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
12. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნენ ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულების - ქ. გ–სა და ი. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ - გ. ხ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე