საქმე # 200100120003719642
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1294აპ-22 ქ. თბილისი
მ. დ. 1294აპ-22 25 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 10:00 საათზე, თ–ს რაიონის სოფელი წ–ს მიმდებარედ, მინდორში არსებულ საძოვარზე, დ. მ–ს შელაპარაკება მოუვიდა შ. თ–სთან, რა დროსაც განზრახ, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიზნით, დ. მ–მა ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთხელ ესროლა შ. თ–ს. აღნიშნულის შედეგად დ. მ–მა შ. თ–ს მიაყენა მარცხენა ბარძაყის არეში შემავალი, სიცოცხლისათვის სახიფათო, ცეცხლნასროლი ჭრილობა. დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მოხდა შ. თ–ს სიცოცხლის შენარჩუნება.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 ივნისის განაჩენით დ. მ–სი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდა;
3.1. დ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა - ჯარიმა 2000 ლარი;
3.2. დ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2020 წლის 21 აპრილიდან 2020 წლის 24 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ დაენიშნა - ჯარიმა 1000 ლარი.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 10:00 საათზე, თ–ს რაიონის სოფელი წ–ს მიმდებარედ - მინდორში არსებულ საძოვარზე - დ. მ–მა ცეცხლსასროლ იარაღთან დაუდევარი მოპყრობით სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა შ. თ–ს.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა და მოითხოვა დ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა და მისთვის შესაბამისი სასჯელის შეფარდება.
5.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებლი წარმოადგინა მსჯავრდებულის ადვოკატმა თ. მ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 26 მაისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დავით გველესიანმა, რომელიც ითხოვს დ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ და მოითხოვა დ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა: შ. თ–მ დაზიანება მიიღო დ. მ–ს თოფიდან ტყვიის შემთხვევითი გასროლით (გაუფრთხილებლობით), თუ დ. მ–ს მხრიდან დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვით.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება დ. მ–ს მიერ შ. თ–ს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახ და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თელავის რაიონულ სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც დ. მ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების - საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად მტკიცებულებასა და არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს და მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა დ. მ–ს განზრახვა შ. თ–ს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების თაობაზე და ითვალისწინებს, რომ როგორც მსჯავრდებულმა, ისე დაზარალებულმა დაადასტურეს, რომ მათ შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დ. მ–ს სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვიის შედეგად შ. თ–ე დაიჭრა; იმავდროულად უარყვეს დაზიანების განზრახ მიყენება და იარაღიდან გასროლა ახსნეს არა განზრახვით, არამედ იმ გარემოებით, რომ ძიძგილაობისას შემთხვევით თოფიდან გავარდა ტყვია და შ. თ–ს მოხვდა ფეხში.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა არ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება (რომლის თანახმად, ძიძგილაობისას დ. მ–სმა ერთი ნაბიჯი გადადგა უკან და დაახლოებით ერთი მეტრის დისტანციიდან იარაღიდან ერთხელ გაისროლა მისი მიმართულებით) და აღნიშნა, რომ იმყოფებოდა ნარკოზის ქვეშ და გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაციის მსგავსი ჩვენება არ მიუცია და კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია (იხ.: მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის N545აპ.-20 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის N232აპ-21 განჩინება).
13. მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების დასადასტურებლად კასატორი ასევე უთითებს მოწმე შ. ე. ო–ს ჩვენებაზე, რომლის თანახმად, დ. მ–სმა თოფიდან ხუთი მეტრის მანძილიდან ორჯერ ესროლა შ-ს. პირველი ფეხებთან ესროლა, მეორე კი ფეხში მოარტყა. თავად ამ ამბავს ათი მეტრიდან უყურებდა. შ. თ–სეს და დ. მ–სს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. მან დაინახა, რომ დ. მ–სმა თოფი გადახსნა და ისე ჩადო ვაზნა. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ: დ. მ–სის ჩვენების თანახმად, თოფი არის „ვინჩესტერი“ და ვაზნის ჩასადებად არ გადაიხსნება, იმავდროულად საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საწინააღმდეგოს; გარდა ამისა თვითმხილველი მოწმის ვ. ბ–ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც უდავოდ იქნა ცნობილი მხარეების მიერ, დასტურდება, რომ დ. მ–სმა ავტომანქანიდან გადმოიტანა შავი ფერის „ვინჩესტერის“ ტიპის იარაღი, რომელიც მიწისკენ ჰქონდა მიმართული, შ. თ–სთვის არ დაუმიზნებია. შ. და დ. ძიძგილაობდნენ, რა დროსაც მოულოდნელად გაიგონა ერთი გასროლის ხმა. პარალელურად შ. მიწაზე წაიქცა, ხოლო დ. მ–მა მას დაუძახა, რომ სასწრაფოში დაერეკა, თვითონ კი ავტომანქანაში ჩაჯდა და ფერმის მიმართულებით წავიდა, თან წაიღო იარაღიც.
13.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ექსპერტის დასკვნა (მაგალითად: სროლის მიმართულების, მანძილის შესახებ), რაც დაადასტურებდა ბრალდების მხარის პოზიციას. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს" (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103)
13.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმეების: გ. მ–ს, ნ. გ. ო–ს ჩვენებებით, ვ. ბ–ს გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დგინდება იარაღიდან ორი გასროლის ფაქტი.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს, რომ დ. მ–მა თოფიდან განზრახ ესროლა შ. თ–ს, განხორციელებული ქმედებით კი მან ჩაიდინა - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
17. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე