საქმე # 190100121004757224
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1299აპ-22 ქ. თბილისი
ყ–ი ლ., 1299აპ-22 28 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ზურაბ კოჭლამაზაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლას, ლ. ყ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სანქციით გათვალისწინებული უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ლ. ყ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების - წინასწარი შეცნობით ორსულ ქალზე ძალადობის - ჩადენა დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ა. გ–სის, მოწმეების - მ. გ–ს, მ. შ–ს, ხ. ბ–სა და გ. ბ–ს გამოკითხვის ოქმებით, ა. გ–ს განცხადებითა და სამედიცინო დოკუმენტაციით, რომლებიც საკმარისია ლ. ყ–ს მიმართ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. ყ–ს ბრალად დაედო: გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და შანტაჟი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის აპრილიდან 2021 წლის 21 მაისის ჩათვლით დროის შუალედში, ლ. ყ–სი ორსულ მეუღლეს - ა. გ–ს ყოველდღიურად, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ დაზარალებული არ ემორჩილებოდა, იცვამდა ისეთ ტანსაცმელს, რომელიც მას არ მოსწონდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეუბნებოდა, რომ მისი მოვალეობა იყო მხოლოდ მეუღლის მოვლა და საოჯახო საქმეების კეთება. ასევე, ლ. ყ–სი ა. გ–ს ქორწინებამდე არსებულ ურთიერთობებს აღიქვამდა გასაკიცხ ქმედებად და სისტემატურად აშანტაჟებდა, რომ დაზარალებულის წარსულის შესახებ შეატყობინებდა მის მშობელს. 2021 წლის 14 -15 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. რ–ში მე-.. მ/რ-ის №....-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ლ. ყ–მა იმის გამო, რომ ა. გ–მა აივნიდან ოთახში შეიტანა გასარეცხად გამზადებული ნივთი და თავად აპირებდა დასასვენებლად დივანზე დაწოლას, გულმკერდის არეში ჰკრა ხელი. ლ. ყ–ს ძალადობრივი ქმედებებით ა. გ–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2.2. 2021 წლის 21 მაისს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქ. რ–ში, მე-.. მ/რ-ის №....-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ლ. ყ–მა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს - ა. გ–სს, რომელმაც ბუნებრივი მოთხოვნილების საძინებელ ოთახში დაკმაყოფილების გამო მისცა შენიშვნა, ორივე ხელის მაჯაზე ძლიერად მოუჭირა ხელები, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ლ. ყ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მაისის განაჩენით ლ. ყ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 14-15 მაისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველ ნაწილზე და მიესაჯა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 21 მაისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველ ნაწილზე და მიესაჯა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 21 მაისის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 14-15 მაისის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი და ლ. ყ–ს საბოლოოდ განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ყ–მა ჩაიდინა: გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და შანტაჟი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ უტყუარად ვერ დადგინდა ლ. ყ–ს მიერ მაკვალიფიცირებელ გარემოებაში, კერძოდ, წინასწარი შეცნობით ორსულ ქალზე ძალადობა.
6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელიც ითხოვდა მის შეცვლას, ლ. ყ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და სასჯელის გამკაცრებას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ლ. ყ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებაში, კერძოდ, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ - ჩადენა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ 2021 წლის 13 მაისს ა. გ–ი იყო 6 კვირის ორსული, იმ ვითარებაში, როდესაც მსჯავრდებული ლ. ყ–ი უარყოფს, რომ 2021 წლის 14-15 და 21 მაისს ა. გ–ზე ძალადობის დროს იცოდა მისი ფეხმძიმედ ყოფნის შესახებ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სხვა ვერცერთი მტკიცებულებით, მათ შორის - დაზარალებულ ა. გ–სის, მოწმეების - მ. გ–ს, მ. შ–ს, ხ. ბ–სა და გ. ბ–ს გამოკითხვის ოქმებით, ა. გ–ს განცხადებითა და სამედიცინო დოკუმენტაციით, რომლებზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, შეუძლებელია იმის უტყუარად მტკიცება, რომ ლ. ყ–მა ნამდვილად იცოდა ა. გ–სის ფეხმძიმობის შესახებ და, შესაბამისად, წინასწარი შეცნობით ორსულ ქალზე ძალადობდა, რისი მხედველობაში მიღებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად გაჩენილი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა - in dubio pro reo - პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი