საქმე # 330100122005893458
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1312აპ-22 ქ. თბილისი
ა. ბ. 1312აპ-22 26 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ა–ს ინტერესების დამცველის ადვოკატ - თ. ა–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ა–ს, - დაბადებულს 19. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის 13 ნოემბერს, ღამის საათებში, ბ. ა–მა, ქ. თ–ში, .........-ში, მე-.. მ/რ-ში, კორპუსი №..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ ბინა №..-ში, მეუღლეს - ნ. მ–ს, ეჭვიანობის ნიადაგზე, მათივე არასრულწლოვანი შვილის - ე. ა–ს თანდასწრებით, ძლიერად მოქაჩა თმები და თავი დაახრევინა ძირს, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა მორალური ზიანი.
2.2. 2022 წლის 1 მაისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ალკოჰოლით მთვრალმა ბ. ა–მა, ქ. თ–ში, .........-ში, მე-.. მ/რ-ში, კორპუსი №..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ ბინა №..-ში, მეუღლეს - ნ. მ–სს, ეჭვიანობის ნიადაგზე, მათივე არასრულწლოვანი შვილის - ე. ა–ს თანდასწრებით, ხელი დაარტყა მხარში და ასევე ხელი კრა მკერდში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი მიენარცხა კედელს და განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე განიცადა მორალური ზიანი. მამის მიერ დედის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტი გააპროტესტა არასრულწლოვანმა ე. ა–მა, რომელსაც ბ. ა–მა, ასევე მისი არასრულწლოვანი შვილის - თ. ა–ს თანდასწრებით, ხელი გაარტყა სახეში, რის გამოც ე. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა მორალური ზიანი;
2.3. 2022 წლის 1 მაისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ალკოჰოლით მთვრალმა ბ. ა–მა, ქ. თ–ში, .........-ში, მე-.. მ/რ-ში, კორპუსი №..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ ბინა №..-ში, მის მეუღლეს - ნ. მ–სს, ეჭვიანობის ნიადაგზე ხელიდან გამოგლიჯა მისი კუთვნილი ,,SAMSUNG GALAXY A10” ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც დააგდო ძირს და დაამსხვრია. ბ. ა–ს ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, ნ. მ–ს მიადგა 200 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენით:
3.1. ბ. ა–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;
3.2. ბ. ა–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;
3.3. ბ. ა–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;
3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით;
3.5. ბ. ა–ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალა 2020 წლის 13 მაისიდან - 2020 წლის 23 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ. ა–სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმება, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
5.1. ბ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 9 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 9 თვე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი;
5.2. ბ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 9 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 9 თვე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი;
5.3. ბ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი;
5.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი;
5.5. ბ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან. მასვე, სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2022 წლის 13 მაისიდან 2022 წლის 23 ივნისის ჩათვლით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ა–მ, რომელიც ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, საპატიმრო სასჯელის არასაპატიმრო სასჯელით შეცვლას.
6.1. 2023 წლის 30 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა მსჯავრდებულ ბ. ა–ს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ბ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი თ. ა–ე ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას და სრულად პირობითი მსჯავრის გამოყენებას.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ბ. ა–ს მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულების ნ. მ–ს და ე. ა–ს, მოწმეების: მ.ა–ს, თ. ა–ს, ა. ა–ს, ზ. ლ–ს, დ. ბ–ს, ე. ს–ს, კ. გ–ს, ა. ა–ს, გ. ჯ–ს, ა. ნ–ს, ნ. ყ–ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2022 წლის 1 მაისის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, სამხრე კამერების ჩანაწერების 2022 წლის 7 ივნისის დათვალიერების ოქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის ბრძანებით, სასაქონლო ექსპერტიზის N......... დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), რომლებიც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ბ. ა–სმა ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული ქმედებები.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები სასჯელის სახით ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილი - მათ შორის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ, იმის მხედველობაში მიღებით, რომ მსჯავრდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, წარსულში არ არის ნასამართლევი, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაუთვალა პირობითად. ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ბ. ა–მა მსჯავრად შერაცხული ქმედება(საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით) ჩაიდინა არასრულწლოვნის თანდასწრებით, იყო სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, რომელსაც სხვათა უფლებებისა და სიცოცხლის დაცვა ევალებოდა.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
12. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
13. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ა–ს ინტერესების დამცველის ადვოკატ - თ. ა–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე