Facebook Twitter

საქმე # 010100122005894303

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1327აპ-22 ქ. თბილისი

ბ. გ. 1327აპ-22 27 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით გ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 11 მაისს, საღამოს საათებში, ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ. ბ–მ თავისი ოჯახის წევრის მიმართ იძალადა, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ე. ს–ს, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა და ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას ხელი დაარტყა სახეში, რითიც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.2. 2022 წლის 11 მაისს, საღამოს საათებში, ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ბ–ე თავისი ოჯახის წევრს - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ე. ს–ს, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა და ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ე. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს განაჩენით:

3.1. გ. ბ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ;

3.2. გ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 145 საათი;

3.3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2022 წლის 11 მაისიდან - 2022 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით) მთლიანად გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ, რომელმაც მოითხოვა გ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მისთვის კანონიერი და სამართლიანი მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ, რომელიც ითხოვს გ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რომელიც შესაბამისი იქნება მის პიროვნებასთან და ჩადენილ დანაშაულთან.

6.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ც–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პროკურორი ითხოვს გ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მისთვის შესაბამისი მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც შემთხვევის თვითმხილველმა მოწმეებმა ნ. ბ–მ და ჯ. ბ–მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (შვილის) - გ. ბ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, დაზარალებულ ე. ს–ს გამოკითხვის ოქმი, გამომძიებლების: გ. კ–ს და ს. კ–ს გამოკითხვის ოქმები სრულად ადასტურებენ გ. ბ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას და ითვალისწინებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება გ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.

12. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება; ბრალდების მხარეს დაზარალებულის ჩვენების გარდა გ. ბ–ს მიერ 2022 წლის 11 მაისს ჩადენილი მუქარის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია სხვა პირდაპირი მტკიცებულება, სისხლის სამართლის საქმის მასალებით, საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით, არ დგინდება დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა; არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც ობიექტურად დაადასტურებდა შიშის საფუძვლიანობას (სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არა დაზარალებულ ე. ს–ს შეტყობინება არამედ ჯ. ბ-ს შეტყობინება).

13. მოწმეებმა - ნ. ბ–მ და ჯ. ბ–მ უარი განაცხადეს სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, ხოლო მოწმეები: გ. კ–ე და ს. კ–ე უშუალოდ დანაშაულის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან, შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ირიბი ჩვენებებია, რომელთა გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).

14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას გ. ბ–ს დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე