Facebook Twitter

საქმე # 110100122005383592

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1333აპ-22 ქ. თბილისი

რ–ე კ., 1333აპ-22 3 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. რ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. რ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ–მა, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება აშკარად უკანონო და დაუსაბუთებელია; სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქმეში არსებული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობის გარეშე, ვინაიდან სასამართლოში დაკითხული არცერთი მოწმე არ არის ფაქტის თვითმხილველი, ამიტომ შეუძლებელია მათი ჩვენებების პირდაპირ სამხილებად მიჩნევა; დაზარალებულმა მ. რ–მ და მოწმე პ. რ–მ ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცეს მსჯავრდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები, ხოლო სხვა მოწმეები, მათ შორის - არც შ. და ა. რ–ები, არ არიან ძალადობის შემსწრე პირები; საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს კ. რ–ს მსჯავრდებას, რადგან საექსპერტო კვლევის შედეგად შესაძლებელია, დადგინდეს დაზიანებების არსებობა, რაოდენობა, სიმძიმე და ლოკალიზაცია, თუმცა არა - მისი მიმყენებელი პირის ვინაობა; მხედველობაშია მისაღები ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დანის პირზე აღმოჩნდა დაზარალებულ მ. რ–ს გენეტიკური კვალი, თუმცა დანაშაულის იარაღზე მსჯავრდებულის ბიოლოგიური მასალა არ გამოვლენილა, ხოლო დაზარალებულის ჯემპრის სასამართლოზე გამოკვლევით დადგინდა, რომ მასზე დანისთვის დამახასიათებელი რაიმე მოცულობითი დაზიანება არ იყო გამოკვეთილი; კასატორი ასევე მიიჩნევს: იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა მ. რ–მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, შეუძლებელია კ. რ–სათვის მსჯავრად დადებული ძალადობის შემადგენლობისათვის სავალდებულო - ტკვილის განცდის ობიექტურად შერაცხვა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ. რ–ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 21:50 საათზე, ქ. თ–ში, .......ის ქ. №..-ში, შ. რ–ს საცხოვრებელი სახლის აივანზე, ალკოჰოლით მთვრალი კ. რ–ე ხელთ ნაქონი დანის გამოყენებით მოკვლით დაემუქრა მამას - მ. რ–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.2. 2021 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 21:50 საათზე, ქ. თ–ში, ........ის ქ. №..-ში, შ. რ–სის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ალკოჰოლით მთვრალმა, მამაზე განაწყენებულმა კ. რ–მ, ხელთ ნაქონი დანით თავში, მუცელსა და მარცხენა ლოყაზე მიაყენა დაზიანებები მამას - მ. რ–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 ივლისის განაჩენით კ. რ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის განაჩენით დადგენილი პირობთი მსჯავრი; ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის ნაწილი და კ. რ–ს საბოლოოდ მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5000 ლარი.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. რ–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულ კ. რ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ–მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო, მეორე მხრივ, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზვიად ჩხიკვაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და კ. რ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა კ. რ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა მ. რ–მ და მოწმე პ. რ–მ სასამართლოს არ მისცეს თავიანთი ახლო ნათესავის - კ. რ–ს მამხილებელი ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, თუმცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით შეაფასეს საქმეში წარმოდგენილი სხვა სამხილები, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა კ. რ–სის ბრალეულობა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების - შ. და ა. რ–ების ჩვენებებით, რომელთა სახლის აივანზეც დაესხა თავს კ. რ–სე თავის მამას და დანით მიაყენა ჭრილობები, ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ შემთხვევის საღამოს, მათთან სახლში მივიდა მეზობლად მცხოვრები მ. რ–მე, რომლის მონათხრობით, ნასვამ კ. რ–სთან ჰქონდა ოჯახური კონფლიქტი, რის გამოც, ვაჟიშვილის დამშვიდებამდე, სთხოვა მეზობლებს თავშესაფარი. მოწმეებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ აივანზე დაზარალებულის გასვლისთანავე, შემოესმათ მისი ყვირილი და დანახეს, ერთი მხრივ, აივანზე მყოფი დასისხლიანებული მ. რ–მე, ხოლო, მეორე მხრივ, კ. რ–სე, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიდიოდა, ასევე - აივანზე დაგდებული დანა; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შ. რ–ს საცხოვრებელი სახლის აივნიდან ამოღებულია დაზარალებულის სისხლის ლაქები და დანაშაულის იარაღი - დანა, რომლის პირზე აღმოჩენილია მ. რ–ს ბიოლოგიური მასალა; ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ დაზარალებულის ჯემპრს, გარდა ექსპლუატაციური წარმოშობისთვის დამახასიათებელ კვლებისა, ასევე აღენიშნებოდა ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით გამოწვეული დაზიანება, ხოლო სამედიცინო ექპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ მ. რ–ს თავზე, თხემის არეში აღენიშნებოდა ორი ღია ჭრილობა, ნაკვეთი კიდეებით; მარცხენა ლოყაზე ზედაპირული ჭრილობა - ნაკაწრი და მუცლის მარჯვენა, გვერდითა ზედაპირზე, მეზოგასტრიუმის დონეზე, ზედაპირული ჭრილობა, რომელთაგან ნაკვეთი ჭრილობები - თავზე, თხემის არესა და მუცლის მარჯვენა, გვერდითა ზედაპირზე, განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, რისი ერთობლივად მხედველობაში მიღებითაც, უტყუარად დადგენილია კ. რ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ დაზარალებულის ჩვენების არარსებობის პირობებში, შეუძლებელია მსჯავრად დადებული ძალადობრივი დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ელემენტის - ტკივილის განცდის ობიექტურად დადგენა, რადგან ბრალდების მხარე კ. რ–ს ედავებოდა და სასამართლომაც უტყუარად დაადგინა, რომ მის ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია - შემადგენლობა, რომელიც სავალდებულო ნიშნად არ ითვალისწინებს კასატორის მიერ სადავოდ მიჩნეულ ელემენტს. ამდენად, კ. რ–ს მსჯავრდება კანონიერია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლის ან გაქუმების რაიმე წინაპირობა.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ კ. რ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი