Facebook Twitter

საქმე # 120100122005952470

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1337აპ-22 ქ. თბილისი

ჩ–ი ს., 1337აპ-22 3 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და სარქის ჩახოიანის მიმართ სასჯელის გამკაცრებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რისი მხედველობაში მიღებითაც, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს; კასატორის მითითებით, სასამართლომ სარქის ჩახოიანისათვის სასჯელის შეფარდებისას არ გაითვალისწინა, რომ ჩადენილია განზრახ, ძალადობრივი დანაშაული, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელბის დაზიანება გამოიწვია; რომ არა სამართალდამცავების დროული ჩარევა, შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგი გამოკვეთილიყო; მსჯავრდებული არ შერიგებია დაზარალებულს, რომელსაც მის მიმართ აქვს პრეტენზია.

2. მსჯავრდებული სარქის ჩახოიანი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, მ. ო–ი საკასაციო შესაგებლით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 ივლისის განაჩენით სარქის ჩახოიანი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ჩ–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

4.1. 2022 წლის 22 მაისს, დღის მეორე ნახევარში, ა–ს რაიონის სოფელ წ–ში, საავტომობილო გზის მიმდებარედ, ს. ჩ–მა ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა. ს–ს, კერძოდ, ხელი ძლიერად დაარტყა ცხვირში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ცხვირის არეში მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და სარქის ჩახოიანის მიმართ სასჯელის გამკაცრებას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ს. ჩ–ს კანონიერი სასჯელი განუსაზღვრა, რომლის გამკაცრების აუცილებლობა, მოცემულ შემთხვევაში, არ არის გამოკვეთილი. საკასაციო საჩივარში კასატორის მიერ მითითებულ არგუმენტებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, აღნიშნავს, რომ განზრახ, ძალადობრივი ქმედების ჩადენა, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელბის დაზიანება გამოიწვია, მსჯავრად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებია და სასჯელის გამკაცრებას ვერ დაედება საფუძვლად, ხოლო, მეორე მხრივ, კვლავაც იმეორებს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს, წამახალისებელი ნორმებია, რაც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი