Facebook Twitter

საქმე # 080100122006073178

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1351აპ-22 ქ. თბილისი

გ–ე ზ., 1351აპ-22 3 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. გ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. გ–მ, რომელიც არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ითხოვს მის გადახედვას, რადგან მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ განაჩენის გამოტანისას არ გაითვალისწინა მისი საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. გ–ს ბრალად დაედო: გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შეუსრულებლობისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა; გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში არსებულ, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ზ. გ–მ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილის - საბა აფხაძის თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე - ნ. მ–ზე, კერძოდ, ხელით ძლიერად მოქაჩა თმა და მოუჭირა მკლავებზე. ასევე, სახეში ესროლა და მოარტყა ტელეფონის სამუხტის სადენი, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2022 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 21:00 სააათზე, წ–ს რაიონის სოფელ გ–ში არსებულ, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ზ. გ–მ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყვირილითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით აიძულა მეუღლე - ნ. მ–ი ამდგარიყო საწოლიდან და მოეძებნა მაგნიტოფონის სადენი.

2.3. 2022 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 21:00 სააათზე, წ–ს რაიონის სოფელ გ–ში არსებულ, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი ზ. გ–სე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს - ნ. მ–ს დაემუქრა მისი და მისი შვილის სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა, რომ მას მოკლავდა, ხოლო მის შვილს უცხო პირებს მოაკვლევინებდა, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ზ. გ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ზ. გ–სე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 აპრილის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ზ. გ–ს საბოლოოდ მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. გ–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, თუმცა უტყუარად ვერ დადგინდა ოჯახის წევრის მიმართ იძულებისა და მუქარის ფაქტები, ისევე, როგორც - მსჯავრად შერაცხული დანაშაულის გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. გ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჯ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ზ. გ–ს მიერ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს სრულყოფილად და ობიექტურად შეფასებული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: მოწმეების - ს. ა–ს, ო. ჩ–სა და გ. შ–ს გამოკითხვის ოქმებიდან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან, შემაკავებელი ორდერიდან და შემაკავებელი ორდერის ოქმიდან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნიდან (მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცბულებებიდან) და საქმეში არსებული სხვა სამხილებიდან, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ნ. მ–სმა სასამართლოს არ მისცა მსჯავრდებულის მამხილებელი ჩვენება და შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას ზ. გ–სის ბრალეულობის სარწმუნოდ დასადასტურებლად.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. გ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი