Facebook Twitter

საქმე # 140100115004391022

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე №136აპ-23 ქ. თბილისი

რ–ე ზ., 136აპ-23 20 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან ზ. რ–სის ბრალეულობა უტყუარად დადგენილია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულებისა და მოწმეების - დ. ბ–ს, ი. ჯ–ს, ა. ქ–ს, ჯ. ქ–ს, ა. მ–სა და გ. ჯ–ს ჩვენებებით, ასევე - ჯ. ქ–სა და კ. ი–ს დაპირისპირებს ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, გარდაცვლილის ამოღებული ტანსაცმლით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა სამხილებით.

2. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ზ. რ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე, უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება; მთვრალ მდგომარეობაში მყოფის, პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, როგორც თანაამსრულებელს ოთხი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ხულიგნური ქვენაგრძნობით, ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალი პირის სიცოცხლისათვის; მთვრალ მდგომარეობაში, პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, როგორც თანაამსრულებელს ოთხი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ხულიგნური ქვენაგრძნობით, ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალი პირის სიცოცხლისათვის; მთვრალ მდგომარეობაში, პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, როგორც თანაამსრულებელს განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობა, ე.ი. განზრახი მოქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს აშკარა უპატივცემლობას საზოგადოებისადმი, რომელიც თავისი შინაარსით გამოირჩევა უაღრესად დიდი ცინიზმითა და განსაკუთრებული თავხედობით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით; მთვრალ მდგომარეობაში, პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, როგორც თანაამსრულებელს საყოველთაოდ საშიში საშუალებით მოქალაქის პირადი ქონების განზრახ დაზიანება, რამაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რაც გამოიხატა შემდეგში:

3. ზ. რ–მ ძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ და სათანადო ნებართვის გარეშე შეიძინა ,,კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე უკანონოდ და სათანადო ნებართვის გარეშე ინახავდა და ატარებდა. 19.. წლის 8 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ზ. რ–ე სათანადო ნებართვის გარეშე უკანონოდ შეძენილი ,,კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლასასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით შეიარაღებული, კ. ი–სთან, ა. ა–თან, ლ. ა–თან და მ. ხ–თან ერთად, რომლებიც ასევე შეიარაღებულნი იყვნენ ავტომატური და ,,მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებითა და საბრძოლო ვაზნებით, ასევე ,,ფ-1“ ტიპის ერთი და ,,რგდ-2“ ტიპის ორი საბრძოლო ხელყუმბარით, რაც უკანონოდ და სათანადო ნებართვის გარეშე ჰქონდათ შეძენილი, შენახული და ასევე - უკანონოდ და სათანადო ნებართვის გარეშე ატარებდნენ. მთვრალი ლ. ა–ს კუთვნილი ,,ვაზ-2107“ მარკის ავტომანქანით მივიდნენ ქ.გ–ში, ჭ–ს ქუჩაზე, ........... სახელობის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იყვნენ მათი ნაცნობები: მ. ჯ–ე, გ. ჯ–ე, ა. მ–ე და ჯ. ქ–ი, რომლებთანაც გააჩერეს ავტომანქანა. ავტომანქანიდან გადმოვიდნენ კ. ი–ე და მ. ხ–ი და რამდენიმე წუთით გაესაუბრნენ ადგილზე მყოფებს, რის შემდეგაც ისევ ჩასხდნენ ავტომანქანაში და სხვებთან ერთად ჭ–ს ქუჩით წავიდნენ გ–ს აგრარული ბაზრის მიმართულებით. ზ. რ–მ, კ. ი–მ, ა. ა–მა, ლ. ა–მა და მ. ხ–მა ხულიგნური ქვენაგრძნობით განიზრახეს მ. ჯ–ს, გ. ჯ–ს, ა. მ–სა და ჯ. ქ–ს განზრახ მკვლელობა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ზ. რ–მ და კ. ი–მ ,,კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან დაუწყეს სროლა მ. ჯ–ს, გ. ჯ–ს, ა. მ–სა და ჯ. ქ–ს, რითაც ასევე -საფრთხე შეუქმნეს მრავალი პირის სიცოცხლეს, რის შემდეგაც ავტომანქანა მოაბრუნეს და გააჩერეს ნ. ბ–ს ძეგლთან ახლოს. ავტომანქანაში მყოფი ყველა პირი გარეთ გადმოვიდა. ზ. რ–ე და კ. ი–ე შეიარაღებული იყვნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით, ხოლო ლ. ა–ი, ა. ა–ი და მ. ხ–ი - პისტოლეტებითა და ხელყუმბარებით. ყველა მათგანმა მათ ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა მ. ჯ–ს, გ. ჯ–ს, ა. მ–სა და ჯ. ქ–ს მიმართულებით მათი განზრახ მოკვლის მიზნით. ამავე დროს ისროლეს ხელყუმბარები, რომელთაგან ორი აფეთქდა, ხოლო ერთი ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან. სროლის დროს ქუჩაში მოძრაობდნენ მოქალაქეები: ა. ქ–ე, ჯ. ა–ი, კ. ბ–ი, ი. ჯ–ე და სხვები, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა და მათ გაქცევით უშველეს თავს. სროლის დროს გ. ჯ–ეე, ა. მ–ე და ჯ. ქ–ი ამოეფარნენ ხეებს, ხოლო მ. ჯ–მ ვერ მოასწრო დამალვა და მიიღო სამი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, აქედან ერთი გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანებითა და შინაგანი სისხლდენით, რამაც განაპირობა ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა. ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზემოაღნიშნული დაზიანება მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, რასაც უშუალოდ მოჰყვა სიკვდილი. კ. ი–მ, ა. ა–მა, ლ. ა–მა და მ. ხ–მა მ. ჯ–ს განზრახ მკვლელობასთან ერთად გ. ჯ–ეის, ა. მ–სა და ჯ. ქ–ის მკვლელობის განზრახვა ვერ მოიყვანეს სისრულეში მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვინაიდან ისინი დაიმალნენ.

თავისი ქმედებებით ზ. რ–მ თანაამსრულებლებთან: ა. ა–თან, მ. ხ–თან, ლ. ა–თან და კობა იოსებიძესთან ერთად უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, გამოხატა აშკარა უპატივცემლობა საზოგადოებისადმი, რომელიც თავისი შინაარსით გამოირჩეოდა უაღრესად დიდი ცინიზმითა და განსაკუთრებული თავხედობით, რა დროსაც გამოიყენა ,,კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. მისი ხულიგნური ქმედება გაგრძელდა დაახლოებით 5 წუთს, რის შედეგადაც ქუჩაში შეწყდა მოძრაობა, შეშინებული მოქალაქეები გაიქცნენ და მიიმალნენ.

ზ. რ–ს მიერ მ. ჯ–სის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და გ. ჯ–ეის, ა. მ–ეისა და ჯ. ქ–ის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაზიანდა მ. ჯ–სის კუთვნილი ,,ვაზ 2107“ მარკის ავტომანქანა. ზარალის ოდენობამ შეადგინა - 252 ლარი და 15 თეთრი.

4 ზ. რ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის მოქმედი რედაქცია) 238-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით; ამავე კოდექსის 17,104-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტებით; ამავე კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით; ამავე კოდექსის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

5. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენით ზ. რ–სე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის მოქმედი რედაქცია) 238-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით; ამავე კოდექსის 17,104-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტებით; ამავე კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით; ამავე კოდექსის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

6. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 132-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 496-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო ან დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ამასთან - გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა ზ. რ–სის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

12. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან: მოწმეების - ვ. თ–ს, გ. გ–სა და ნ. ჯ–ს ჩვენებები, რომლებიც არ შესწრებიან იმ ქმედებებს, რომელთა ჩადენასაც ბრალდების მხარე ედავებოდა ზ. რ–სეს, მისი ბრალეულობის საკითხის გამოსარკვევად ვერ გამოდგება, ხოლო მოწმე კ. ბ–ს ჩვენება, საბრალდებო დასკვნაში მითითებულ კონკრეტულ ბრალდებებთან მიმართებით - არაფრისმთქმელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ იგი შეესწრო შეიარაღებულ თავდასხმას და დაინახა, როგორ დაიჭრა მ. ჯ–სე, ინციდენტის მონაწილეთაგან მას არავინ ამოუცნია; დაზარალებულმა ინალი ჯალაბაძემ დაადასტურა, რომ შემთხვევის დროს ავტომანქანიდან ცეცხლი გახსნეს მ. ხ–მა და კ. ი–მ, თუმცა იჯდა თუ არა მანქანაში კიდევ ვინმე, არ დაუნახავს, რადგან უკანა მინები იყო დაბურული. მოგვიანებით გაიგო, რომ მანქანაში ასევე იჯდა ზ. რ–სე, მაგრამ მას მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონია; რაც შეეხება გარდაცვლილი დაზარალებულების - ჯ. ქ–სა და ა. მ–ს გამოქვეყნებულ ჩვენებებს, საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს არგუმენტირებულ მსჯელობას, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, შეაფასა ჯვარედინი დაკითხვით გადაუმოწმებელი ჩვენებები და მართებულად მიიჩნია, რომ ჯ. ქ–სა და ა. მ–ს მიერ გამოძიების დროს, დაკითხვებისას მიცემული მამხილებელი განმარტებები იყო ზ. რ–ს მსჯავრდებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მტკიცებულებები, რომლებიც არ დადასტურებულა სასამართლოში წარმოდგენილი სხვა არცერთი სამხილით, რისი მხედველობაში მიღებითაც, გარდაცვლილი დაზარალებულების მიერ გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რომლებიც, თავის მხრივ, შეიცავს ურთიერთგამომრიცხველ გარემოებებს, რადგან ბოლოს მიცემული განმარტებებით მათ საერთოდ უარყვეს ზ. რ–სის ბრალეულობა, ვერ ქმნის უტყუარ და საკმარის ერთობლიობას ზ. რ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი